ოთარ კახიძე: ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების” კანდიდატს

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე, რომელიც არჩევნებში დამარცხდა, თერჯოლა-ტყიბულის ოლქში, ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობას უხდის.

როგორც ოთარ კახიძე აცხადებს, თერჯოლა-ტყიბულის ოლქში კონკურენტებს შორის ჯენტლმენური კამპანია წარიმართა. მისივე თქმით, წინასაარჩევნო პროცესი პოზიტიურ, მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.

კახიძის ინფორმაციით, კენჭისყრის დღემ მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. „როგორც იცით, ვმონაწილეობდი მაჟორიტარულ არჩევნებში თერჯოლა-ტყიბულის ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. მოკლედ მინდა შევაჯამო არჩევნების მიმდინარეობა და შედეგი. პირველ რიგში, უღრმეს მადლობას ვუხდი თერჯოლა-ტყიბულში ჩვენს ამომრჩევლებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს. 9286 მოქალაქე (30.66%) მოვიდა და ნდობა გამომიცხადა. ეს ჩემთვის პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა.

მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩემს შტაბებს თერჯოლასა და ტყიბულში. ჩვენ ერთად დავდეთ შესაძლებლობის მაქსიმუმი. მოვიარეთ ყველა თემი, უბანი და კორპუსი, ამომრჩევლებს გავაცანით ჩვენი გეგმა, ხედვა, მოსაზრებები.

ჩვენი შტაბის წევრები არიან – ჭკვიანი, მშრომელი, წესიერი და ქვეყნისთვის მართლა გულანთებული ადამიანები. მათი სახით, შევიძინე ახალი სამეგობრო, რომელთან ურთიერთობაც ცხოვრების ბოლომდე გამყვება.

ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემს ოლქში წინასაარჩევნო პროცესმა ჩაიარა პოზიტიურ, მშვიდ და კონკურენტულ გარემოში. ძირითად ოპონენტებს ერთმანეთზე ცუდი არ დაგვცდენია და ვაწარმოეთ ჯენტლმენური კამპანია.

კენჭისყრის დღემ მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ კანდიდატს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს თერჯოლისა და ტყიბულის ინტერესები ხელისუფლებაში.

ამ ორ რაიონში არსებული მძიმე სოციალური ფონისა და პრობლემების გათვალისწინებით, ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ყველა კეთილ საქმეში მინდა მას წარმატება ვუსურვო. და ბოლოს – ცხოვრება და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება, ყველაფერი წინ არის.“ – წერს ოთარ კახიძე. შეგახსენებთ, რომ ოთარ კახიძე „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატთან ელგუჯა გოცირიძესთან დამარცხდა, რომელმაც ხმების 50, 03 პროცენტი დააგროვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები