კულტურის მინისტრმა საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულ ანსამბლებს უმასპინძლა

3 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, კულტურის სამინისტროში, “საქართველოს ყრუთა კავშირთან” არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ლილეს”, ახალი წეროვანის დევნილ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ივერიის” და ხალხური საკრავებისა და სიმღერის ანსამბლ “მომავალი თაობის” წარმომადგენლებს უმასპინძლა.
მინისტრმა ანსამბლის წევრებს ფესტივალებზე მიღწეული წარმატება მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილეები: ნინა ხატისკაცი და ირაკლი ლექვინაძე, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელოვნების სფეროსა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“საქართველოს ყრუთა კავშირთან” არსებულმა ქორეოგრაფიულ ანსამბლმა “ლილემ”, ახლახან, ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარის ხელოვნების საერთაშორისო ორგანიზაციის “Fiestalonia Milenio”მიერ გამართულ ფესტივალზე “მზე და ზღვა” გრან-პრი მოიპოვა. 2015 წელს, ამავე ფესტივალის პირველი ადგილის მფლობელი კი ახალი წეროვანის დევნილ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “ივერია” და ქართული ხალხური საკრავებისა და სიმღერის ანსამბლი “მომავალი თაობა” გახდა.
ფესტივალებზე ანსამბლები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაემგზავრნენ. პროექტს ორგანიზება გაუწია ა(ა)იპ “ქალთა თანადგომამ”, ს.ს. “ლიბერთი ბანკისა” და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები