მამუკა ახვლედიანი: 6 – მილიონიან წილს რომ მთავაზობდა, რა უნდა გამეკეთებინა?!

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხრიდან 6-მილიონიანი წილის შეთავაზების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
„კვირასთან“ საუბრისას, ახვლედიანი დაინტერესდა, თუ რის სანაცვლოდ სთავაზობდა მას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი 6-მილიონიან წილს და განმარტა, რომ იგი არც ერთ საქმეს არ იხილავდა და არც რაიმე გადაწყვეტილების მიმღები იყო.
„ვერ ვხდები, რატომ უნდა შემოეთავაზებინა, რა შუაში ვიყავი, რის სანაცვლოდ? ღმერთი ვიყავი, რამეს ვწყვეტდი, რომელიმე საქმეს ვიხილავდი თუ მე უნდა მიმეღო გადაწყვეტილება რამეზე? სრული სისულელეა. მე ვისაუბრე სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისზე და 6-მილიონიან წილს რომ მთავაზობდა, რა უნდა გამეკეთებინა?! რაში მთავაზობდა, ვინმემ გამცეს პასუხი. რამდენი იდიოტი რაღაცას იტყვის, შეუძლებელია ამაზე დავდგე და პასუხები გავცე.
მსგავსი საუბარი არ გვქონია. სისულელეა ეს ყველაფერი. გაუგებარია. რა უნდა გეკეთებინა სასამართლოს თავმჯდომარეს სანაცვლოდ? ლოგიკური აზროვნება ხომ უნდა გააჩნდეთ ადამიანებს?!
რა წილზეა საუბარი, ეგეც არ ვიცი საერთოდ. მე არ ვიცი, ვინ რას როგორ ჩათვლის, მაგრამ ერთადერთი, რასაც ვიხსენებ, რაზეც ყურადღება არ მიმიქცევია, გვარამიამ მითხრა, რომ გარკვეული სახის დახმარების გაწევა შეეძლო, ალბათ ეს არის შეთავაზება, მე ყურადღება არც მიმიქცევია.
სასამართლოში არსებულ კრიზისზე ყველა თანამდებობის პირთან მქონდა საუბარი, მათ შორის, ყოფილ პრემირ-მინისტრებთან“,-განაცხადა ახვლედიანმა და კითხვაზე, თუ რა სახის დახმარების სთავაზობდა მას ნიკა გვარამია, პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ “youtube”-ზე „რუსთავი 2“-ის თანამშრომლის სახელით ფარული ვიდეო მიმართვა გავრცელდა, სადაც ტელეკომპანიის სავარაუდო თანამშრომელი აცხადებს, რომ ნიკა გვარამია მამუკა ახვლედიანს 6-მილიონიან წილს სთავაზობდა.
მოგვიანებით, გავრცელებულ ინფორმაციას „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახვლედიანს ერთგვარი ფინანსური უზრუნველყოფა შესთავაზა.
მისივე მტკიცებით, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და ქრთამზე საუბარი აბსურდულია.
„ადამიანებს, რომლებიც სისტემური დანაშაულის მხილებას აპირებენ, მედიამ რომ შესთავაზოს პირადი უსაფრთხოება და ასევე მატერიალური უსაფრთხოება, ეს არის ნორმალური პრაქტიკა ყველგან, მათ შორის ჩვენთან“,-აღნიშნა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები