სანდრა რულოვსის “აღდგენითი სამუშაოები”

მწერალი ნაირა გელაშვილი სოციალურ ქსელში ბლოგს  აქვეყნებს, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი მეუღლის, სანდრა რულოვსის შესახებ წერს.

 „რას მაგონებს ეს სიტუაცია?“

„რას მაგონებს ეს სიტუაცია?“

ეს კითხვა დატრიალდა ჩემში, როდესაც საქართველოდან გაქცეულმა ექსპრეზიდენტმა მ.სააკაშვილმა (მაინც) თავისი მეუღლე – ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსი ფსიქოლოგიურად შესაბამისად აღჭურვა (ბოლოს და ბოლოს, საკუთარ თვალებშიც კი ჩაახედა) და ყოფილ სამშობლოში პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე: საარჩევნო მარათონში მაჟორიტარ დეპუტატად გამოამწესა.

და მერე უცებ მივხვდი:

ღმერთო, ჩემო, რას მაგონებს და, ჯაყომ მძიმე საფქვავი რომ აჰკიდა მარგოს და წისქვილისაკენ გაუყენა გზას!

რა თქმა უნდა, ჯაყო და მარგო!

ბევრი ქართული რომანი ისევე მავსებს აუტანელი სევდით, როგორც ქართული ყოფა-ცხოვრება, მაგრამ მიხეილ ჯავახიშვილის რომანი მაინც სხვაა. აქ უკიდურესობები ბოლომდეა გამწვავებული: ძალადობა უძველესი ქართული არისტოკრატიული გვარების უკანასკნელ შთამომავლებზე (ერთ დროს კეთილშობილ, მაგრამ საზრისდაკარგულ, უადგილო ცოლ-ქმარზე) ხორციელდება: მათსავე კუთვნილ სასახლეში, მათივე მსახურის – (არაქართველი) ნახევრადცხოველის მიერ.

ცხოვრება კი თავისებურად ერთობა კალეიდოსკოპის ტრიალით, პოლიტიკური კატაკლიზმები კონფიგურაციებს ჩქარ-ჩქარა ცვლიან, პერსონაჟების გარეგნული მახასიათებლები, იქნება ეს ჩაცმულობა, წარმომავლობა თუ ლინგვისტური შესაძლებლობები, დროთა შესაბამისად იცვლება, ეპოქა დრამის რიტმს აჩქარებს, სიუჟეტის რედუცირებას ახდენს, ხშირად ორ პერსონაჟს ერთში აერთიანებს, მაგრამ არსი იგივე რჩება: ძალმომრეობის, ცბიერების, მუხანათობის, სიბრიყვისა და უსირცხვილობის მდგრადობა უღმერთო და უპატრონო ქვეყანაში. მუდმივი შანსი ამ ყოველივესთვის: ავიდეს ტახტზე.

ახლა კონკრეტულად: ცნობილია, რომ თანამედროვე დემოკრატიული ჰუმანიზმის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. მაგრამ, როგორც მოგვეხსენება, ეს მორალური კანონი აღარ ვრცელდება მაღალი თანამდებობის საჯარო პირებზე, პირველ რიგში კი პრეზიდენტზე. რადგან: ხელისუფლების საქციელს, მის ეთიკურ სახეს დიდი გადამდები ძალა აქვს და იმ შემთხვევაშიც კი ახდენს გავლენას ხალხის დიდი ნაწილის ზნეზე, როცა ეს ხალხი მას არ ენდობა. უფრო ზუსტად და ლაკონიურად ვერ იტყვი: „თევზი თავიდან ყროლდება“.ხალხს სჭირდება, ზნეობრივი საყრდენების შენარჩუნებისათვის საჭირო ძალამიიღოს უმაღლესი ხელისუფლებისაგან.

(ხალხურ ლექსში: ქალსა და ვაჟს ერთმანეთი მოეწონათ, მაგრამ ახლო ნათესავები აღმოჩნდნენ. ქალმა ძალიან განიცადა, ვაჟი კი ეუბნება: „არა უშავს რა, ქალაო, დროება გამოგვეცვალა, რუსი დაგვიდგა ხელმწიფედ, ერეკლე გარდაგვეცვალა“).

ამიტომ პრეზიდენტი მხოლოდ სახელმწიფოს პოლიტიკურ მეთაურად არ მოიაზრება, იგი, ასევე, ერთგული, მოყვარული და ყურადღებიანი მეუღლისა და მამის (ან დედის) განსახიერებაც უნდა იყოს. ოჯახი ხომ სრულიად სამართლიანად განსაკუთრებით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ამერიკის ფუნდამენტურ ღირებულებათა შკალაზე (რაც, სხვამხრივ ამერიკის ადეპტებად ქცეულ, ქართველ „ნაციონალურ ბელადებს“ ნაკლებად აღელვებდათ). ამერიკის შეერთებული შტატების სიძლიერისა და წარმატებულობის ერთ-ერთ მიზეზად ხომ ამერიკული ოჯახის სიმტკიცეც სახელდება.

მოკლედ, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ პუნქტში აშშ-ს რომ არ ეთანხმებოდა, ყველას კარგად და მწარედ გვახსოვს.

მისი მმართველობის პირველივე წლებში ცხადი გახდა, რომ საქართველოს ასეთი აღვირახსნილი ხელისუფალი არასდროს ჰყოლია. დიდსა და პატარას პირზე ეკერა პრეზიდენტისა და მისი უახლოესი გარემოცვის ორგიები შინ თუ გარეთ, თბილისში, ბათუმში, სიღნაღსა თუ შატილში. ასევე, უცხოეთში პოლიტიკური ვიზიტების დროს. პრეზიდენტი ვერტმფრენით უვლიდა ხოლმე საქართველოს და გუნება-განწყობის მიხედვით ეშვებოდა მის ამა თუ იმ წერტილში საქეიფოდ და სალაღობოდ. დიდი ამბავი იყო ატეხილი ერთ პატარა ქალაქში იმის გამო, რომ მთვრალმა პრეზიდენტმა იქაური მოხელის ცოლს დაადგა თვალი და ქალი გადამალეს. მაგრამ პრეზიდენტი არ ცხრებოდა თურმე და … ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ ლაზღანდარობდნენ ამის თაობაზე იქაური ბავშვები, როგორ შეურაცხყოფილად გრძნობდნენ თავს იქაური ხანდაზმულები…

სხვაგან მავანი მიმტანი ქალი მოუვიდა თვალში და… წინ რა დაუდგებოდა. ერთხელ საქართველოს მთაში რომ ზეიმობდა, შვეულმფრენით ჩაჰგვარეს იმდროინდელი გულის რჩეული, რადგან ბრძანა, სასწრაფოდ აქ გამიჩინეთო. ხედავდნენ, როგორ შედიოდა პრეზიდენტის სასახლის ეზოში უნომრო მიკროავტობუსი, საიდანაც, როგორც საქმეში ჩახედულები ამბობდნენ, ქუჩიდან აკრეფილი „სექს-მუშაკები“ გადმოდიოდნენ მარტო მყოფი პრეზიდენტის განტვირთვისათვის. როგორც ამბობდნენ, ქალბატონებისთვის პრეზიდენტის სასახლის როგორც სასტარტო ადგილის გავლა იყო საჭირო მაღალ თანამდებობაზე მოსახვედრად… მერე კი მათ კეთილად გათხოვებაზე ზრუნავდნენ შესაბამისი მოხელეები. კი, ის ჰყვებოდა ამას, ვისაც თვითონ მოუწია მსგავსი დავალების შესრულება. მოკლედ, ინგლისურად მორატრატე, ნეოლიბერალი სულთნის კარზე ჰარამხანა იფურჩქნებოდა.

და აი, ასე, პირველი ლედი თავის სახლში მარტო ატარებდა ცხოვრებას შვილებთან ერთად. პრეზიდენტი კი – სასახლეში ბორგავდა, იქ იფრქვეოდა მისი და მისი უახლოესი გარემოცვის ჰედონისტურ-ბიოლოგიური აღტყინებები. იქ იყო იგი ბოლოს თავის მომღერალ სატრფოსთან და სხვა პარტნიორებთან ერთად.

ეს ხდებოდა ღიად, აშკარად. ეს იყო მ. სააკაშვილის ხელისუფლების სტილი, „მისი გუნდის“ პრივილეგია, რაღაც სისტემურიმოვლენა, ამოსაცნობი ნიშანი. იცინოდნენ ამის თაობაზე უცხოეთში, პოლიტიკურ წრეებში, დიპლომატიურ კორპუსში. საქართველოს ბედი ეს აღმოჩნდა, რომ მისი ღირსება ამ მხრივაც უნდა გაქელილიყო. ისედაც დამცრობილ ქვეყნის თავმოყვარეობიდან არაფერი აღარ უნდა დარჩენილიყო. მ.სააკაშვილის უსაშველო ბიოლოგიური დაუკმაყოფილებლობა შერწყმული მის სისასტიკესთან ადამიანთა მიმართ – იწვევდა ნერონისა და კალიგულას ასოციაციას, რადგან ესენი დარჩნენ მსგავსი პათოლოგიის კლასიკურ მაგალითებად დასავლეთის ისტორიულ სივრცეში.

უფრო დამცირებული, უფრო თავმოყვარეობაშელახული პირველი ლედი დემოკრატიული დასავლეთის ისტორიას არა სცნობია. და ხალხი ამას განიცდიდა. მიუხედავად პრეზიდენტისადმი თითქმის საყოველთაო ზიზღისა და სიძულვილისა, მისი მეუღლე ბევრს ებრალებოდა. ქალბატონ სანდრა რულოვსის ახლო წრე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მას ჰოლანდიაში წასვლა სურდა, მაგრამ ეშინოდა. „რომ წავიდეს, მიშა მოკლავსო“- მიმტკიცებდა ერთი მისი კეთილისმოსურნე, მეტისმეტად დამამცირებელი მდგომარეობის რაიმენაირად შესარბილებლად. მართლაც, რომელი ქალი არ გაიგებს ამ ხვედრის აუტანელ სიმწარეს?

და, ცხადია, მას ისე უნდა დაეჭირა თავი, თითქოს ქმრის ეს უკიდურესად წრეგადასული ცხოვრება, უბრალოდ, არ არსებობდა. და ასეც იჭერდა. მართალია, ეს ისე კარგად ვერ გამოსდიოდა, როგორც ყოჩაღ ჰილარი კლინტონს, როდესაც მისი მეუღლის, პრეზიდენტ ბილ კლინტონის ერთადერთ მორალურ გადაცდომას ისე ფანატიკურად ჩაეძია ამერიკული სასამართლო, რომ ელემენტარულ ნაწილაკებამდე ჩააღწია და მთელი მსოფლიო უხერხულობის შოკში ჩააგდო. ჰილარი კლინტონი კი მთელი ის ხანი მეუღლესთან ხელჩაკიდებული და ამაყად თავაწეული ჩნდებოდა, აქაოდა, ჩვენს მტკიცე ოჯახს მსგავსი პროვოკაციები ბზარს ვერ დაამჩნევსო.

და საკუთარი ძალების რამდენად უფრო დიდი დაძაბვა სჭირდებოდა სანდრა რულოვსს! ეს ხომ უწყვეტი სირცხვილი იყო მთელი ცხრა წლის მანძილზე.და ის დაძაბული ეგუებოდა: ქმრის მიერ მისი როგორც ქალის ლამის მძვინვარე უარყოფას. თუმცა, სახეზე სულ უფრო უძლიერდებოდა ჩაკლული სიხარულისა და დაფარული გამწარების კვალი. ეს ცოლების ნება ან ბედისწერაა: ზოგი ქმრისაგან ყველაფერს იტანს „ოჯახის შესანარჩუნებლად“, ზოგს პრივილეგიების დათმობას ურჩევნია, სამუდამოდ უარი თქვას ღირსებაზე. ზოგს სხვა გზა არა აქვს და იძულებულია გულში ჩაიკლას ყველაფერი და ქმარს ბოლომდე დაემორჩილოს. და ყველა გადაწყვეტილებით ბედისწერა იქსოვება.

მაგრამ, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ზუსტად ასევე უდრტვინველად ეგუებოდა ცოლების დაქვრივებას, ბავშვების დაობლებას, დედების გაუბედურებას, ცამდე ასულ მოთქმასა და ვაებას, ადამიანთა მეთოდურ წამებას და პატივის აყრას ციხეებში, სადაც ის ხშირად ჩნდებოდა ხოლმე. ის ეგუებოდა ანთებული სიგარეტით სხეულის დაწვას, ძვალ-სახსართა მსხვრევას, პირში ჩაფურთხებას, ზედ დაშარდვას, ადამიანთა მასობრივ დარბევასა და შემუსვრას… დედისერთა სანდრო გვირგვლიანის თოვლზე დაგდებულ, დასერილ სხეულს, მისი დედის ირინა ენუქიძის გულისგამგმირავ გლოვას, პოლიციის მიერ დაცხრილული უდანაშაულო ახალგაზრდების მიწაზე მოცახცახე სხეულებს, მათი დედებისა და მამების სამუდამოდ გაგმირულ გულებსა და უილაჯობას…

მაგრამ არა მხოლოდ ეგუებოდა… ის, აი, ასეთი ქმრის ერთგული იყო მის შავბნელ საქმეებში: იგი იტყუებოდა შინ და გარეთ, თავის სამშობლოში და საერთოდ, უცხოეთში ყოფნისას, რომ მიშათი უკმაყოფილო მხოლოდ ის კრიმინალური წრეები იყვნენ, ვინც მიშამ სამართლიანად დასაჯა დიადი რეფორმების გატარებისას, ვინც, კაცმა რომ თქვას, ბალასტი გახლდათ აყვავების გზაზე შემდგარი სახელმწიფოსათვის… რომ საჭირო იყო ქართველ ხალხისათვის კისრის მოგრეხა, რადგან სხვაგვარად მისგან არაფერი გამოდნებოდა, და მაშასადამე, „მიშა“ სწორედ ის იყო, ვინც ამ ხალხს სჭირდებოდა“ და ა.შ.

და განა მხოლოდ შიშის გამო გააკეთებს ადამიანი ამას? არა. ქალი, ვისთვისაც სხვისი შვილების დახოცვა-დამცირება საშინელებაა, შეიძლება შიშით გაჩუმდეს, მაგრამ ასე არ იაქტიურებს ადამიანობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებათა გამართლებაში. მაშასადამე, უკვე მაშინ, სანდრა რულოვსის პირველ ლედად ყოფნის სანუკვარ პერიოდში, სულ სხვა იმპულსსაც უნდა ემოქმედა გარდა სტატუსის შენარჩუნების წყურვილისა: ქვეცნობიერად სანდრა შურს იძიებდა ხალხზე, რომლის თვალშიც ის ესოდენ შეურაცხყოფილი და დამცირებული იყო, ვისაც ის ან ეცოდებოდა, ან არაფრად აღარ აგდებდა. და იგი შურს იძიებდა თავისი მოღალატე ქმრის ხელით. და… ამავე დროს ქმრის გულის მოგებასაც ცდილობდა.

და, აბა ვის გაუკვირდება ეს მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგიამ ესოდენ გამოწვლილვით იკვლია ადამიანის სულის ფარული სართულები, ხოლო ჩვენმა ხალხურმა ინტუიციამ ჯერ კიდევ როდის გამოთქვა ლექსად, რომ ადამიანის გული ისეთია, „ვით მორევი შავი ზღვისა…“

ყოველივე ზემოთ ნათქვამის შემდეგ აბა, ვიღას მოუვიდოდა თავში, სანდრასთვის მოეთხოვა, მისი ქმრის მიერ დახოცილ ახალგაზრდების დედებთან მისულიყო სამძიმრის სათქმელად! მით უფრო,ვიღა აჩუქებდა ვეფხისა და მოყმის ბალადას. მაგრამ 2012 წელს მოულოდნელად ყველაფერი დამთავრდა: : “აჰა, განქარდა ესე სამეფოც, მიმოქროლებას გაჰყვა ქართასა“… როგორც გვეუბნება ცნობილი ქართველი პოეტი ქალის ლექსი… გადაიხვეწა საქართველოდან ხალხის უდიდესი, ყველაზე საღი ნაწილის მიერ შეძულებული, უბნელეს საქმეებში გახვეული, დამარცხებული ცოლ-ქმარი, შვილებიანად, რომელთა ბედიც ნაკლებად ანაღვლებდათ, ისევე როგორც ნაკლებად ანაღვლებს ყველას, ვინც ჩადენილ ბოროტებას უტოვებს მათ მემკვიდრეობად.

მაგრამ, როგორც ამბობენ, მიხეილ სააკაშვილი გაჭირვებაში არ მიატოვეს მის მიერ მომადლიერებულმა დასავლეთისპოლტიკურმა ძერებმა და იგი თანამშრომლებთან ერთად უკრაინაში დაამკვიდრეს, სადაც თავისუფალი სიყვარულის განუკურნებელ ტრფიალს, ისევე არ დასჭირდა მეუღლე, როგორც თბილისში არ სჭირდებოდა.

და აი, ოთხი წლის შემდეგ მან იხმო მისგან შეურაცხყოფილი და დამცირებული დედა თავისი შვილებისა. და მიუშვირა მას თვისი ამღვრეული თვალები ჩასახედად. და მონუსხული სანდრა მორჩილად გამოემგზავრა საქართველოში შვილთან ერთად და ბრმად შთავარდა არჩევნების მარათონში. რისი იმედით? მხოლოდ და მხოლოდ იმის იმედით, რომ ხალხი ბრბოა და, სანდრასი არ იყოს, სხვების ტანჯვა-წამებას არაფრად აგდებს; პირიქით: უხარია კიდეც, რადგან გამწარება და ბოღმა უთუხთუხებს გულში! ან რომ ხალხს მეხსიერების ჩაბნელებები სჭირს და თანამოქალაქეთა გაპარტახება უკვე დავიწყებული აქვს; რომ ხალხი გამოსულელებულია და საკმარისია, უცხოელი რძალი თავის ენაზე დაელაპარაკოს და, სიმღერაც კი უმღეროს, – მეტი არც არაფერი სჭირდება: აღტაცებისაგან აკივლდება და ვნებისაგან ატორტმანდება. და ის, სამწუხაროდ, შორს არ არის ჭეშმარიტებისაგან. სანდრა რულოვსი თავის საარჩევნო კამპანიას ადამიანთა ყველაზე ბნელ სისუსტეებსა და ნაკლოვანებებზე აგებს. და მიცურავს სანდრა გედივით ბრბოში. მისი მოჩვენებითად სათნო ღიმილი დაგუბებულ შხამს, დიახ, მუხანათობას ჩამოფარებია: ვენდეტა! და დაანახვებს მის უარმყოფელ ქვეყანას, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ავზნიან მეუღლეს, თავის ძალას სანდრა-დამცირებული! დაანახვებს რომ ხალხს იგი მოენატრა, განსაკუთრებით სამეგრელოში. მეგრელებსა და სანდრას ერთნაირად სჭირდებათ მიყენებული ჭრილობების მოშუშება, და ისინი ერთმანეთს ათბობენ. ოღონდ, სანდრას, სინამდვილეში, თავისი თავის გათბობაც კი აღარ შეუძლია…

მე არა მჯერა, რომ სანდრა რულოვსი ციხეში მოკლული ადამიანების ორგანოებით ვაჭრობდა, როგორც ამას მრავალი პატიმარი ამტკიცებს. მე არ ვიცი, მართლა სპეცსამსახურების კაბინეტებში დაიწერა თუა არა სანდრა რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის ცხოვრების სცენარი, როგორც ამ საქმეებთან უფრო ახლოს მყოფი ადამიანები გვამცნობენ. არც ის ვიცი, მართლა იმისთვის ისწრაფვის დეპუტატის იმუნიტეტის მოსაპოვებლად, რომ გაექცეს შესაძლო სასჯელს თავისი ბიზნეს-დანაშაულებებისათვის, თუ არა. მე ის ვიცი, რასაც ვხედავდი და ვხედავ და ეს საკმარისზე მეტია ერთი ქალისათვის – სამყაროში მოთარეშე ბოროტების გასამდიდრებლად. მე ვხედავ, როგორ ატყუებს და ასულელებს ჩემს ხალხს, როგორ უმტკიცებს, რომ თურმე ყორნის გასათეთრებლად მისი ქვიშით ხეხვაც კი არ არის საჭირო, უბრალო საპნიანი წყალიც საკმარისია, ხოლო კუზიანს სამარის გარეშეც უსწორდება კუზი. ვხედავ, როგორ აბრუნებს უკან გაჭირვებულ ხალხს მასობრივ აღვირახსნილობასა და სისასტიკეში; როგორ რყვნის მას, როცა საუკუნის დანაშაულს – სანდრო გვირგვლიანის უღმერთო წამებასა და სამსხვერპლო ცხოველივით დაკვლას,თუ ღირსებით სავსე სამხედრო პირის კოლექტიურ გაუპატიურებას, როცა მთელი ციხე მსხვერპლის ღრიალით ზანზარებდა, – ნაზი ღიმილით „შეცდომებს“ უწოდებს, შეცდომებს, რომლებიც მას თურმე არ ეხება! და კიდევ ერთი რამ ვნახე, რაც უშუალოდ შემეხო: 2010 წელს ჩვენი საზოგადოება შეძრა „ნაციონალური ხელისუფლების“ კიდევ ერთმა ექსცესმა, რომელსაც ყოფილი მხედრიონელი და ქილერი, ბატონი ნიკოლოზ რურუა მეთაურობდა (არ დაგავიწყდეთ თანამოქალაქენო, რომ სწორედ ეს სისხლიანხელებიანი კაციიყო ნაციონალების კულტურის მინისტრი!)ჰოდა ამ კაცმა პრეზიდენტს მიაღებინა გადაწყვეტილება მთელს კავკასიაში ცნობილი, უძველესი სამშვიდობო ორგანიზაციის, კულტურისა და განათლების ცენტრის „კავკასიური სახლის“ გამოძევების შესახებ იმ შენობიდან, რომელიც მისთვის ააშენა ევროპულმა ფონდმა „ჰორიზონტმა“. ამ ფონდის რეზიდენცია ნიდერლანდებშია, მას იქაური ადამიანები მართავენ, და მათ სწორედ „კავკასიურ სახლში“ გაიცნეს თავიანთი თანამემამულე სანდრა რულოვსი, რომელიც აქ, როგორც ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი, ხშირად დაიარებოდა. და ყველანი სიყვარულით ვიღებდით მას. ის კი, ქალური და სათნოღიმილიანი, ჩვენთან სტუმრად რომ დადიოდა და წვეულებებზე თავის თანამემულეებსაც ხვდებოდა, თურმე ჩვენს შენობას სათავისოდ ათვალიერებდა. და აი, დადგა დღეც ოცნების ასრულებისა. 2010 წელი. კუდი და სოდი გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ მთელი მომსახურე პერსონალი ქუჩაში უნდა გავეყარეთ, „კავკასიური სახლისთვის“ მთელი უძრავი ქონება წაერთმიათ და მის სანაცვლოდ დაარსებული რუსული ცენტრისთვის გადაეცათ…თამანშრომლების ბინებში უკვე ჩხრეკა დაიწყო ტერორის მიზნით… სანდრას რულოვსის რომელიღაც ფონდისათვის განკუთვნილი იყო მთელი პირველი სართული. ხოლო მეორე და მესამე სართულები -„რუსული კულტურის ცენტრს“ უნდა დაეკავებინა. და აქ მთავარი ის არის, რომ „კავკასიური სახლის“ გაუქმებას და მის ნაცვლად „რუსული მუზეუმის“ შექმნას მისი დაარსების დღიდან: 1994 წლიდან, არაოფიციალურად თუ ღიად, დაჟინებით ითხოვდა რუსეთი, განსაკუთრებით, მეორე რუსეთ-ჩეჩნეთის ომის შემდეგ, როდესაც „სახლმა“ ჩეჩენი ლტოლვილები შეიფარა. საერთოდ, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ „კავკასიური სახლი“ რუსეთისაგან რეპრესირებული ორგანიზაცია იყო თავის მისწრაფებების გამო, მიეღწია შიდა კავკასიური სოლიდარობისა და თანხმობისათვის. და ნეოლიბერალიზმისა და „ევროპული ფასეულობების“ განსახიერება ბატონი რურუა ქალბატონ სანდრასთან ერთად უმჭიდროეს კავშირს ამყარებს თბილისში ოფიციალურად მოქმედ მეხუთე კოლონასთან და მასთან ერთად აუქმებს „კავკასიურ სახლს“! მხოლოდ ჩვენი და დასავლური საზოგადოების მძაფრმა პროტესტმა იხსნა ორგანიზაცია დაღუპვისაგან და პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისი აღსრულება შეაჩერა. და მადლობა დღევანდელ ხელისუფლებას, რომელმაც ბოლოს და ბოლოს იურიდიულად დაგვიმტკიცა ჩვენთვის აშენებული შენობა და დასავლელი მეგობრების თხუთმეტწლიან გაოგნებას და ჩვენს ტანჯვას წერტილი დაუსვა. ასე რომ, საკუთარ კანზე გამოვცადეთ, რა შეიძლება იდგეს სანდრას მომხიბლავი ღიმილისა და ქალური მანერების უკან. და თუ რატომ სჭირდებოდა თავისი ფონდის რუსული კულტურის ცენტრთან (ასეთი „ცენტრები“ სინამდვილეში, სულ ცოტა, სააგენტოებია) თანაარსებობა, ეშმაკმა უწყის. და მაინც გამიჭირდება თქმა, რომ ის თავის მეუღლესთან თუ მეგობარ ნ. რურუასთან ერთად ორმაგი აგენტია, თუ სამმაგი. არ ვიცი. ეს ქსელები არ მესმის. რასაც მე თვითონ ვხედავ, ისიც საკმარისია… და მიცურავს სანდრას ნაზი ღიმილი და მოღუღუნე ხმა აღტკინებულ ბრბოს თავზე და მიცურავს სანდრა ბრბოს ტალღებზე თავისი გაურკვეველი მომავლისაკენ. ნუთუ მართლა ჰგონია, რომ ამ ნაკადმა ის შეიძლება ნანატრ მიკროსოდომში – პრეზიდენტის გიგანტურ სასახლეში შეაცუროს? მაშ რა ამოძრავებს, რატომ გაირთულა კიდევ უფრო ცხოვრება და გადაიდო მშვიდი მომავალი? რატომ დაუპირისპირდა ასე ჯიქურ საქართველოს? რატომ წამოიკიდა ტვირთი, რომელიც იმ საფქვავზე უფრო მძიმეა, ჯაყოს მიერ მოტყუებულ, პატივაყრულ და გასრესილ მარგოს რომ წამოუკიდია ზურგზე და წიქვილის გზას მიუყვება? შვილებს კიდევ უფრო რატომ უმძიმებს საკუთარი მამის წყალობით ისედაც დამძიმებულ ხვედრს? მხოლოდ კაცის კი არა, ქალის გულიც შავი ზღვის მორევსა ჰგავს, და თუ რაღაც სპეციერარქიის მიერ მიღებულ დავალებას გამოვრიცხავთ, რომელსაც ცოლიც და ქმარიც ერთანაირად ემორჩილებიან, მაშინ ეს ვერსია რჩება: ალბათ მიუღწეველი მეუღლის მიერ დაკისრებული საბრძოლო დავალების შესრულებით სანდრა იმედოვნებს მისი გულის მოიგოს, მისი კეთილგანწყობა დაიმსახუროს და, ვინ იცის, დაიბრუნოს კიდეც… ეს სანდრას ამოკის რბოლაა, ის ვეღარ გაჩერდება… მან- ახლა უკვე ბრბოს დედოფალმა – ძალიან სევდიანი ფურცლები თავისი წარსულიდან ისევ მომავალში გადაიტანა… რაც შეეხება ბრბოს: დიახ, ბრბოა ის ხალხი, ვინც ცხრა წლის მანძილზე ნაწამები თუ ჩახოცილი სხვისი შვილების, სხვისი მამების, სხვისი ძმებისა და სხვისი ქმრების გვამებზე გადააბიჯა და თავისი ბნელი ინსტინქტებით ისევ მიშა-სანდრასკენ გაიქცა; ვინც ვერ და არ გაიგო, რა მოხდა საქართველოში 2004-იდან 2012 წლამდე; ვისაც არ ანაღვლებს, საქართველოს სხეული პრეზიდენტ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის წყალობით დაჭრილ-დასახიჩრებული და სისხლმდინარე რომ გდია: რადგან გული ამოაგლიჯეს და კიდურები ჩამოაჭრეს… ვინც წესიერად ვერ ერკვევა, მაინც რა დაკარგა საქართველომ; მაინც რა არის და სად არის ეს ქართლია თუ კოდორი… ვისაც არ სტანჯავს ზნეობის უკიდურესი დაცემა საკუთარ ქვეყანაში, ვინც ვერ დაინახა, რომ ამ გადაგვარებას უძლიერესი სტიმული მ. სააკაშვილის პირადმა ცხოვრებამ, ახალგაზრდობის მიმართ მისმა ამორალურმა მოწოდებებმა, ნაციონალური მოძრაობის მიერ წესიერების ყველა ნორმის გაქელვამ მისცა; ეს მარადიული ბრბო! ის შეჰბღაოდა აღტყინებით ფაშიზმსა და ბოლშევიზმს! მილიონობით ადამიანთა გაცამტვერებას! ის არის დასაყრდენი თანამედროვე სახელმწიფოებრივი ტერორისა და რეპრესიებისა, რადგან არ გააჩნია სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი და მოთხოვნილება! არ გააჩნია ფსიქიკური სისაღე და შინაგანი მთლიანობა! გამქრალი ან მოჩლუნგებული აქვს თანაგრძნობა და თანატანჯვა! დიახ,ბრბოა, გინდაც მეგრელი იყოს, გინდაც ქართლელი, გინდაც კახელი.. ბრბოა ის, ვინც ახლაისევ ბოროტმოქმედებს აძლევს ხმას არჩევნებში, რის გასამართლებლადაც ახლანდელი ხელისუფლებისადმი სიძულვილი ვერ გამოდგება. ამ ხელისუფლების კრიტიკა დაუსრულებლად შეიძლება ( რისი უფლებაც ყველასა აქვს „ნაცებისა“ და მათი მომხრეების გარდა ), მაგრამ ეს ხელისუფლება ხალხის სისხლში ამოსვრილი არ არის და ადამიანებზე არ ნადირობს. პირიქით: ამ ყველაფერს სწორედ მან დაუსვა წერტილი, მაშინ როცა მავანმა მწერლებმა, მხატვრებმა თუ ჟურნალისტებმა აღარ იცოდნენ, როგორ მიტმასნოდნენ ნახევრადშეშლილ მიკროდიქტატორს. თუმცა, თუ გძულს ეს „ოცნება“, – გადახაზე, აირჩიე ვინც გინდა, მაგრამ ქვეყნის ჩამოყალიბებულ მტერს, უმძიმეს ცოდვებში ჩაფლულ ძალას ნუ მისცემ ხმას.ლახვარს ნუ ჩასცემ შენი ქვეყნის მომავალს! და ბრბოა ისიც, ვინც არ იცის, რომ რა საზომითაც შენ ზომავ, იმავე საზომით გაიზომები განგების მიერ და უნდა გეშინოდეს, როცა სხვისი შვილების უბედურებას ამართლებ. (ხოლო წინა პრეზიდენტის დედა თურმე ლათინურ-ამერიკულ ცეკვებზე დადის გულის გადასაყოლებლად. და არც სხვა „ნაცების“ დედები იქცევიან ადეკვატურად, რაც ბუნებრივია, ვიღაცამ ხომ შობა და გაზარდა ისინი). და აგზნებული ბრბო ღრიალით მოირწევა და მოჰყავს თავისი დედოფალი – იერიშზე გადმოსული სანდრა-დამცირებული. მე კი იმან უფრო დამაწერინა ეს ტექსტი, რომ უსირცხვილობის ზუსტ სიმბოლოებს ვეძებდი.

სამწუხაროდ, ხშირად მიწევს გამეორება, რომ სირცხვილის დაკარგვა ეს ადამიანის დაცემის უკანასკნელი საფეხურია, უფრო მეტიც: ეს არის „დაცემა იმაზე ქვემოთ, ვიდრე შესაძლებელია დაეცეს კაცი“, ერთი პოეტს თუ დავესესხები. მკვლელსაც ეშველება, ქურდსაც და მეძავსაც, თუ სირცხვილი გრძნობა გამქრალი არა აქვს, სხვას რას გვიჩვენებს სახარების უძირო სიბრძნე და გულმოწყალება! მაგრამ ურცხვი ადამინის წინაშე ალბათ ღმერთიც უძლურია.

ერთი თანამედროვე ქრისტიანი მოღვაწე აფრთხილებს ადამიანებს: „ძალიან მოერიდეთ იმათ, ვისაც საკუთარი დანაშაულისა და შეცდომის შეგრძნება არა აქვს; ვინც არასოდეს იხდის ბოდიშს.“ სწორედ ასეთ ძალებს, რომლებიც ყველაზე მეტად ისწრაფვიან ძალაუფლებისაკენ, უწოდა დოსტოევსკიმ „ეშმაკნი“ და მან ძალიან კარგად იცოდა, რასაც გულისხმობდა. ნუ დაივიწყებთ, რომ არცერთ „ნაცს“ სინანულის ჩრდილიც არ დასტყობია სახეზე ამდენი ჩახოცილი და დასახიჩრებული ადამიანის გამო. რომელ ბოდიშზე და პატიების თხოვნზეა ლაპარაკი!

და სანდრამ გადალახა უსირცხვილობის რუბიკონი და განიზრახა მოქცევაი ქართლისაი: რათა იგი კვლავ დაუბრუნოს „ეშმაკთა“ სამეფოს. და უსირცხვილობის წარუშლელ სიმბოლოდ დარჩება საქართველოს ისტორიას ცოლ- ქმარი სანდრა და მიშა, როგორც დარჩა ქართულ ლიტერატურას მუცელღმერთობისა და უსაქმურობის სიმბოლოდ ლუარსაბი და დარეჯანი; ძალადობისა და მუხანათობის სიმბოლოდ – ჯაყო, უპასუხისმგებლობისა და უთავმოყვარეობის სიმბოლოდ -თეიმურაზ ხევისთავი, და უკიდურესად დამცირებული ქალის სიმბოლოდ ორივეს ცოლი და მსხვერპლი მარგო. ხოლო „მიშამ“ ეს სამივე კაცი შეიერთა, ქვეყანა ცოდვითა და სისხლით აავსო და ისევე დაკარგა ქართლის ნაწილი, როგორც თეიმურაზ ხევისთავმა თავისი მამულები.

და ჩვენ, როგორც არ უნდა დავიღალოთ, მაინც მუდამ უნდა ვებრძოლოთ ემოციურ ატროფიასა და ამნეზიას, როგორც მერაბ მამარდაშვილი იტყოდა: „ზნეობრივ დალტონიზმს“ ჩვენში, რათა უნებურად გვამებს არ გადავაბიჯოთ და იქ არ აღმოვჩნდეთ, სადაც „ეშმაკები“ სუნთქავენ. 1 ოქტომბერი, 2016

P.S. ეს წერილი უკვე დაწერილი მქონდა, როცა ვიხილე მაჟორიტარ დეპუტატ ქ-ნ სანდრა სააკაშვილ-რულოვსის შეხვედრა თავის ბრბოსთან სენაკში. და მასთან მისულიია მეტრეველი, რომელსაც ერთხელ „მგლოვიარე მშვენიერება“ ვუწოდე. დედა, რომელსაც ერთადერთი უდანაშაულო შვილი მოუკლა სააკაშვილის „სისტემამ“ და რომელიც თვითონაც ბევრჯერ მოკლეს ცრუ ადვოკატებმა, ცრუ მოსამართლეებმა და უგვანო ტელეჟურნალისტებმა მიწაზე მოცახცახე, მომაკვდავი ბავშვის უამრავჯერ ახლოდან ჩვენებით. „მინდა თვალებში ჩაგხედოო“- უთხრა მან ქ-ნ მაჟორიტარს. და, კარგად შეხედეთ, მეგობრებო სანდრას, აი, მისი ნამდვილი სახე! ყინულოვანი სახე დაპროგრამებული რობოტისა! და გამახსენდა, როგორ მითხრა ერთხელ მისმა ყოფილმა ახლობელმა: „სიტყვებზე „ცხვრის ტყავში გახვეული მგელი“ მუდამ სანდრა რულოვსი მიდგება თვალწინო. (ამის დაწერაზე ზემოთ მაინც თავი შევიკავე, მაგრამ ახლა…)

და კიდევ ეს გამახსენდა: „…და ვიხილე დედაკაცი, მჯდარი ღვთისსაგმობი სახელებით სავსე შვიდთავიან და ათრქიან შავწითელ მხეცზე… და დავინახე, რომ დამთვრალი იყო წმიდათა … სისხლით, და რომ ვუყურებდი, მიკვირდა დიდად“ (გამოცხადება იოანესი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები