პაატა ბურჭულაძე: ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას და ჩვენი კარი ღიაა ყველა პროდასავლური ძალისთვის

„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ბლოკში შემავალი სუბიექტები გააგრძელებენ არჩევნების პერიოდამდე ბლოკის სტატუსით ბრძოლას, ხოლო არჩევნების შემდეგ – მჭიდრო თანამშრომლობას.
როგორც ბურჭულაძემ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, მათი კარი ყველა პროდასავლური ძალისთვის ღიაა.
„ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას. ჩვენი კარი ღიაა ყველა პროდასავლური ძალისთვის. ერთ თვეს ვიღებთ ვადას რეორგანიზაციისთვის პარტიებში და შემდეგ უფრო ძლიერად შევუდგებით ბრძოლას ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
გიორგი ვაშაძის თქმით კი, ამ ეტაპზე პარტიებს სჭირდებათ შიდაპარტიული რეორგანიზაციისთვის დრო, რის შემდეგაც საჯარო გახდება სამოქმედო გეგმა.
ასევე ვაშაძის თქმით, დაიწყება პროდასავლურ ძალებთან აქტიური მოლაპარაკებები.
„არჩევნები არ დასრულებულა და ბლოკი არჩევნების დასრულებამდე დარჩება. მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას ვაგრძელებთ და გახსნილები ვართ სხვა პროდასავლური ძალებისთვის. გვჭირდება დრო შიდაპარტიული რეორგანიზაციისთვის, რის შემდეგაც საბოლოო სამოქმედო გეგმას გავასაჯაროებთ. ამ დრომდე სხვა პოლიტიკურ ძალებთან არ გვქონია თანამშრომლობაზე საუბარი და შეგვიძლია ამის შემდეგ გავმართოთ დისკუსიები, თუმცა ვიცი, რომ არ ვითანამშრომლებთ პრორუსულ ძალებთან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები