პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, ისეთივე აქტიურობა და ინტერესი გამოავლინონ არჩევნების მეორე ტურის მიმართ, როგორც ეს იყო 8 ოქტომბერს.
როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, იკვეთება, რომ მეორე ტური რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება.
“მოგიწოდებთ აქტიური იყოთ მეორე ტურშიც, ამომრჩეველმა აჩვენოს აქტიური ინტერესი და ჩართულობა, როგორც ეს აჩვენა 8 ოქტომბერს. ეს არჩევნები შეფასდება როგორც 8 ოქტომბრით, ასევე 8 ოქტომბრის ექსცესებსა და ინციდენტებზე რეაგირებით, ასევე იმით, როგორ მივალთ არჩევნების მეორე ტურამდე და როგორ ჩავატარებთ მას. წინასწარი მონაცემებით, მოლოდინი არსებობს, რომ არაერთ ოლქში მეორე ტური ჩატარდება. შესაბამისად, ყველას კიდევ ერთხელ გთხოვთ, აქტიური იყოთ მეორე ტურზეც. ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ აჩვენოს აქტიურობა. მოვუწოდებ შესაბამის სტრუქტურებს, განსაკუთრებით ხმების დათვლის პროცესის დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე მოახდინონ პრინციპული რეაგირება,”- აცხადებს პრეზიდენტი.
მისივე თქმით, 2016 წლის არჩევნები საქართველოს ისტორიაში უნდა შევიდეს, როგორც ერთ-ერთი მაღალი ხარისხითა და სტანდარტით ჩატარებული არჩევნები.
“ყველამ ერთად, არ დავიშუროთ ძალისხმევა, რომ 2016 წლის არჩევნები საქართველოს ისტორიაში შევიდეს, როგორც ერთ-ერთი მაღალი ხარისხითა და სტანდარტით ჩატარებული არჩევნები,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.