ეროვნულ ბიბლიოთეკაში სემინარი და ფოტოგამოფენა: „უჩინარი შრომა” გაიმართება

 6 ოქტომბერს, 18 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბილიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სემინარი და ფოტოგამოფენა „უჩინარი შრომა”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საქართველოში ძალიან ხშირად ირღვევა შრომითი უფლებები ყველა სფეროში. ამ მხრივ ყველაზე პრობლემურ ჯგუფს წარმოადგენენ მაღაროელები და მეშახტეები, რომლებსაც უწევთ სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაობა და აქვთ შრომასთან შეუსაბამო ანაზღაურება.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) წარმომადგენელი, იურისტი ლელა გვიშიანი წაიკითხავს სემინარს ტყიბულში, ჭიათურაში, ზესტაფონსა და კაზრეთში დასაქმებული მუშების მდგომარეობასა და პრობლემებზე. მათი პროტესტის ფორმებზე, გაფიცვებსა და სხვა გამოცდილებებზე. მოხსენება ასევე შეეხება სახელმწიფოს შრომის პოლიტიკის ძირითად პრობლემებს, კანონმდებლობასა და მექანიზმებს.
სემინარის პარალელურად გაიმართება ტატო ანთაძის ფოტოების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ტყიბულში მომუშავე მეშახტეების პორტრეტები მოკლე პირადი ისტორიებით. გამოფენა  12 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
გამოფენასა და სემინარზე მოსულებმა შეგიძლიათ მოიტანოთ წიგნები ტყიბულელი მეშახტეების ბიბლიოთეკისათვის. წიგნების შეგროვებას ორგანიზებას უწევს თბილისის სოლიდარობის ქსელი.
„უჩინარი შრომა“ ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა „მრავალფეროვნების სკოლის“ ფარგლებში. „მრავალფეროვნების სკოლას“ ორგანიზებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია „ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა“, გერმანულ ორგანიზაცია MitOst-თან თანამშრომლობით. პროგრამას აფინანსებს Institut für Auslandsbeziehungen – IfA.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები