კინოთეატრ „ამირანში“ გიორგი კალანდიას ფილმის – „ათონი ათასწლოვანის“ წარდგინება გაიმართება
4 ოქტომბერს, 18 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ გიორგი კალანდიას საავტორო დოკუმენტური ფილმის „ათონი ათასწლოვანის“ წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, დოკუმენტური ფილმი, „არტარეას” გადამღებ ჯგუფთან ერთად, ათონის მთაზე ერთკვირიანი მოგზაურობის შემდეგ მომზადდა. აღსანიშნავია, რომ ფილმში მაყურებელი პირველად იხილავს ათონისა და ზუგდიდის ვლაქერნის ხატში დაცული ღვთისმშობლის სარტყლის საოცარ ისტორიას, ასევე, ათონის წმინდა მთის სამი მონასტრის: ზოგრაფის, ვატოპედისა და ივერონის უნიკალურ კადრებს.
განსაკუთრებულად ფასეულია ფილმში ასახული ძვირფასი ქართული ხელნაწერებისა და ნაქარგობების ისტორია, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიიდან გამოსვენებისა და ლიტანიობის კადრები და ამავე ხატის ქართული ასომთავრული წარწერა.
ათონის მთაზე მოგზაურობისას „არტარეას“ გადამღებ ჯგუფს საშუალება ჰქონდა, ფირზე დაეფიქსირებინა ივერონის მონასტერში არსებული ქართველ ქტიტორთა ფრესკები, ზოგრაფის მონასტერში ბერების აკლდამა და კარიესში ექვთიმე მთაწმინდელის ფრესკა.
ათონის მთაზე გადაღებული უნიკლაური კადრების გარდა ფილმში გამოყენებულია ხელოვნების სასახლეში დაცული საარქივო მასალებიც.
„ათონი ათასწლოვანი“ დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია გიორგი კალანდია; კონსულტანტი – დავით ახვლედიანი; პროდიუსერი – სოფიო ხუნწარია; ოპერატორი – გიორგი გოგელაშვილი; მონტაჟის რეჟისორი – სოსო ხარატიშვილი.