გურამ ოდიშარიას საჯარო ლექცია „სოხუმში დაბრუნება“ გაიმართება

დღეს, 29 სექტემბერს, 19:00 საათზე,  გურამ ოდიშარიას საჯარო ლექცია „სოხუმში დაბრუნება“ გაიმართება. საჯარო ლექციას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი (თავისუფლების მოედანი, შ.დადიანის 2/1) უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გურამ ოდიშარია აფხაზეთის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიომაუწყებლობის კორესპონდენტად, აფხაზეთის საოლქო გაზეთის კორესპონდენტად, აფხაზეთის მწერალთა კავშირის ლიტერატურულ კონსულტანტად, ჟურნალ „რიწის” მთავარ რედაქტორად, გამომცემლობა „მერანის” აფხაზეთის ფილიალის დირექტორად. 1969 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი. ავტორია 9 პოეტური და 10 პროზაული წიგნის, რამდენიმე პიესის, კინო და ტელესცენარის. ცნობილია მისი რომანები „შავი ზღვის ოკეანე“, „სოხუმში დაბრუნება“ და „პრეზიდენტის კატა“, ასევე, მისი პიესა „… ზღვა, რომელიც შორია“, რომელიც დადგა რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ, სლოვაკურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, თურქულ, სომხურ, იტალიურ ენებზე.
ლექციაზე საუბარი იქნება აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე, იქაურ ცხოვრების სტილზე, ქართულ – აფხაზურ თავისებურებებსა და სხვ.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ნანა კიკალიას პერსონალური ფოტოგამოფენა “საზღვარი”. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აფხაზეთის ამსახველი უახლესი ფოტომასალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები