მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, სწორედ გვარამია ცდილობდა “რუსთავი 2” -ის საქმეში ჩარევას
ახალი და განსაკუთრებული მე ამ ჩანაწერებში არ მინახავს , – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ამ ჩანაწერის მიხედვით დასაბუთდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “რუსთავი 2”-ის წარმომადგენლები ერთნი არიან და ამაში მთელი საქართველო დარწმუნებულია.
“არაფერი ახალი და განსაკუთრებული მე ამ ჩანაწერებში არ მინახავს, რადგან ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობის”, “რუსთავი 2”-ის წარმომადგენლები ერთნი არიან, ამაში მთელი საქართველო ისედაც დარწმუნებულია. ისინი აკეთებენ ფარულ ჩანაწერებს, აშანტაჟებენ ადამიანებს, ცდილობენ საქმეებში ჩაერიონ… მოდით, ვთქვათ რა ხდებოდა სინამდვილეში, რაც არ უნდა ეცადონ გვარამია და “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანონ, მეორეხარისხოვან ფაქტებზე და მოვლენებზე არის ერთი მთავარი ამბავი, რომ როდესაც ახსენებენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მე სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ვურჩევ, რომ ნუ მიყვებიან მათ “მესიჯბოქსებს”, იმიტომ, რომ მათი მესიჯბოქსების მიზანია ბიძინა ივანიშვილი ახსენონ და შემდეგ რაღაცნაირად, „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებზე თქვან რაღაც უარყოფით კონტექსტში, ამას ნუ მიყვებიან. მათ მიერ ბიძინა ივანიშვილის ხსენების ერთ-ერთი კონტექსტი არის ის, რომ თითქოს ის ახდენდა გავლენას „რუსთავი 2“ -ის საქმეზე, ამას გვიკიჟინებდნენ და ტვინს უწამლავდნენ ამ ადამიანებს, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ „რუსთავი 2 „ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოზე გავლენას ცდილობდა. ამ ჩანაწერში აღმოჩნდა, რომ სწორედ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ცდილობდა ამ საქმეში ჩარევას. გვარამია ორი კურდღლის დაჭერას ცდილობდა. ერთის მხრივ ის ცდილობდა, პირველი კურდღელი დაეჭირა, იმ ფაქტით, რომ იგი სასამართლოს დისკრედიტაციის მოხდენას ცდილობდა. იმ სასამართლოსი, რომლის შენებაც ჩვენ გავაგრძელეთ და აუცილებლად მივიღებთ იდეალურ, დამოუკიდებელ სასამართლოს, სადაც ყველაფერი კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნება. ამის საფუძველი უკვე ჩაყრილია და მეორე კურდღელი გახლავთ ის, რომ გვარამიას ჰქონდა მცდელობა მოექრთამა სასამართლოს თავმჯდომარე, ჩვენ ვნახეთ ეს შეთავაზება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში “რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის საუბრის აუდიოჩანაწერი ცოტა ხნის წინ გავრცელდა.