“ახვლედიანმა მინიმუმ ძალიან უხეში გადაცდომა ჩაიდინა, ქადაგებდა ერთს და მოქმედებდა საწინააღმდეგოდ, რაც მოსამართლეს არ ეპატიება”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მერაბ გაბინაშვილის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა მინიმუმ ძალიან უხეში გადაცდომა ჩაიდინა, ქადაგებდა ერთს და მოქმედებდა საწინააღმდეგოდ, რაც მოსამართლეს და სასამართლო სისტემას არ ეპატიება.
„ვადასტურებ, რომ ხვალ ნამდვილად გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა. ეს სურვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრმა გამოთქვა იმ კადრების, თუ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რაც გავრცელდა. ეს ფაქტები შესაძლოა, იყოს სახიფათო სასამართლოს მომავალი საქმინობისთვის. საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც დღეს არ არის მოსამართლე. თუმცა, ფაქტის სიმძიმიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო თვლის, რომ უნდა იყოს მსჯელობის საგანი. კოლეგიური ორგანო რა დასკვნამდე მივა წინასწარ არ ვიცი, თუმცა, საქმე ძალიან სერიოზულია. რადგანაც მამუკა ახვლედიანი დღეს არ არის მოქმედი მოსამართლე, ვერც იმას ვიტყვი, რა სამართლებრივი შედეგი დადგება, თუმცა, მსგავსი ტიპის გადაცდომა არასდროს უნდა განმეორედეს სასამართლო სისტემაში“, – განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში.
გაბინაშვილი თავს იკავებს, მამუკა ახვლედიანის ქმედებას სამართლებრივი შეფასება მისცეს და ამბობს, რომ ეს სამართალდამცველების საქმეა: „თავს შევიკავებდი ამ საქმისთვის კვალიფიკაციის მინიჭებაზე. თუმცა ვისაუბრებდი, როგორც მოქმედი მოსამართლის მიერ გადაცდომაზე. ადამიანზე, რომელიც სჩადიოდა ამ დანაშაულს, როცა ის მოქმედი მოსამართლე იყო და ეს თუ დადასტურდება, ეს იქნება სამოსამართლეო ეთიკის ძალიან უხეში დარღვევა. უახლოეს წარსულში, როცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადააყენა, ამის მიზეზი ის იყო, რომ შესაძლოა, საქალაქო სასამართლო ქაოსში დარჩენილიყო. ამ კონკრეტულ ფაქტზე, გვარამია-ახვლედიანის ჩანაწერთან დაკავშირებით, იუსტიციის საბჭო მსჯელობის შედეგად მიიღებს სრულყოფილ ინფორმაციას, რომ ეს იყოს პრეცენდენტული ხასიათის სხვა მოსამართლეებისათვის, რომ მსგავსი გადაცდომები თავშივე უნდა აღიკვეთოს. ვერ გეტყვით, რაზე შევთანხმდებით. მინდა ჩემი პოზიცის გამოვთქვა ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით. უკანასკნელ ხანს, მამუკა ახვლედიანი მოგვევლინა როგორც გულშემატკივარი და სასამართლო სისტემის ფლაგმანი, ადამიანი, რომელსაც სურს სასამართლო სისტემაში რაიმე სიკეთის მოტანა, მაგრამ ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ იმ ქადაგების პარალელურად, რომელსაც ის ეწევა სხვადასხვა სახის ტელევიზიებში, ცდილობს, მუდმივ ინტრიგაში ამყოფოს საზოგადოება, ასეთი ადამიანი, პარალელურად აბსოლუტურად საწინააღმდეგო ქმედებებს სჩადიოდა და საპირისპიროდ მოიქცა“, – განაცხადა გაბინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები