ბოლნისში, ხარაგაულში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტესა და ახალციხეში სავარაუდოდ, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ხუთი თვითმმართველი ერთეულიდან, სავარაუდოდ სამში გამგებლებს არჩევნების მეორე ტურზე აირჩევენ. მეორე ტური ჩატარდება ასევე ახალციხეშიც, სადაც ქალაქის მერს ირჩევენ.
 
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბოლნისში, გამგებლის პოსტზე ”ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი კანდიდატი დავით შერაზადაშვილი ხმათა 48.69%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ტრისტან ბერიძე, 30.72%-იანი შედეგით.
 
ხარაგაულში პირველ ადგილზეა ”ქართული ოცნების” კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე, რომელმაც ხმების 49.87% მიიღო. მას ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი თამაზ ლომიძე მოჰყვება – ხმების 23.18%-ით.
 
ზუგდიდის რაიონში ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ბესიკ გაბელია ლიდერობს, რომელმაც ხმების 45.28% მიიღო. ”ქართული ოცნების” კანდიდატს ლაშა გოგოხიას ხმების 43.35% აქვს მიღებული.
 
ჭიათურაში ”ქართული ოცნების” კანდიდატმა ზურაბ კუპატაძემ გაიმარჯვა. მან ხმათა 51%-ით საარჩევნო ბარიერი გადალახა.
 
გამგებლის არჩევნები მოიგო ასევე ”ქართული ოცნების” კანდიდატმა ბესიკ ფარცხვანიამ წალენჯიხაში, რომელმაც ხმების 58.74% მიიღო.
 
რაც შეეხება ახალციხეში გამართულ მერის რიგგარეშე არჩევნებს, ცესკოს ინფორმაციით, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი ერეკლიშვილი ლიდერობს. მას მხარი ამომრჩეველთა 45.98 %-მა დაუჭირა. 36.99%-იანი მხარდაჭერა აქვს ”ქართული ოცნების“ კანდიდატს ვლადიმერ ზედგინიძეს.
 
8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ახალციხეში – მერის, ხოლო ბოლნისის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში გამგებლების არჩევნები ჩატარდა.
საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა თბილისის (კრწანისი, ისანი, გლდანი), წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ქალაქ ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში.
 
მერებისა და გამგებლების არჩევა 50%-იანი ბარიერის პირობებში ხდება, ხოლო საკრებულოს მაჟორიტარად არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც სხვაზე მეტ ხმას მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები