ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  ბორის აკუნინთან (გრიგოლ ჩხარტიშვილი) შეხვედრა გაიმართება

18 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში გაიმართება მწერალ ბორის აკუნინის (გრიგოლ ჩხარტიშვილი) შეხვედრა მკითხველთან. შეხვედრა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით ტარდება და ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
როგროც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი სალომე მაღლაკელიძე. შეხვედრის მოდერატორია – ლონდონში მოღვაწე ლიტერატურის კრიტიკოსი და კულტურის ჟურნალისტი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორი მაია ჯაგი.
გრიგოლ ჩხარტიშვილის (ბორის აკუნინი) მოხსენების შემდეგ  გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია.
ცნობისათვის: გრიგოლ ჩხარტიშვილი დღეისათვის ყველაზე პოპულარული ქართული წარმოშობის რუსი მწერალი და, ამასთანავე, ლიტერატურათმცოდნე, იაპონისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწეა.
გრიგოლ ჩხარტიშვილი, რომელიც ბორის აკუნინის ფსევდონიმითაა ცნობილი, 1956 წელს საქართველოში, ზესტაფონში, დაიბადა. მისი ოჯახი მალევე გადავიდა საცხოვრებლად მოსკოვში, სადაც მწერალი გაიზარდა. სწავლობდა რუსეთში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, აქვს ისტორიკოს-იაპონიისმცოდნის დიპლომი. არის მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელი ინგლისური და იაპონური ენებიდან. გამოქვეყნებული აქვს როგორც ესეისტიკა („მწერალი და თვითმკვლელობა“ 1999), ისე ისტორიული ჟანრის ნაწარმოებები („რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“, 2013-იდან დღემდე). პირველი მხატვრული ნაწარმოები ბორის აკუნინის სახელით 1998 წელს გამოაქვეყნა. განსაკუთრებული პოპულარობა მწერალს მოუტანა ისტორიულ-დეტექტიური რომანების სერიამ ერასტ ფანდორინზე. მისი რომანები თარგმნილია მრავალ ენაზე და მრავალჯერაა ეკრანიზებული. 2014 წლიდან მოყოლებული, გრიგორი ჩხარტიშვილი ემიგრანტია, ცხოვრობს საფრანგეთში. მწერალთან შეხვედრა გაიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.
მაია ჯაგი მრავალი ჯილდოს მფლობელი ლიტერატურის კრიტიკოსი და კულტურის ჟურნალისტია. მას განათლება მიღებული აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტსა და ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. მისი ავტორობით სტატიები ქვეყნდება Financial Times-სა და the Guardian-ში. ინტერვიუ აქვს ჩაწერილი ლიტერატურის სფეროს 12 ნობელიანტისგან და არის მრავალი ლიტერატურული კონკურსის (მაგ.: Dublin Impac Prize, Man Asian Literary Prize in Hong Kong) ჟიურის წევრი / თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები