ირაკლი ბუგიანის გამოფენა – „ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში“ გაიხსნება

6 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ირაკლი ბუგიანის გამოფენა – ,,ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში“ გაიხსნება.
ირაკლი ბუგიანი გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვარია.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ,,ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში“ მისი პირველი პერსონალური გამოფენაა საქართველოში. გამოფენის სახელწოდება შერჩეულია ინგლისელი პოეტის, უილიამ ბლეიკის ლექსიდან – „To See a World in a Grain of Sand“ („ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში“). გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი ფერწერული ტილოები, რომლებშიც ნათლად ისახება მხატვრის მისწრაფება მისტიციზმისკენ.
ირაკლი ბუგიანს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენაში. მათ შორისაა: Weltkunstzimmer, Hans-Peter-Zimmer Foundation, დიუსელდორფი (2015); RichMix, ლონდონი (2015); Salon Des Amateurs, დიუსელდორფი (2014); Kunsthalle Recklinghausen, რექლინგჰაუზენი (2013); საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი (2013); Glashaus, დიუსელდორფი (2011); Atelier am Eck, დიუსელდორფი (2009); Gallery Bourgeois Pig, ჰაიდელბერგი (2008); Gallery AZ, ზაგრები (2008) და ბევრი სხვა.
გამოფენა ორგანიზებულია Project ArtBeat-ის მიერ. პროექტის მიზანია ქართული ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა და საქართველოს რეგიონებში კულტურული აქტივობების მხარდაჭერა.
გამოფენის კურატორია მულტიმედია არტისტი ლევან მინდიაშვილი.
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.
გამოფენა “ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში” 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები