საკოლექციო წიგნი-ალბომის: ,,ვეფხისტყაოსნის“ მხატვრობის“ წარდგინება გაიმართება

6 ოქტომბერს, 18 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამომცემლობა „ნოტა ბენე“ უნიკალური საკოლექციო წიგნი-ალბომის ,,ვეფხისტყაოსნის“ მხატვრობის“ წარდგინებას გამართავს. ალბომში XIX საუკუნის ბოლოდან დღემდე ყველასთვის ცნობილი თუ უცნობი თექვსმეტი მხატვრის მიერ ამ პოემისთვის შესრულებული ულამაზესი ილუსტრაციებია.
როგორც „კვირას“ გამომცემლობაში განუცხადეს, საუკუნის პროექტი – ასე შეაფასეს კრიტიკოსებმა ალბომი, რომელზეც წლის მანძილზე მუშაობდა გამომცემლობა.
„2016 წელი იუნესკომ შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა, გამომცემლობა „ნოტა ბენემ“ კი სპეციალურად ამ წელს შესთავაზა მკითხველს ეს უნიკალური წიგნი, რომელსაც ანალოგი არ მოეძებნება ქართულ საგამომცემლო სივრცეში, ეს არის პირველი ალბომი, რომელშიც სრულყოფილადაა წარმოდგენილი პოემისთვის შესრულებული უნიკალური ილუსტრაციები, რომლებიც მკითხველს უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას მოჰგვრის და ამოგზაურებს „ვეფხისტყაოსნის“ ჯადოსნურ სამყაროში.
ალბომში გაეცნობით ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს, როგორიცაა: მიხაილ ზიჩი, ნიკო ფიროსმანაშვილი, ლადო გუდიაშვილი, ირაკლი თოიძე, ქეთი მატაბელი, რუდუსან ფეტვიაშვილი და ა.შ
ილუსტრაციებთან ერთად წარმოდგენილია თითოეული მხატვრის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, ინფორმაცია, თუ სად არის კონკრეტული ნამუშევარი დაცული, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ტრეტიაკოვის გალერიაში (მოსკოვი), თბილისის სახვით ხელოვნების მუზეუმში, ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, მხატვრების სახლ-მუზეუმებში და სხვა. მოცემულია ასევე ინფორმაცია, თუ რა მასალით არის შესრულებული შედევრი, შესავალში კი მკითხველი გაეცნობა პოემის დასურათების მოკლე და ძალიან საინტერესო ისტორიას, რომელიც მკითხველის თვალწინ ქართულ-ინგლისურ ენაზე ოქროსფერ და ვერცხლისფერ წარწერებში ცოცხლდება“, – აღნიშნავენ გამომცემლობაში. 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები