დავით სერგეენკო: ნინო წილოსანს დასაქმების სფეროში ექსპერტული ცოდნა აქვს

დღეს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გურიაში მედიკოსებს შეხვდა და მათ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნინი წილოსანის შესახებ ესაუბრა.
„ჩვენ პირველად არ ვხდებით ერთმანეთს. გავიხსენებ ერთ-ერთ ჩვენს შეხვედრას და პოლემიკას და მოხარული ვარ, რომ ჩვენი აზრები და ხედვები დაემთხვა ერთმანეთს. მე აქ არ ჩამოვსულვარ იმისთვის, რომ მოგიყვეთ თუ რა გაკეთდა ჯანდაცვის სფეროში ამ ოთხი წლის განმავლობაში. ეს არც არის ჩემი ამოცანა, რამეთუ კარგად ვიცი, ვის ველაპარაკები და რამდენად კარგად ხართ ჩახედული და კარგად იცით, თუ რა რეფორმები განხორციელდა. ბევრი ფიქრობს, რომ მაჟორიტარი დეპუტატი არის უბრალოდ ამბის გადმომცემი. ეს ასე არაა, მაჟორიტარს უფრო დიდი ფუნქცია აკისრია, ის უნდა გრძნობდეს რაიონის მაჯისცემას. ამიტომაც, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მასთან ურთიერთობა. ყველანაირი გამოკითხვით, მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა დასაქმებაა. ქალბატონ ნინოს კი ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვს. ის არ იქნება მხოლოდ თქვენი ხმა,  ის იქნება მნიშვნელოვანი ფიგურა, რამეთუ მას სწორედ დასაქმების სფეროში აქვს მართლაც ექსპერტული ცოდნა“, – განაცხადა მინისტრმა.

ნინო წილოსანმა შეკრებილებს პირობა მისცა, რომ საერთო დოვლათიდან გურია თავისას მაქსიმალურად მიიღებს:

„უპირველესად დიდ მადლობას ვუხდი ბატონს მინისტრს, რომ გამონახა დრო და ჩამოვიდა ჩემი კანდიდატურისა და „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენი მმართველი გუნდის მონაპოვარია ის ფაქტი, რომ ნებისმიერი ამომრჩეველი თავისუფალია არჩევანში და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ირჩევს პარტიასა და კანდიდატს. სწორედ იმიტომ, რომ გააკეთოთ საუკეთესო არჩევანი, ეს შეხვედრაც ამ მიზნით შედგა. ვარ ამაყი, რომ წარმოვადგენ იმ გუნდს, რომლის პრიორიტეტები ყველა ჩვენგანისათვის მისაღებია. ამიტომაც მჯერა, რომ მხარს დაგვიჭერთ 8 ოქტომბრის არჩევნებში. მთავარი მესიჯი, რაც მინდა გადმოგცეთ არის ის, რომ არანაირი სხვა მოტივაცია არ გამაჩნია გარდა იმისა, რომ ვიზრუნო ჩემს გურიასა და გურულებზე. მაქსიმალურად ვეცდები, ჩვენი გუნდის 4-წლიანი პროგრამიდან გურიაში სრულად წამოვიღო ის დოვლათი და სიკეთე, რომელიც ჩვენს რეგიონს სწრაფად წინსვლაში დაეხმარება“, –  განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები