ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემიის კონკურსი გამოცხადდა

მწერალთა სახლი, გამომცემლობა “დიოგენესთან” ერთად, აცხადებს ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემიის კონკურსს.
როგორც „კვირას“ კონკურსის ორგანიზატორებმა განუცხადეს, ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია გაიცემა ორ ნომინაციაში: წიგნად გამოცემული ნათარგმნი პოეზია და ლიტერატურულ პერიოდიკაში დაბეჭდილი პოეზიის თარგმანი.
საკონკურსოდ განიხილება 2015 წელს წიგნად/ელექტრონულ წიგნად გამოცემული პოეზიის თარგმანები და ლიტერატურულ პერიოდიკაში პოეზიის თარგმანის პუბლიკაციები. პრემიის ოდენობა წიგნის შემთხვევაში – 1800 ლარია, ხოლო პუბლიკაციისა – 700 ლარი.
საკონკურსოდ წარდგენილი უნდა იყოს ტექსტის პირველი გამოცემა ქართულ ენაზე;
წიგნის კონკურსზე წარდგენა და შესაბამისი ელექტრონული განაცხადის შევსება შეუძლია მხოლოდ გამომცემელს;
თითოეულმა გამომცემელმა შეიძლება წარადგინოს არაუმეტეს 5 წიგნისა; თითოეული ჟურნალის/გაზეთის გამომცემელმა – არაუმეტეს 10 პუბლიკაციისა;
საკონკურსო ნაწარმოებები მიიღება მწერალთა სახლში (მაჩაბლის ქ. N13) 5 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე.
ფინალისტების მოკლე ნუსხას მედიასა და საზოგადოებას წარუდგენს მწერალთა სახლი და გამომცემლობა “დიოგენე” 2016 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში. გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური 5 წევრის შემადგენლობით, ჟიურის წევრთა ვინაობა კონფიდენციალურია; ჟიურის წევრებს შეარჩევენ მწერალთა სახლი და გამომცემლობა “დიოგენე”; გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით; ჟიურის აქვს უფლება, გამონაკლისის სახით გაყოს პრემია ერთ ან ორივე ნომინაციაში, ამ დროს გაიყოფა საპრემიო თანხაც.
პრემია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით  2016 წელს დაწესდა და იგი ყოველწლიური იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები