გიორგი კვირიკაშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს დენა ჰაიდს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს დენა ჰაიდს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის მნიშვნელობას, რომელიც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით, ასევე, ინვესტიციების მოზიდვას საქართველოს სწრაფად მზარდ სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა,მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტი, რომელიც საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ისახავს მიზნად, შესაბამისობაშია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესში და განაცხადა, რომ ამაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის განხორციელებაც მიუთითებს.

პრემიერ-მინისტრმა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრისას, ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას, სივრცით მოწყობას, განათლებისა და მმართველობის სისტემის რეფორმას მოიცავს. გიორგი კვირიკაშვილმა დენა ჰაიდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები