გამოფენა „სამხრეთ-დასავლეთ ესტონური ანარქიზმის თავისებურებანი“ გაიმართება

15 ოქტომბერს, 18 საათზე,  Contemporary Art Space, Batumi-ში გამოფენა „სამხრეთ-დასავლეთ ესტონური ანარქიზმის თავისებურებანი“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილია ესტონეთის პარნუს (სამხრეთ ესტონეთი) სკოლის თანამედროვე ხელოვნება. ის მოგვითხრობს, თუ როგორ ჩამოყალიბდა ესტონეთში თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება “სამხრეთ-დასავლეთ ესტონური ანარქიზმის“ სახელით, 90-ან წლებში.
“სამხრეთ-დასავლეთ ესტონური ანარქიზმი“ არაოფიციალური ტერმინია, რომელიც ხელოვნებათმცოდნემ და კურატორმა ეჰა კომისაროვმა დაამკვიდრა.
პარნუს მიმდინარეობა რამდენიმე თანამედროვე ხელოვანმა ჩამოაყალიბა, მათ განსხვავებული შემოქმედებითი შეხედულებები და მიდგომები ჰქონდათ და ერთად პარნუს თანამედროვე ხელოვნების გარემო შექმნეს. მათი უმეტესობა პოპულარულია ესტონეთის სხვა მხარეებსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. მათ არაერთ ახალგაზრდა ხელოვანზე მოახდინეს გავლენა.
ერთი შეხედვით, თითქოს, რთულია საერთო ხაზის გამოკვეთა პარნუს სკოლის მიმდევრებში, თუმცა მათ პერფორმანსისადმი ერთიანი მიდგომა აერთიანებთ, მათთვის პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დასახული საბოლოო მიზანი. პერფორმანსი ხშირად მათი ნამუშევრის თემასაც წარმოადგენს და სხვადასხვა მედიაშია ასახული, როგორც ვიდეოარტი, ფერწერა, ბეჭდური ხელოვნება, ინსტალაცია, ქანდაკება და ფოტოგრაფია.
გამოფენაში მონაწილე ხელოვანები არიან: სირამი, ენდრუს იონასი, სორჯი, ბილენივი და რუბენსი, ტანელ საარი და არტკონტეინერი, რაუნო ტედერი, ვილი კარელ ვირელეიდი და კნოპტი, ცირკი არტ თეატრი “ცხელკისრიანი ჟირაფი”, კარელ კიუტასი, ჯანო ბერგმანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები