თამარ ჟვანია დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ,  თამარ ჟვანიამ დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არჩევნებისთვის განხორციელებულ საქმიანობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

“ჩვენ დღეს წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია სრულად მივაწოდეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის მიღწევა, რასაც საარჩევნო ადმინისტრაციამ მიაღწია, ასევე არის საერთაშორისო ორგანიზაციების დამსახურებაც, ვინაიდან საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და კარგი პრაქტიკის მიხედვით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ჩვენ ძალიან დიდი დახმარება მივიღეთ” , – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

პრეზენტაციაზე თამარ ჟვანიამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ამომრჩევლებზე, საუბნო-საარჩევნო კომისიებზე, დამკვირვებლებზე, ცესკო-ს საინფორმაციო კამპანიაზე, ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობაზე, ცესკო-ს გენდერულ პოლიტიკაზე.

თამარ ჟვანიამ დღესვე შეხვედრის მონაწილეებს შედეგების დათვლის ცენტრი დაათვალიერებინა, საიდანაც 8 ოქტომბერს შედეგების დათვლის პროცესის ტრანსლაცია განხორციელდება.

ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შეეძლება ინტერნეტის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში, ცესკო-ს ოფიციალური ვებგვერდის და სოციალური ქსელების მეშვეობით, დააკვირდეს შედეგების დათვლის პროცედურას, ვიდეოგადაღების 360-გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

“მინდა აღვნიშნო ცესკო-ს ინიციატივა, მოკლედ მოეწოდებინა ინფორმაცია საარჩევნო მოსამზადებელი აქტივობებისა და ცალკეული დეტალების შესახებ, იყო ძალიან კარგი იდეა. ეს ინფორმაცია არ არის საჭირო მხოლოდ დიპლომატიური კორპუსისთვის, არამედ საჭიროა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ დადებითად ვაფასებთ მოსამზადებელ აქტივობებს, რომელიც განხორციელდა ყველა ოლქსა და რეგიონში. ველოდებით არჩევნების დღეს და იმ დასკვნებს, რასაც ჩვენი მონიტორინგის ჯგუფები მოამზადებენ. უნდა აღვნიშნო, რომ ერთნაირი ყურადღებით დავაკვირდებით როგორც პირველ ტურს, ასევე, დანიშვნის შემთხვევაში, მეორე ტურსაც” , – განაცხადა საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს გამართულ შეხვედრას 20 საელჩოსა და 6 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები