„და ამ სათქმელშია ჩემი ცრემლიც, მიწაც, ტკივილიც, საზღვარიც, მამულიც, ჩემი ქურმუხიც, ალაზანს აქეთ უიმედოდ მომზირალი ჩემი ხალხიც“…  

 ისტორიულ ჰერეთში დაიბადა და გაიზარდა. ყველაფერი ქართული იქ შეისისხლხორცა, იქიდან გამოჰყვა ქართული მიწის დიდი ტკივილიც, სადაც თაობიდან თაობას გადაეცემა წინაპართა დანატოვარი რწმენა მისი შემოქმედებაც იმ სიყვარულიდან იწყება, სადაც არ უნდა იყოს, – სტუდენტებთან, ლექციებზე, თუ პირველკლასელებთან სკოლაში. – შორენა თამაზაშვილის პერსონა.

1599101_1072345889470281_5747685865415217346_o– გავიზარდე ისტორიული ჰერეთის ძალიან ლამაზ სოფელ კახისთავში. სალოცავებშემონახული მთების, ეკლესიების ნანგრევებიანი ტყეების, მოჩუხჩუხე ნაკადულების, მოჩუქურთმებული ჭიშკრების, უძველესი ხიდების, წინაპართა ხავსმოდებული საფლავების, ხალხური სიმღერების, ქართული ცეკვების, ძველი ჯეჯიმებისა და ზღაპრულად ნაქსოვი წინდების გარემოცვაში გავიზარდე. ასე ვთქვათ, დაბადებიდან დამყვა ჩემი მიწის ტკივილიანი სიყვარული.
17 წლის ვიყავი, დედა რომ დამეღუპა, კახშია დასაფლავებული. იგი ჩემთვის იდეალი და მისაბაძი იყო, მან შემაყვარა ლექსები. კულტურის სახლში მუშაობდა და თან იქაურ ქართველ ბავშვებს ფანდურს ასწავლიდა. რადგან კულტურის სახლში მუშაობდა, მეც იქ ხშირად მიწევდა ყოფნა. 3 წლის ვიყავი, სცენაზე რომ დამაყენა. ის ლექსიც მახსოვს, რაც წავიკითხე: „წაკითხული გაქვთ, როგორ აწამეს? მტრებმა შუშანიკ ქალი ქართველი, სისხლის წვეთებად როგორ დასცალეს, მამულზე ფიქრით ღამენათევი”…
სკოლაში მყავდა კარგი ქართულის მასწავლებელი და პიროვნება –  ციალა ნუროშვილი. მანაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემი პროფესიის არჩევაში. ახლაც ასწავლის კახისთავის ქართულ სკოლაში.
დავდიოდი ცეკვაზე ანსამბლ „იმედში”, რომლის ხელმძღვანელია მაყვალა ასლამაზაშვილი. დღესაც ზრდის თაობებს და წუთითაც არ ჩერდება… მისი წყალობითაა, ისევ რომ სწავლობენ ქართულ ცეკვებს. ხალხურ სიმღერებზე დავდიოდი, მასწავლიდა  „ჰერულას” ახლანდელი ხელმძღვანელის, ვასილ პაპიაშვილის მამა, ზურაბ პაპიაშვილი. ის ახლაც კახში ცხოვრობს და კარგი პოეტია.
 როგორი იყო იქიდან, საზღვრის გაღმიდან დანახული საქართველო?
14600561_1235273899844145_1529175946_o– სკოლაში როცა მოგვცემდნენ დავალებად, რაიმე თავისუფალი თემა დაგვეწერა – აუცილებლად საქართველოზე ვწერდი და ვიცოდი, ალაზანს იქით დედა გვყავდა – დედასაქართველო.
ძალიან კოლორიტული და ნამდვილქართველი მოხუცები ცხოვრობენ ჰერეთშირომელთაც ზედმიწევნით იციან ისტორია, ტოპონიმიკა, სიმღერა
– ამ კითხვას ასე ვუპასუხებდი – კოლორიტული და ნამდვილქართული მოხუცებიც ცხოვრობენ და მთლიანად კახის რაიონის ქართველობაც ნამდვილად ქართველობს, თაობიდან თაობას გადაეცემა წინაპართა დანატოვარი რწმენა… ჩვენებური ფოლკლორით დიდად არ ვართ განებივრებულნი, მაგრამ რაც გვაქვს, ვცდილობთ, არ დავკარგოთ.
ძალიან დიდი მნიშვნელობისაა ჩემთვის დიდი ბებიის დანატოვარი ინგილოური წინდები და ჟიჟიმი (ფარდაგი), ვუფრთხილდები ძალიან… ჰერელი ქალი წინდებში ჩუმად აქსოვდა ჯვრებს. ლექსიც დავწერე, ბებიას ხსოვნას მივუძღვენი, ვინც დამიტოვა ეს საგანძური.
14536729_1235279413176927_643555859_o„ …საკვამურიდან სქელი ბოლი ახრჩობდა ზეცას,
ჩამქრალ თონეში ვერ ცხვებოდა ობოლის კვერი,
აკვანში ჩვილი კვნესა-კვნესით უხმობდა დედას,
მაჭრის სიმთვრალეს ვერ იტანდა მარანში ქვევრი.
პაპა ჯდებოდა ძველ ბუხართან, ჩიბუხს ავსებდა,
გარეთ კიოდნენ ტურები და ტიროდა წვიმაც,
ბება ბუზღუნით გადაფენდა ნაბადს კუთხეში და
ჯვრებით სავსე გამოჰყავდა პატარა წინდა…
დარდებსაც ქსოვდა, ცალი თვალით უმზერდა აკვანს,
ბუხარში ცეცხლი მოგონებებს ჩუმად ნაცრავდა,
პაპას მუხლებზე მუხლს ითბობდა მცივანა კატა
და გარეთ ნისლი შემოდგომის ღამეს ხატავდა“…

– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ისევ დაბრუნდი ჰერეთში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად
–  დავამთავრე და დავბრუნდი ჩემს კუთხეში ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლად. ეს პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე შთამბეჭდავი ეტაპი… სამწუხაროდ, ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს, პირადი ცხოვრების გამო მომიხდა კახიდან წამოსვლა. ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ვჭირდები იქაურ ბავშვებს. კონტინგენტი მცირდება, ეს მხოლოდ საინგილოში არ ხდება, საქართველოს მთიანი სოფლებიც იცლება. სასიხარულოა, რომ წლეულს, წინა წლებთან შედარებით, ისტორიული ჰერეთის ქართულ სკოლებში პირველკლასელთა სიმრავლე შეიმჩნეოდა.14571928_1235281569843378_30944815_o
დაოჯახების შემდეგ მოგიწიათ ჰერეთის დატოვებამ. მაგრამ ლექსებით თუ ჩანახატებით მუდამ მშობლიურ კუთხეში ხართ.
– წუთითაც არ ვწყვეტ ჩემს მამულზე ფიქრს, ვცდილობ, აქედან გავაკეთო ისეთი საქმე, რაც ჩემს კუთხეს მცირედით მაინც გამოადგება… ხანდახან ამბობენ, შორიდან ადვილია პატრიოტიზმიო… მაგრამ, არა უშავს. მე ჩემი წილი ტკივილით მტკივა ჩემი მიწა.
ჰერეთის ყველაზე დიდი ტკივილი?
– საქართველოს შემადგენლობაში რომ არ არის!
– რატომღაც მგონია, რომ აქედან ნაკლები ყურადღება ექცევა  იქაურ სკოლებს…  ამ მხრივ, ალბათ, განათლებისა და დიასპორის სამინისტროებმა მეტად უნდა იაქტიურონ…
–  იქაურ მასწავლებლებს მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდებათ. საქართველოს სკოლებიც თუ  მიაქცევენ ყურადღებას კოლეგებს, ან სკოლები დაპატიჟებენ იქაურ ბავშვებს, მეგობრულ შეხვედრებს მოუწყობენ, აუცილებლად ჩამოვლენ… ეს ელემენტარული ყურადღებაც კი ახარებთ.
საზოგადოებაქურმუხელმა არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩაატარა ჰერეთში, რომელშიც თქვენც მონაწილეობდით
– „ქურმუხელმა” საინტერესო და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. საზოგადოება ცოტა ხნით გამოეთიშა თავის საქმიანობას, მაგრამ, ზუსტად ვიცი, მალე გააქტიურდება.14536947_1235284649843070_1228169631_o
მამა ჰერეთში ცხოვრობს, ძმა და ძმისშვილებიცთქვენც ხშირად ხართ იქრას გვეტყვი იქ დარჩენილებზე..
– ხშირად ჩავდივარ იქ… ჩემს შვილებსაც ძალიან უყვართ ისტორიულ ჰერეთში ყოფნა. როცა მივდივარ ჩემს სახლში, ჩემს კუთხეში, ვგრძნობ, არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ბავშვობის დღეებს მახსენებს. ისევ შრიალებს ვაზი, ზედაშეს ქვევრში მაჭარი ღვინდება, მთებში დგანან იდუმალი ნატაძრალები, ხავსიან საფლავის ლოდებზე ისევ ის წარწერები, მდინარე ქურმუხის შლეგი ტალღები… ბედნიერი ვარ, იქ რომ გავჩნდი, იქ შევიგრძენი ყოველივე ქართულის სიყვარული.
ძმა დიდი მოწიწებით უვლის ვენახს, ოჯახში გვაქვს მარიამობის ზედაშე, ყოველ 28 აგვისტოს, მარიამობას ვხდით ქვევრს, ვკლავთ მამალ-ვარიას, ვაკრავთ წითელ ლავაშებს, ვანთებთ სანთლებს და სანათესაო-სამეზობლოსთან ერთად ვზეიმობთ მარიამობას.
გიორგობა ჰერეთში
– გიორგობა არა მხოლოდ რელიგიური დღესასწაულია, არამედ ეროვნულობის, ჩვენი სულის ამოძახილის, სისხლის ყივილის ზეიმი.  ქურმუხის დიდი საყდრის ძალა გვაძლიერებს და გვამხნევებს.  კახის წმინდა გიორგის სახელობის მოქმედ ეკლესიაში ნახევარ წელიწადზე მეტია, მოძღვარი არ გვყავდა. ისევ გაიღო ტაძრის კარები, ისევ ტარდება წირვა-ლოცვა. მამა პეტრე გვყავს მოძღვრად.
გაიხსენეთ პირველი ლექსი
14324100_1645498285761707_3958846306465427887_o
– მეშვიდე კლასში რომ ვიყავი, მაშინ დავწერე პირველი ლექსი… და მივუძღვენი 9 აპრილის ტრაგედიას.
– პირველი ქართველი მწერალი, რომელსაც შეხვდით…
ანა კალანდაძე – უნივერსიტეტში შევხვდი. ფილარმონიაში „სამოთხის გვრიტების” პრემიერაზე კი გოდერძი ჩოხელი გავიცანი… ავტოგრაფიც დამიტოვა. ფილმის ჩვენება რომ დასრულდა,  მე და ჩემი ჯგუფელი ავედით კულისებში. არ მახსოვს, რა მითხრა, პატარა ბლოკნოტში „გოდერძი ჩოხელი“ ჩამიწერა, რომელსაც დღემდე ვინახავ.
ძალიან მიყვარს „9 შეკითხვა სიყვარულის შესახებ“… სულ პირველად რომ ვკითხულობდი გოდერძი ჩოხელს, ეგ დიალოგები წავიკითხე და ახლაც მახსოვს რაღაც ფრაგმენტები: „სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ, ბებო გენაცვალოს“… მიყვარს „ადამიანთა სევდა”- „სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის სევდა.”
–  როგორია შორენა თამაზაშვილიდედა, მეუღლე?  ორი შვილის დედა ხართ.
– მზრუნველი დედა, მოსიყვარულე მეუღლე და ორივე ამპლუაში – დიდი მეგობარიც. მეუღლე და ორი შვილი ყოველთვის გვერდში მიდგანან, მათი მხარდაჭერა დიდ როლს ასრულებს ჩემს ცხოვრებაში.
ელენე მეცხრეკლასელია და უკვე თავის მომავალ პროფესია – ექიმობაზე სერიოზულად ფიქრობს, ირაკლი 10 წლისაა, მსოფლიოს ყველა ქვეყნის დედაქალაქები რომ იცოდა, 5 წლის იყო… ახლაც უყვარს რუკები, ატლასები. მომავალ პროფესიაზე ირაკლიც ფიქრობს, ჯერ ვერ გადაუწყვეტია – ინჟინერი იყოს თუ ბანკირი.14550657_1235273909844144_1972188244_o
წელს 139- საჯარო სკოლის სადამრიგებლო კლასი – პირველი კლასი ჩაგაბარეს
– სასიამოვნო სიახლე მაქვს – მასწავლებლობა დავიწყე ისევ, ოღონდ აქ, თბილისში. როცა იბადები და იზრდები, მოწოდებები, ინტერესები გიჩნდება. კახის სკოლიდან წამოსვლის შემდეგ, მუდამ ვოცნებობდი, ვმდგარიყავი ყველაზე ძვირფასი მსმენელის წინაშე, რომლებსაც მოსწავლეები ჰქვიათ. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მოვხვდი იქ, სადაც გული და გონება მიხმობდა.
– დაუვიწყარი დღე თქვენს ცხოვრებაში…
– არასდროს დამავიწყდება ის დღე, როცა შევხვდი პატრიარქს, ჩავეხუტე და დღემდე თითქოს მისი ხელების სითბოს დავატარებ. პატრიარქთან წავიკითხე საკუთარი ლექსი „ქართველი”.
კიდევ, „ემიგრანტის წერილი 2016“-ის ფინალისტი რომ გავხდი და დიასპორის მინისტრმა სიგელი რომ გადმომცა… ჰერეთზე, კერძოდ, სოფელ ითითალაზე დავწერე „სინათლე” და ჩემს ნათლულს მივუძღვენი, რომელმაც გაბედა და გაქრისტიანდა, წინაპართა რჯული დაიბრუნა.

14550841_1235276809843854_914066918_o

საუბრის დასასრულს, მერამდენედ ვკითხულობ ამ ჩანახატს… მერამდენედ ვუბრუნდები სტრიქონებს:  „აი, აქ არის ქართველობა ძნელი“!
„ობლები ვართ“… – და  ამ სათქმელშია „ჩემი ცრემლიც, მიწაც, ტკივილიც, საზღვარიც, მამულიც, ჩემი ქურმუხიც, ჩემი ალაზანს აქეთ უიმედოდ მომზირალი ხალხიც, ჩემი უსუსურობაც…“
და მაინც ჩანახატს სინათლე ჰქვია…  რწმენაწართმეულ კუთხეში სინათლედ აციმციმებულა ჯვარი… ნათლობის ჯვარი…

 

თამარ შაიშმელაშვილი

 


14536489_1235276849843850_2075335441_o

14522423_1235279519843583_1054596954_o

14600587_1235281769843358_1903905603_o

14600627_1235273803177488_1043302798_o

14599724_1235281756510026_328753009_o

14572745_1235273779844157_1423174093_o

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები