მოლი ნილსონი დღეს თბილისში კონცერტს გამართავს

5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ექსპერიმენტული სინთპოპის შემსრულებელი, მუსიკოსი, მომღერალი და პროდიუსერი მოლი ნილსონი, „მუზამეს“ პროექტის ფარგლებში, Bassiani Concert Hall-ში  (ა. წერეთლის #2) კონცერტს გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონცერტზე გაიყიდება მოლი ნილსონის CD დისკები, ვინილები და მაისურები.
მოლი ნილსონი თანამედროვე ექსპერიმენტული სინთპოპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი წარმომადგენელია. წარმოშობით შვედი, ამჟამად ბერლინში მოღვაწე მუსიკოსის შემოქმედება უნიკალური, ინდივიდუალური სტილით ხასიათდება. მისი მუსიკა სინთეზატორების, რეტრო საუნდებისა და მძიმე პოპთემების ნაზავს წარმოადგენს ღრმა, ინტელექტუალური ტექსტებით, რაც მოლის,  თანამედროვე მუსიკაში მნიშვნელოვანი მოაზროვნის სტატუსს ამყარებს.
ნილსონი თავის შემოქმედებაში ე.წ. Do It Yourself-ის პოლიტიკას ანიჭებს უპირატესობას, რაც გულისხმობს იმას, რომ თავადაა საკუთარი სიმღერების, ტექსტების, არანჟირებების ავტორი. თავად აკეთებს ალბომების პროდიუსინგს, გარეკანებს, იღებს საკუთარ კლიპებს და თავად აწყობს საკუთარ ტურნეებს.
ნილსონის ბოლო ალბომი, სახელწოდებით Zenith, 2015 წელს გამოვიდა და მისი წარმატებული წარდგინება ბერლინში, კლუბ Berghain-ში შედგა. მუსიკოსი, თბილისს სწორედ Zenith-ის მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვევა.
ნილსონი უდიდესი პოპულარობითა და გავლენით სარგებლობს თავად მუსიკალურ სამყაროში. მისი ცნობილი ჰიტის, Hey Moon-ის ქავერი არაერთ მუსიკოსს აქვს შესრულებული, მათ შორის პოსტ-პანკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენელს, მუსიკოს ჯონ მაუსს, თუმცა თავად მოლი, ამ სიმღერას, არასდროს ასრულებს. Hey Moon პირველად და ექსკლუზიურად მხოლოდ 5 ოქტომბერს, თბილისში შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები