ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლითი სხდომა ბათუმში გაიმართა
ბათუმში გამართული ევროპის კულტურის პარლამენტის სხდომები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია სირაბიძემ ევროპის კულტურის პარლამენტის დამფუძნებელმა და გენერალურმა მდივანმა, კარლ ერიკ ნორმანმა შეაჯამეს და მიღებული დეკლარაციისა და რეზოლუციის დეტალები განიხილეს.
როგორც „კვირას“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, ევროპის კულტურის პარლამენტის მე-15 გასვლითი სესია ბათუმში 3 დღის განმავლობაში მუშაობდა. დასკვნითმა სესიამ მიიღო დეკლარაცია, სადაც საქართველოს საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული. ასევე გადაწყდა, რომ საქართველოში კულტურული დიპლომატიის აკადემიას ჩაეყრება საფუძველი.
ევროპის კულტურის პარლამენტი მიზნად ისახავს სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი იდეის გაძლიერებას. რიგით მე-15 საიუბილეო სესიას 40 ქვეყნის 80-მდე დელეგატი ესწრებოდა.
ცნობილი ხელოვანები და კულტურის სფეროში მოღვაწე სხვა პირები, კონტინენტის ყველა კუთხიდან არჩეული არიან დელეგატებად – ევროპის კულტურული პარლამენტის წევრებად. 2016 წლის ზაფხულიდან ევროპის კულტურის პარლამენტში 43 ქვეყნის 160 წევრია გაერთიანებული.
ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლითი სხდომა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უშუალო მხარდაჭერითა და ინიციატივით განხორციელდა.
საქართველოში გასვლითი სხდომის თანაორგანიზატორია ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდი „კავკასია“. პროექტი აჭარის მთავრობის, ტურიზმის დეპარტამენტის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, „ფეტვიაშვილის არტგალერეას ბათუმში“ და ღვინის კომპანია „გიუაანის“ მხარდაჭერით განხორციელდა .