ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი ოტავას კონვენციიდან გასვლას გეგმავენ
ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი, ოტავას კონვენციიდან გასვლას გეგმავენ. ოთხივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ისინი კონვენციიდან გამოსვლას მხარს ერთსულოვნად უჭერენ.
მინისტრებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ოტავას კონვენციის რატიფიკაციის შემდეგ, რეგიონის უსაფრთხოების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, ხოლო რუსეთსა და ბელარუსის მოსაზღვრე NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის სამხედრო საფრთხეები საგრძნობლად გაიზარდა.
“ამ გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ – ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრები ერთსულოვნად ვუჭერთ მხარს ოტავას კონვენციიდან გამოსვლას. ეს გადაწყვეტილება მკაფიო გზავნილია, რომ ჩვენი ქვეყნები საკუთარი ტერიტორიებისა და თავისუფლების დასაცავად ყველა აუცილებელი ზომის მისაღებად მზად არიან” – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ მიუხედავად იარაღის კონტროლის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლისა, მათი ქვეყნები საერთაშორისო-ჰუმანიტარული სამართლის ერთგულნი დარჩებიან, მათ შორის, დაიცავენ სამოქალაქო პირებს შეიარაღებული კონფლიქტის დროს.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ოტავას კონვენციის მომხრეა, ხოლო ჩინეთი, რუსეთი, აშშ, ინდოეთი და პაკისტანი მას არ შეუერთდნენ.