თურქეთში არქეოლოგებმა ქალის ქანდაკება აღმოაჩინეს, რომელიც 8 ათასი წლისაა
არქეოლოგებმა თურქეთის ცენტრალურ ნაწილში ქალის ქანდაკება აღმოაჩინეს, რომლის სავარაუდო ასაკი 8 ათას წელს შეადგენს. ამის შესახებ „ფრანს პრესს“ სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, იენ ჰოდერმა განუცხადა.
17-სანტიმეტრიანი ქანდაკება ჩატალ-ჰუუქის დასახლებასთან იპოვეს. 2009 წელს არქეოლოგებმა იქ ადამიანებისა და ცხოველების 2 ათასამდე ფიგურა აღმოაჩინეს. თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ქანდაკება განსაკუთრებით ფასეულია.
ბოლო აღმოჩენა არა თიხისგან, არამედ ქვისგანაა დამზადებული. ის ძალიან კარგად არის შენახული, მთელი ისტორიის მანძილზე ასე კარგად შენახული მხოლოდ რამდენიმე ქანდაკებაა აღმოჩენილი.
იენ ჰოდერის ინფორმაციით, აღმოჩენილი ქანდაკება მოხუც ქალს გამოსახავს, რომელიც საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი სტატუსით სარგებლობდა.