Euobserver: არჩევნები საქართველოში, როგორც პროდასავლური პოზიციის სიმტკიცის გამოცდა


ცნობილი ევროპული გამოცემა EU Observer საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს  მიმოიხილავს და წერს, რომ  „ქართული ოცნება“ დღესაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს  უფლებათა დაცვის საკითხს.  განხორციელდა მართლმსაჯულების სფეროსა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები, საფუძვლიანად შეიცვალა სასჯელაღსრულების სისტემა, აღმოიფხვრა პატიმართა მიმართ ძალადობა, რაც განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევდა მოსახლეობის დიდ ნაწილში.

 

სტატიის ავტორები მთავარ ოპოზიციურ ძალად „ნაციონალურ მოძრაობას“ მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის  აჩრდილი მძიმე ტვირთად აწევს პარტიას.

 

თბილისის ცენტრში, ოპოზიციონერი დეპუტატის მანქანის აფეთქებამ და მისი მკვლელობის მცდელობამ 2012 წლის არჩევნების შემდგომ დამყარებული პოლიტიკური სიმშვიდე შეარყია. ამ არჩევნების შედეგად, ქვეყნის სათავეში მიხეილ სააკაშვილის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მშვიდობიანი გზით ჩაანაცვლა ბიძინა ივანიშვილის ,,ქართულმა ოცნებამ”, რაც იშვიათობას წარმოადგენს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ინციდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შეაფასა, როგორც არა მხოლოდ დივერსია სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ როგორც „არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობის მიზნით საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია“.
ეს არჩევნები იქნება საქართველოში დემოკრატიის სიჯანსაღის სერიოზული გამოცდა, რომელზეც დაფიქსირდება საზოგადოებრივი აზრი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, საგარეო პოლიტიკის ჩათვლით.
2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს ლიდერებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქცა პრიორიტეტად, რომელიც, მათი რწმენით,  ქვეყნის უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრიობის ერთადერთი გარანტია. ბოლო ოთხი წლის მანძილზე ,,ქართულ ოცნებასა” და ,,ნაციონალურ მოძრაობას” შორის არსებობს კონსენსუსი ამ საკითხზე. ამ მისწრაფებებს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოებაც, რამაც ხელი შეუწყო მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესს.
საქართველომ მნიშვნელოვნად განამტკიცა კავშირები, როგორც ნატოსთან, ისე ევროკავშირთან, თუმცა მას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, რათა კვლავაც იყოს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
ავღანეთში ნატოს ოპერაციებში მონაწილე მებრძოლთა რაოდენობის მიხედვით, საქართველო მესამე ადგილზეა. გარდა ამისა, ქართველი მებრძოლები სხვა მისიებშიც მონაწილეობენ. მართლაც, საერთაშორისო ოპერაციებში საქართველომ უფრო დიდი წვლილი შეიტანა, ვიდრე ბევრმა ნატოს წევრმა სახელმწიფომ. მიუხედავად ამისა, მართალია, ქვეყანას, სავარაუდოდ, მართლაც სჭირდება ნატო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ალიანსის ბევრი წევრი არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატოს რაიმე სარგებელს მოუტანს.
საქართველო არის ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ლიდერი, რომელიც ახორციელებს ასოცირების ხელშეკრულებას (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით).
გარდა ამისა, საქართველომ შეასრულა ვიზების ლიბერალიზაციისთვის აუცილებელი ყველა მოთხოვნა, რომელიც დღემდე არ დამტკიცებულა გაუთავებელი გადავადების მიზეზით, რაც კითხვის ქვეშ აყენებს ევროკავშირის სანდოობას და მის ერთგულებას „მეტი მეტისთვის“ პრინციპისადმი. მაშინ, როცა საქართველო სულ უფრო უახლოვდება ევროკავშირს, თავად ევროკავშირი ღრმა კრიზისშია და მისი ბევრი წევრი სახელმწიფოს ლიდერები სულ უფრო იხრებიან პოპულიზმისკენ ევროპის მთელ ტერიტორიაზე უკიდურესი მემარჯვენე ჯგუფების აღზევების საპასუხოდ.
საქართველო არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე ამ სავალალო მდგომარეობის უარყოფითი გავლენის კარგი მაგალითი.
ამავე დროს, რუსეთი ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა განიმტკიცოს პოზიციები საქართველოში ისეთი ინსტრუმენტების მეშვეობით, როგორიცაა ჰიბრიდული ომი და ე.წ. რბილი ძალა, რუსეთის, როგორც ქრისტიანულ-კონსერვატიული ღირებულებების უკანასკნელი ზღუდის შესახებ ნარატივის ჩათვლით. სასურველია, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის დამყარდეს კარგი ურთიერთობები, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე დღესაც არ შემცირებულა. მიუხედავად ამისა, მავანნი საქართველოში უკვე აკეთებენ დასკვნებს, რომ დასავლეთის მხრიდან, ერთი შეხედვით, ამბივალენტური დამოკიდებულების გათვალისწინებით, უმჯობესია რუსეთის მოთხოვნებზე დათანხმება, რათა თავიდან იყოს აცილებული კიდევ ერთი კონფრონტაცია მოსკოვთან.

ნატომ და ევროპამ არ უნდა უმტყუნონ საქართველოს

 

ნატომ და ევროპამ არ უნდა უმტყუნონ საქართველოს, რომელიც წარმოადგენს მეტ-ნაკლები სტაბილურობის ოაზისს განსაკუთრებით არაპროგნოზირებად რეგიონში. ნატომ უნდა აჩვენოს, რომ რუსეთს არ აქვს მის გაფართოებაზე ვეტოს დადების უფლება, ხოლო ევროკავშირმა უნდა ცხადყოს, რომ ყოვლისმომცველი კრიზისის მიუხედავად, მას შეუძლია საქართველოსთვის იმავე ხარისხის ერთგულების შეთავაზება, რომლითაც გამოირჩევა ქვეყანაში დემოკრატიისა და ეფექტიანი მმართველობის განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯები.

მართალია, დღეს ევროპა ვერ შესთავაზებს საქართველოს წევრობის პერსპექტივას, მაგრამ მან მანამდე მიცემული დაპირება მაინც უნდა შეასრულოს, იგულისხმება, პირველ რიგში, ვიზების ლიბერალიზაცია. რაც შეეხება დანარჩენს, საქართველომ უნდა გამოიჩინოს მოთმინება, ძალ-ღონე არ დაიშუროს შინ წესრიგის დასამყარებლად და დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონებს, რის შემდეგადაც საქართველო გარდაიქმნება ისეთ ქვეყანად, რომელიც მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ განსხვავებები შეხედულებებში ნათელია, ხოლო საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკურ პარტიებს შორის უფრო დაფარულია და ნიუანსებში გამოიხატება. პარტიებს შორის უფრო თვალსაჩინო უთანხმოება ეხება მმართველობისადმი ზოგად მიდგომებს.

,,ქართული ოცნება” ქვეყნის სათავეში მოვიდა სააკაშვილის მმართველობის სტილის წინააღმდეგ აგორებული პროტესტის ტალღაზე, რის გამოც ,,ქართული ოცნება” დღესაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს უფლებათა დაცვის საკითხს. პარტიამ განახორციელა მართლმსაჯულების სფეროსა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები, საფუძვლიანად შეცვალა სასჯელაღსრულების სისტემა, აღმოფხვრა პატიმართა მიმართ ძალადობა, რაც განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევდა მოსახლეობის დიდ ნაწილში. არსებითად, ქართული ოცნება არის ცენტრისტული, ბიზნესის მხარდამჭერი პარტია, თუმცა მას ხშირად აკრიტიკებენ წინა არჩევნების დროს სოციალურ სტრატეგიებთან დაკავშირებით გაკეთებული დაპირებების შეუსრულებლობაში.

წარსულის აჩრდილი ქართული პოლიტიკის დღევანდელობაში

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც სააკაშვილი დისტანციურად ხელმძღვანელობს, არის მომავალ პარლამენტში მთავარი ოპოზიციური პარტია. მართალია, სააკაშვილი დღესაც სკანდალური ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში, სადაც ის სერიოზული განხეთქილების მიზეზია, მაგრამ მას ჰყავს ერთგული მხარდამჭერები ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში, თბილისის გამონაკლისით.

სააკაშვილის გარეშე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ალბათ შეძლებდა ამჟამინდელი მთავრობისთვის  წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ მისი აჩრდილი მძიმე ტვირთად აწევს პარტიას.

ათობით სხვა პარტია ასევე კენჭს იყრის მოახლოებულ არჩევნებში, რომელთაგან მხოლოდ ოთხი თუ ხუთი წარმოადგენს ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალას. ,,რესპუბლიკელები” და ,,ირაკლი ალასანია- თავისუფალი დემოკრატები” წარმოადგენენ პროდასავლურ პარტიებს, რომლებიც მხარდაჭერით სარგებლობენ მოსახლეობის საშუალო ფენებს შორის, თუმცა კი განიცდიან ეროვნული მასშტაბით მხარდაჭერის ნაკლებობას. მათ გარეშე საქართველოს პარლამენტი შედარებით დაკნინდება, მაგრამ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა მათ შემთხვევაში საკმაოდ საეჭვოა.

მათგან განსხვავებით, შალვა ნათელაშვილის პოპულისტური პარტია ემხრობა ანტიდასავლურ ორიენტაციას, რომელსაც ასევე იზიარებს ყოფილი პარლამენტის სპიკერის, ნინო ბურჯანაძის პარტიაც. ორივე პარტიას აქვს ახალ პარლამენტში შესვლის დიდი იმედი.

ამასობაში, 2012 წელს საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდა ახალი პარტია, რომელიც ყველაზე დიდ მოულოდნელობად შეიძლება იქცეს მოახლოებულ არჩევნებში. ,,ქართველ პატრიოტთა ალიანსი”, რომელიც მხარდაჭერით სარგებლობს ქართული საზოგადოების კონსერვატიულ ფენებს შორის, პრიორიტეტს ანიჭებს ოჯახურ ღირებულებებსა და ქართულ ტრადიციებს. მათ სტრატეგიებს ხშირად დაჰკრავს ანტიუცხოური ელფერი, ხოლო მათი მხარდაჭერა გავლენიანი მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში კონსერვატიულ ფენებს შორის დღითიდღე იზრდება.

პარტიის საგარეო პოლიტიკა ამბივალენტურია: ისინი აცხადებენ, რომ იზიარებენ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ, მეორე მხრივ, საკმაოდ კრიტიკულად არიან განწყობილნი ამ მისწრაფებების ხორცშესასხმელად აუცილებელი სტრატეგიების მიმართ.

არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა უკიდურესად მნიშვნელოვანია

ზოგადად, არსებობს ოპტიმიზმის რამდენიმე მიზეზი: მაგალითად, საარჩევნო პროცესის ეფექტიანობა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროფესიონალიზმი. ამ საპარლამენტო არჩევნებამდე ცესკომ შეადგინა უპრეცედენტოდ ზუსტი ამომრჩეველთა სიები, რაც აქამდე განხეთქილების ვაშლი იყო საქართველოში ჩატარებული არჩევნების დროს. ჯერჯერობით ცესკოს მუშაობა გამოირჩევა გამჭვირვალობით და სარგებლობს ელექტორატის ნდობით. დაუშვებელია ამ ფაქტორის უგულებელყოფა.

სიტუაციაში, სადაც აზრის გამოკითხვები და ეგზიტპოლები არ გამოირჩევა დიდი სიზუსტით, ბევრია დამოკიდებული საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაზე.

უკმაყოფილება 2003 წლის არჩევნების პროცესით იმდენად დიდი იყო, რომ გამოიწვია ვარდების რევოლუცია. 2016 წელს მსგავსის გამეორების წინაპირობები არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ, მთავრობის თქმით, სააკაშვილი აქტიურად ემზადება ამისთვის თავის თავშესაფარში, ოდესაში.

https://euobserver.com/opinion/135391

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები