უჩა ნანუაშვილი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, არჩევნებამდე ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილებები არ გამოიტანონ

სახალხო დამცველი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, არჩევნებამდე ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილებები არ გამოიტანონ.
უჩა ნანუაშვილს მიაჩნია, რომ შესაძლებელია ე.წ. გახმაურებულ საქმეების „გამომზეურებამ“ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი გააღიზიანოს. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საარჩევნო გარემო მაქსიმალურად მშვიდი და წყნარი უნდა იყოს.
„გახმაურებულ საქმეებზე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, მაგრამ ყველა ძალამ უნდა შეიკავოს თავი ემოციური გადაწყვეტილებებისგან. აქ საუბარია ძველ გახმაურებულ საქმეებზე, ყველამ უნდა შეიკავოს თავი, მათ შორის საგამოძიებო ორგანოებმაც, რადგან ზოგადად ამ პროცესმა, შესაძლებელია, გარკვეული გავლენა მოახდინოს წინასაარჩევნო პროცესებზე. მით უმეტეს, როდესაც სხვადასხვა სოციალური გამოკვლევები ცხადყოფს, რომ საკმაოდ დიდია ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული საკუთარ არჩევანში. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს საარჩევნო ველი იყოს მაქსიმალურად მშვიდი, წყნარი, სამართლიანი და არანაირმა გარემოებამ, მათ შორის, ასე ვთქვათ, წლების განმავლობაში გაჭიანურებულმა საქმეებმა არ უნდა მოახდინოს ზეგავლენა. აქ საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ უახლოეს დღეების განმავლობაში, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, ყველა ღონე უნდა იხმაროს, მათ შორის საგამოძიებო ორგანოებმაც, რომ ზოგადად ტემპერატურამ დაიწიოს, რათა მოსახლეობამ არჩევნების დღეს მაქსიმალურად მშვიდად და ცივი გონებით მიიღოს გადაწყვეტილება“ ,- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები