სანდრო გეგეჭკორის სოლო კონცერტი ვენაში, მოცარტის სახლ-მუზეუმში გაიმართება

ქართველი პიანისტის აღიარება – 29 ოქტომბერს ავსტრიის ქალაქ ვენაში, მოცარტის სახლ-მუზეუმში რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულის, პიანისტ სანდრო გეგეჭკორის სოლო კონცერტი გაიმართება.
როგორც პიანისტმა „კვირას“ განუცხადა, მანამდე ერევანში ჩატარდა ა. ბაბაჯანიანის სახელობის პიანისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსი, სადაც დაჯილდოვდა ოქროს მედლით, პირველი პრემიით და სპეციალური პრიზით. სწორედ ერევანში მოუსმინა მას ცნობილმა მაესტრომ და ვენის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორმა სტეფან ვლადარმა.  ამის შემდეგ მან მიიწვია ქართველი პიანისტი  ვენაში სოლო კონცერტის ჩასატარებლად.
29 ოქტომბერს მოცარტის სახლ-მუზეუმში სანდრო გეგჭკორის საათნახევრიანი კონცერტი გაიმართება.
კონცერტის პროგრამა: I განყოფილება ფ.შოპენი – პოლონეზი ლა მაჟორი; ვ.ა.მოცარტი – სონატა #13; ფ.შოპენი – ბალადა #1; ფ.შოპენი – ეტიუდი #23 და #24;
II განყოფილება; ლ.ვ.ბეთჰოვენი – სონატა #8 (პათეტიკური); ფ.ლისტი – მეფისტო ვალსი.
16 წლის სანდრო გეგჭკორი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედში“ სწავლობს. იგი ცნობილი პროფესორის და პიანისტის, ალექსანდრე გარბერის მოსწავლეა.
„ახლა მაქსიმალურად დატვირთული ვარ. მე და ჩემი პროფესორი განსაკუთრებულად ვმუშაობთ, რადგან ძალიან კარგად ვიცით, რომ ვენაში დაკვრა დიდი პასუხისმგებლობაა. ასე რომ, ყველანაირად ვეცდებით და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად ჩაივლის!“ – აცხადებს სანდრო გეგეჭკორი „კვირასთან“ საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები