უკავშირდება თუ არა აფეთქება “თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრის განცხადებას – გაბაშვილის პასუხი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი იმედოვნებს, რომ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების მიზეზი გაირკვევა.
როგორც შემთხვევის ადგილზე გაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცუდია ვიღაცისკენ გაიშვირო ხელი, ვიდრე არ იცი, რა მოხდა, თუმცა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ “საქართველოში არსებულ კრიმინოგენურ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ბიძინა ივანიშვილს ეკისრება”.
უკავშირებს თუ არა ერთმანეთს მომხდარ აფეთქებასა და “თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრის განცხადებას, რომ არჩევნების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობა” ავტომობილების დაწვას აპირებდა – ამ კითხვით “პირველმა” გოკა გაბაშილს მიმართა.
“ზუსტად ვიცი, რომ ხელისუფლება შეეცდება, ამ მიმართულებით შეკითხვები გააჩინოს, ღმერთს მადლობა, შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა. როგორც ვიცი, დაშავებულები კარგად არიან, დანარჩენი გაირკვევა”, – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა.
რაც შეეხება შემთხვევის ადგილს, იქ ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო დახმარების მანქანები.
მიმდებარე ტერიტორია ცოტა ხნის წინ უკვე დატოვა გივი თარგამაძემ.
ცნობისთვის, “თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრი აცხადებდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები საკუთარი ავტომობილების აფეთქებას გეგმავდნენ.
წყარო: “პირველი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები