ფესტივალი „საჩუქარი“ 15 ოქტომბერს დაიწყება

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „საჩუქარის” გახსნასთან დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართა.
ფესტივალის პროგრამა, გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დამსწრე საზოგადოებას და მედიას თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ქეთი დოლიძესთან ერთად წარუდგინა. 3
პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ფესტივალის დამფუძნებელი ქეთი დოლიძე, ასევე, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე შტეფანო კრეშენცი; გოეთეს ინსტიტუტის დირქტორი შტეფან ვაკვიცი და სხვები დაესწრნენ.
ერთი თვის განმავლობაში, თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ მსოფლიოს სახელოვნებო შედევრებს გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, ამერიკიდან. ქართულ თეატრალურ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ევა იერბაბუენას, დიმიტრი კრიმოვის, რიმას ტუმინასის, სერენა სინიგალიას, მიკელე პანელას საუკეთესო დადგმები.
„თბილისის მერია ტრადიციულად მხარს უჭერს ხელოვნების ფესტივალს, ვინაიდან ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი თავისი შინაარსით. ერთი მხრივ, ყოველწლიურად განახლებული პროგრამით და მეორე მხრივ, ჩვენ ძალიან ბევრი სტუმარი, ვიზიტორი გვსტუმრობს ამ პერიოდში, შესაბამისად, ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი თვალსაზრისით საინტერესოა „საჩუქარი “და სწორედ ამიტომაც, წელს მე-15 ფესტივალს, რომელიც საიუბილეოა, ჩვენ კვლავ დიდი სიამოვნებით ვუჭერთ მხარს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.14681090_1104231759625823_1883577163023786246_o
თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ, თავის მხრივ, თბილისის მერს მადლობა გადაუხადა ფესტივალის ტრადიციული მხარდაჭერისათვის და იქვე დასძინა, რომ „ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქარს“ ბოლოსდაბოლოს ნამდვილი პატრონი უნდა გამოუჩნდეს. ეს ფესტივალი იმსახურებს, რომ გახდეს სსიპი… თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სსიპ-ია და საერთოდ არ აქვს პრობლემა, რადგან თავისი თავისი ბიუჯეტი აქვს“.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა წარმატება უსურვა ფესტივალს და ასევე ის, რომ „ფესტივალის მესვეურთა, ასე ვთქვათ, სურვილები მომავალში ნამდვილად ხელშეწყობილი იქნას“…
აღსანიშნავია, რომ წლეულს ფესტივალს დაემატა ახალი პროგრამა – „ფოკუსშია იტალია“. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო სივრცე თემო გოცაძისა და მანანა მენაბდის პერსონალურ გამოფენებს უმასპინძლებს. 14711575_1104231616292504_8618904027940965545_o
ფესტივალი „საჩუქარი“ 15 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება. „საჩუქარი“ წელს მეთხუთმეტე იუბილეს ზეიმობს. ფესტივალს თემო გოცაძის პერსონალური გამოფენა გახსნის, რის შემდეგაც 20:00 საათზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ევა იერბაბუენა მაყურებლის წინაშე წარმოდგენით „წვიმა“ წარდგება. სპექტაკლის დასრულებისთანავე, ტრადიციულად გაიმართება მიხეილ თუმანიშვილის პრემიით დაჯილდოება – „ხელოვნებაში სრულყოფილებისათვის“.
წელს ამ ჯილდოს 4 ლაურეატი ეყოლება: მხატვარი თემო გოცაძე, დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი, შოტლანდიელი თეატრის კრიტიკოსი და პოლიტიკური მიმომხილველი ჯოის მაკმილანი, ფლამენკოს ვარსკვლავი ესპანეთიდან – ევა იერბაბუენა.
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები