არჩილ გორდულაძე – „ნაცკლასტერში“ გაერთიანებული ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ
„ნაცკლასტერში“ გაერთიანებული ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ და ერთმანეთის მიმართ პიროვნული ზიზღი აქვთ, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ – დავალებების მიღება და ამ დავალებების შესრულებაზე, როგორც თითის დატკაცუნებაზე, ისე მოქმედება,“ – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ადამიანები ერთიანდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ დავალება შეასრულონ, რეალურად კი, ერთმანეთის მიმართ აქვთ ზიზღი.
„ახლა ვხედავთ, რომ ერთმანეთში შუღლი ისევ გამოვიდა სააშკარაოზე, მაგრამ როდესაც კონკრეტული მიმართულებით დავალება მოვა, რომ რაღაც უნდა შესრულდეს და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესების, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ისევ ვნახავთ, რომ მზე და მთვარე ამოუვათ გუბაზ სანიკიძეს და სალომე ზურაბიშვილს ერთმანეთის მიმართ, როგორც ეს ალეკო ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძესთან მიმართებით მოხდა. ადამიანები ერთმანეთს ლანძღავდნენ, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და შემდეგ ერთმანეთს ძმობა შეფიცეს. ეს ადამიანები ერთიანდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ დავალება შეასრულონ, რეალურად, ერთმანეთის მიმართ აქვთ ზიზღი, რომელიც ხანდახან გამოჩნდება ხოლმე სააშკარაოზე“, – განაცხადა გორდულაძემ.