თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 წლის გიორგი ახალაიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ, ლუკა შენგელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების თაობაზე.
“თვითმხილველებმა დაინახეს, თუ როგორ დაარტყა ლუკა შენგელიამ გიორგი ახალაიას დანა…
ბრალდებულმა გამოავლინა უკიდურესად დაუნდობელი, აგრესიული ხასიათი, როდესაც ჭრილობა მიაყენა მუცლის არეში გარდაცვლილს. ეს მიანიშნებს შემდეგს – საშიშროებაა იმისა, რომ გაგრძელდება მისი დანაშაულებრივი საქმიანობა. ამის აღსაკვეთად კი საჭიროა მისი უპირობო იზოლაცია- პატიმრობა” , – განაცხადა პროკურორმა, გრიგოლ ბიბილაშვილმა.
“ის თავად გამოცხადდა პოლიციაში, დაუკავშირდა ისნის პოლიციის უფროსს და თავად ჩაბარდა პოლიციას. ის აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. ამბობს, რომ კონფლიქტი მას არ დაუწყია. ის ზრდის თავის ორ მცირეწლოვან ძმას, შესაბამისად დადებითად ხასიათდება ეს ადამიანი. ემზადებოდა მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად, მაგრამ სამწუხაროდ, ამაში ამოყო თავი”, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ.
შეგახსენებთ, მკვლელობა თბილისში 15 მარტს მოხდა.
ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 21 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დანაშაულში ბრალდებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.