შემეცნებითი პროგრამის – „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ პირველი საჯარო ლექცია-კონცერტი გაიმართება

21 ოქტომბერს, 16:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ პირველი საჯარო ლექცია-კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, პირველ ლექცია-კონცერტს თბილისის კონსერვატორიის პროფესორი ნინო ჟვანია წარუძღვება, რომელიც მსმენელს მოუთხრობს, თუ როგორ შეიქმნა კლასიკური მუსიკა. წარმოდგენილი იქნება კლასიკური მუსიკის ნიმუშები ახალგაზრდა მუსიკოსების შესრულებით და გამოყენებული იქნება აუდიო-ვიდეო მასალა.
ცნობისთვის: პიანისტი ნინო ჟვანია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორია. 2010 და 2014 წლებში იმყოფებოდა ბოსტონის ნიუ-ინგლენდის კონსერვატორიასა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის სტატუსით.
კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამა “მე მიყვარს კლასიკური მუსიკა” კონსერვატორიის დიდი დარბაზის ინიციატივაა და განკუთვნილია ბავშვებისთვის და არა მარტო მათთვის.
2016/2017 წლის სეზონზე პროგრამის ფარგლებში ჩატარდება 10 ერთსაათიანი საჯარო ლექცია-კონცერტების მეორე სერია, რომელიც მოიცავს კლასიკური მუსიკის სხვადასხვა ეპოქას, რომელიც, თავის მხრივ, სხვადასხვა ჟანრს, სტილს და კომპოზიტორს გააერთიანებს.
თითოეულ კონცერტს გაუძღვებიან ახალგაზრდა პროფესიონალი მუსიკოსები და ხელოვანები კოკა ნიკოლაძე, ნინო ჟვანია და მირიან ხუხუნაიშვილი.
კონცერტები თვეში ერთხელ, 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება.
კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის 2016/2017 აკადემიური წლის სეზონის ათივე კონცერტზე დასასწრებად მოქმედებს სპეციალური აბონემენტი, ასევე კონკრეტულ კონცერტზე მოსახვედრად შესაძლებელია ერთჯერადი ბილეთის შეძენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები