კახა კალაძე “ნაციონალური მოძრაობის” ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით შსს-ს უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
პარტიის გენერალური მდივანი ასევე გამოეხმაურა ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ შესაძლო რევოლუციურ სცენარსაც და აღნიშნა, რომ ის,  ვინც ამას დააპირებს, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.
კალაძემ ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსაც მოუწოდა, ხვალინდელი აქციის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ.
”მოვისმინეთ პოლიტიკურად გაკოტრებული ძალის ლიდერების განცხადებები რევოლუციებთან დაკავშირებით. მინდა დავარწმუნო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რომ არაფერი გამოუვათ. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ვინც რაიმე გადატრიალებას ან სისხლისღვრას დააპირებს, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. ამ ადამიანების საუბრის მანერიდან გამომდინარე, აშკარად ჩანს, „რუსთავი 2“-ის ჩართულობა, საუბარი იყო ეგზიტპოლებზეც. განცხადებები გაკეთდა, რომ ”რუსთავი 2” აპირებს ეგზიტპოლების გამოქვეყნებას.
კვლევები, რომლებიც გამოქვეყნებულია, როგორც ჩანს, ისიც გაყალბებულია. ჩვენც ვატარებთ კვლევებს და აბსოლუტურად განსხვავებული შედეგებია. გუშინაც გაჟღერდა კონკრეტული პირების მიერ, რომლებმაც წარმოადგინეს რეალური შედეგები. ეს ყველაფერი არის ერთი სცენარის მიხედვით განხორციელებული. ერთი სცენარია, რომ უნდა გამოქვეყნებულიყო გაყალბებული კვლევები, შემდეგ, არჩევნების დღეს, ეგზიტპოლი და თითქოს ხმების დაცვის მიზნით უნდა მოხდეს ხალხის გამოყვანა ქუჩაში. ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური გუნდის ბნელი ზრახვები”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვარდების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია 16:00 საათზეა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები