„რატომღაც ყველა ისე მიყურებდა, თითქოს მართლა ბერია ვიყავი“…

იგი მრავალმხრივი შემოქმედია, რაც მოისურვა, აუხდენელი თითქმის არაფერი დარჩა… რეჟისორმა, მსახიობმა და სცენარის ავტორმა საინტერესო თავგადასავლებითა და კურიოზებით სავსე ცხოვრება განვლო. ყველაზე მეტად მაყურებელმა იგი მაინც ბერიას როლით დაიმახსოვრა…
დანარჩენს თავად მალხაზ ასლამაზაშვილი გვიამბობს…

31973_1310970334703_5075946_n– ბატონო მალხაზ, დავიწყოთ ბავშვობიდან, ოჯახური გარემოდან, მშობლებიდანროგორ გარემოში გაიზარდეთ, ვინ იყვნენ მშობლები?
– მამა  – გიორგი ასლამაზაშვილი, განათლებით ისტორიკოსი;  დედა – სოფიო ჩოხელი – განათლებით ეკონომისტი. თუმცა, რაც მე მახსოვს, პროფესიით აღარ მუშაობდნენ.

ბავშვი ვიყავი და ოჯახური გარემო ყველა ბაშვისთვის ბედნიერებაა, მით უმეტეს, მყავდა შვიდი წლით უფროსი და  და ის ჩემთვის რაღაცნაირად, გზის გამკვალავიც იყო.
ბავშვობას გულგრილად ვერ ვიხსენებ.
რა გიტაცებდათ სკოლის პერიოდში? რა დაგრჩათ განუხორციელებელი, რაც გულით გინდოდათ და ვერ აისრულეთ?
– სკოლის პერიოდში მეც, როგორც ყველა ბავშვს, მარტო თამაში და გართობა მიტაცებდა. კარგად ვსწავლობდი, სულ მთლად ფრიადოსანი არ ვყოფილვარ, მაგრამ კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი, ისე, სიმართლე რომ ვთქვა, მეცადინეობა არ მიხაროდა, ვალდებულებას ვგრძნობდი და იმიტომ ვსწავლობდი.
ვსწავლობდი მუსიკალურ სკოლაში, დავდიოდი კრივზე და ძალიან მიყვარდა ხატვა.
სიხარულით მარტო კრივზე დავდიოდი, მუსიკა ძალიან მიყვარდა, მაგრამ  მეცადინეობა არ მიხაროდა, თუმცა მუსიკალური მაინც დავამთავრე, თან კარგი ნიშნებით.
აუხდენელი თითქოს არაფერი დარჩა… ახლა ვეღარ ვიხსენებ, მაშინ რაზე ვოცნებობდი, ალბათ როგორც ყველა ბავშვს, მეც  გემის კაპიტნობა, ან ტორეადორობა მინდოდა.
თქვენ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრეთ და მაესტრო მიხეილ თუმანიშვილი გასწავლიდათიყო თუ არა გამორჩეული თქვენი სტუდენტობა, და თუ იყო, რატომ?

14285199_10207571182698027_535455791_o– სტუდენტობა ყველასთვის გამორჩეული პერიოდია. არა აქვს მნიშვნელობა, სად სწავლობ,  სტუდენტობის ასაკია, თვითონ გამორჩეული და საუკეთესო.
თუმცა თეატრალურში სწავლა მაინც სხვაა, ლექციებიც განსხვავებულია და სწავლის ფორმაც, ვგულისხმობ სპეციალობას, რეჟისურას და მსახიობის ოსტატობას, თორემ საგნები ყველგან ერთნაირად ისწავლებოდა, იმ დროს ასე იყო, ახლა არ ვიცი, როგორ არის. მაგალითად, ჩემს დიპლომზე, თეატრალურის რექტორის, ეთერ გუგუშვილის გარდა,  აკადემიკოს ვახტანგ ბერიძეს აქვს ხელი მოწერილი.
ისე, რომ დაფიქრდეთ, თითქოს სად რეჟისურა და სად ვახტანგ ბერიძე, არა? მაგრამ ასეთი მაღალი დონის სწავლა გვქონდა. ის იყო სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე.
მიშა თუმანიშვილთან მოხვედრა  დიდი გამართლება, მასთან ურთიერთობა კი უკვე უდიდესი ბედნიერება იყო.
საოცარი პედაგოგი იყო, მესამე კურსიდან, სოხუმის თეატრში დამიძახეს სპექტაკლის დასადგმელად, წარმოიდგინეთ, სტუდენტი შევდივარ ნამდვილ  თეატრში, პიესაში დაკავებულია დაახლოებით 25 მსახიობი, ნამდვილი მსახიობი, მთავარ როლშია გოგი ქავთარაძე და ერთი საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტიც კი მყავდა,  მანამდე მხოლოდ ჩემს ჯგუფელ სტუდენტებთან მქონდა ჩატარებული რეპეტიცია  და უცბად, ასეთ ხალხთან უნდა შევიდე რეპეტიციის ჩასატარებლად, ძალიან ვნერვიულობდი, ვემზადებოდი და  უკვე, პირველი რეპეტიციის დამთავრების შემდეგ მივხვდი, რამდენი რამე  უსწავლებია მიშა თუმანიშვილს, ჯერ კიდევ  პირველ და მეორე კურსზე.
მიხეილ თუმანიშვილზე იმდენს წერენ და ლაპარაკობენ მისი მოწაფეები, მე რაღა უნდა დავამატო.
 – თქვენ ორჯერ შეასრულეთ ბერიას როლი ფილმშისტალინი live”-ში, რომელმაც დიდი პოპულარობა მოგიტანათდა მძაფრსიუჟეტიან სერიალშისტალინის ალმასები“. რა სირთულეებს უკავშირდებოდა ამ როლის თამაში?
38384_1371531208687_3059451_n– ბერიას როლი ჩემთვის უდიდესი გამართლება იყო, მე, არა მსახიობს, ასეთი როლი მერგო მთელ 40 სერიაში, ამაზე ყველა მსახიობი, ყველაზე დიდი მსახიობიც კი იოცნებებდა.
ამ გამართლებაში დიდი წვლილი შეიტანა  ჟურნალისტმა და მწერალმა,  გიორგი ვარძელაშვილმა, რომელსაც  მისმა მოსკოველმა  მეგობარმა და კოლეგამ, ნიკა კვიჟინაძემ სთხოვა, მოეძებნა ქართველი მსახიობი, ბერიას და სტალინის  როლისთვის. სტალინი ვერ იპოვა, ბერია – კი.
მეორედ უკვე თვითონ რუსებმა დამიძახეს და კიდევ ბევრი შემოთავაზება მქონდა, ოღონდ არა მარტო ბერიას როლზე, მაგრამ რამდენიმეზე მე ვთქვი უარი, რადგან რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსულ ფილმებში მონაწილეობა აღარ მომინდა.
– თქვენ ბერიას როლმა დიდი პოპულარობა მოგიტანათ. გასახსენებელიც ბევრი გექნებათ…
– კურიოზი ბევრი იყო, რატომღაც ყველა ისე მიყურებდა, თითქოს მართლა ბერია ვიყავი,  სტალინზე არ ჰქონდათ ასეთი რეაქცია, მაინც და მაინც ბერია აინტერესებდათ,  ალბათ იმიტომ, რომ ბერიაზე ბევრი არაფერი იცოდნენ, სტალინს კი, ყველა კარგად იცნობდა.
განსაკუთრებით  ხნიერ ქალებს უხაროდათ  ჩემი დანახვა გრიმში, იმ ასაკის ქალები, ვინც ბერიას ეპოქას მოესწრო, ისეთი თვალებით მიყურებდნენ,  მივხვდი,  რომ ბერიას  სულ არ სჭირდებოდა ქალებზე ძალადობა და ესეც მოგონილია.

ეეერთი შემთხვევა იყო გენერალურ შტაბში, იქ გვქონდა გადაღებები, ეს რამდენჯერმე უკვე მოვყევი, მაგრამ არ შემიძლია, ახლაც არ გავიხსენო.
გენერალური შტაბი ძალიან დიდია, დიდი შენობაა და უამრავი ადამიანი მუშაობს. კინოგადაღების შესახებ კი არაფერი იცოდნენ და როცა დაგრიმული, პენსნეთი და კოსტიუმით, ჟუკოვის კაბინეტიდან დერეფანში გამოვედი, შევეფეთე ვიღაც  პოლკოვნიკს, რომელიც გაიჭიმა და შეშინებულმა წამოიძახა:   ,,ლავრენტი პავლოვიჩ”.
წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებოდა, მოდის დერეფანში და ხედავს, როგორ გამოდის ჟუკოვის კაბინეტიდან ბერია, თან მთელი ეს გრძელი დერეფანი ცარიელი იყო, ალბათ მოჩვენება ვეგონე. მერე რომ გავიცინე და დაველაპარაკე და მიხვდა, რომ ნამდვილი ბერია არ ვიყავი, გახარებული გაიქცა, მოიყვანა ფოტოგრაფი, სხვა ოფიცრები და ჩემთან სურათების გადაღება დაიწყეს.
მე არ მეგულება ქართველი ისტორიკოსი, რომელმაც ცოტათი მაინც შეისწავლა ბერიას საქმიანობა, მასზე საბჭოთა სკოლების ისტორიის მასწავლებლებივით ყვებიან და მსჯელობენ. მე კი, როლიდან გამომდინარე, ბერიაზე საკმაოდ დიდი მასალა შევისწავლე“, – ამბობთ ერთ ინტერვიუში.
და მაინც, რას გვეტყოდა ბერიაზე მისი როლის შემსრულებელი დღევანდელი გადასახედიდან? რა მოვლენა იყო იგი?
– სამწუხაროდ, მართლა ასეა, ქართველებს რატომღაც გვიყვარს მითებისა და ჭორების დაჯერება,  ტყუილს უფრო ადვილად ვიჯერებთ ვიდრე სიმართლეს. ის, რაც ბერიაზე ვიცით, შეთხზულია ხრუშჩოვის პროპაგანდით, მან  მოიშორა  ბერია  და მასზე კარგს  რას იტყოდა?
პავლოვიჩი,  რა თქმა უნდა, ანგელოზი არ ყოფილა, მაგრამ 90% რაც ვიცით, გამოგონილია. ალბათ გავა წლები და ბევრ რამეს მოეფინება ნათელი,  ამას ჯერ დრო სჭირდება.
ამით შეიძლება ბევრი გავაბრაზო, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა – ბერია საქართველოს პატრიორტი იყო.

10155506_10202935809576596_3923684116145981304_n– თქვენ, როგორც მრავალი თეატრის დამდგმელი რეჟისორი, რას ფიქრობთ თეატრის პრობლემებზე? რამდენად თანამედროვეა თეატრების რეპერტუარი და რაზეა დამოკიდებული მაყურებლის სიმრავლე?
ხომ არ ფიქრობთ, რომ კომპიუტერიზაციამ არა მხოლოდ წიგნს, არამედ თეატრსაც დაუკარგა მაყურებელი? ახალგაზრდებს თეატრში წასვლას ფეისბუქზე ყოფნა ურჩევნიათ. არადა, თეატრი კულტურულშემეცნებითი განათლების მისაღებად მნიშვნელოვანია.
როგორ უნდა შემობრუნდეს ახალგაზრდობა თეატრისკენ?
– პრობლემები ყველგან არის და, რა თქმა უნდა, თეატრშიც, მაგრამ ეს არ არის კომპიუტერიზაციით გამოწვეული, პირიქით, თეატრები კომპიუტერიზაციას, კარგად იყენებენ.
თეატრს კომპიუტერი ვერ შეცვლის,  ასე ამბობდნენ, როცა კინო შემოვიდა, ასე ამბობდნენ ტელევიზიის შემოსვლის შემდეგაც, მაგრამ თეატრი ვერ მოკლა ვერც კინომ, ვერც ტელევიზიამ და ვერც კომპიუტერი დააკლებს რამეს. კომპიუტერი კინოს უფრო მეტს აკლებს, ვიდრე თეატრს. კინოს  მონიტორზეც ნახავ, სპექტაკლი კი ცოცხალია, ცოხალ კონტაქტს მაყურებელთან, კომპიუტერი ვერ შეცვლის.
თეატრების ყველაზე დიდი პრობლემა მაინც დაფინანსებაა.  დაფინანსება იმდენი უნდა იყოს, რომ  რეჟისორს არ უხდებოდეს სპექტაკლის დასადგმელად ფინანსების მოძიება. თუ საინტერესო პროექტია, რეჟისორს უნდა ჰქონდეს განხორციელების საშუალება.
ან ისე უნდა აეწყოს სისტემა, რომ რეჟისორი არ ფიქრობდეს ფინანსებზე და ამას სხვა უნდა აკეთებდეს, არ შეიძლება თან შემოქმედებაზე ფიქრობდე, თან ფულს ითვლიდე და მერე კომპრომისზე მიდიოდე, ფულის უკმარისობის გამო. რეჟისურა  და პროდიუსინგი, აბსოლუტურად განსხვავებული პროფესიებია.
რეპერტუარის მრავალფეროვნებას კი სწორედ სხვადასხვა რეჟისორის დადგმები განაპირობებს, ხოლო  საინტერესო რეპერტუარს და მაღალი დონის სპექტაკლებს  მოჰყავს თეატრში მაყურებელი. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დღეს თეატრს მაყურებელი აკლია.  აბა, წადით მარჯანიშვილში, არც ისე ადვილია  ბილეთების შოვნა. ეს, გამოწვეულია კარგი სპექტაკლებით და  თეატრის სწორი მართვით.
გადაუწყვეტელი პრობლემა არ არსებობს, მთავარია ნება.

11041670_10204113591580410_6883344696974477857_n– თქვენი საყვარელი სპექტაკლი?
– ბევრი სპექტაკლია ჩემთვის საყვარელი, მაგრამ რამდენიმეს გამოვყოფ, ესენია: თუმანიშვილის ,,ჭინჭრაქა”, ტოვსტონოგოვის ,,ცხენის ისტორია” და სტურუას ,,კავკასიური ცარცის წრე” .
– თქვენ მრავალი სცენარის ავტორი ხართ? რომელ სცენარზე გაამახვილებდით ყურადღებას, რომელმაც ყველაზე დიდი წარმატება მოგიტანათ?
რომელ სცენარზე გწყდებათ გული, რომელიც ვერ განახორციელეთ და მისი დადგმა გინდოდათ? რაზეა ეს სცენარი?
– მე პროფესიით არც მსახიობი ვარ და არც სცენარისტი, მე რეჟისორი ვარ, ამიტომ განუხორციელებელ როლზე ან სცენარზე გული არ მწყდება. სცენარს ვწერ მაშინ, როდესაც ამის მოთხოვნილება მიჩნდება,  ან თუ ვინმე დამიკვეთავს.
ჩემი ყველაზე  საყვარელი სცენარი იყო ,,ატაგენუსი”, რომელმაც  დიდ კონკურსში გაიმარჯვა,  მერე უნდა გადამეღო, მაგრამ   სიტუაცია შეიცვალა და  საბოლოოდ დათო ჯანელიძემ გადაიღო და ,,იმედზე”  გავიდა რვა სერია.
საერთოდ, სცენარი ისეთი რამეა, თუ ფილმად არ განხორციელდა, დაკარგულია.  ახლაც მაქვს  ერთი უკვე დაწერილი, მეორე დაწყებული და დაუმთავრებელი, რადგან დამკვეთი არ არსებობს.
დამკვეთის არ არსებობის გამო, ერთი სცენარად დაწყებული, რომანად დავასრულე,  მაგრამ მაინც  მაქვს დიდი იმედი, რომ აუცილებლად  გამოჩნდება მსურველი და ამ რომანიდან სერიალს გადავიღებ, ან სხვა გადაიღებს, მჯერა, რომ მისგან ძალიან საინტერესო ფილმი  გამოვა, აი თუ ეს არ განხორციელდა, ნამდვილად დამწყდება გული.
თქვენი თარგმანი თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსისთარგმანი 2016“-ის გამარჯვებული გახდა. თქვენ ბრატისლავ ნუშიჩის ნაწარმოებისაეჭვო პიროვნებათარგმნეთ… რას ფიქრობთ ამ კონკურსზე? და რატომ თარგმნეთ მაინცდამაინც ეს პიესა?

12792122_10206191872376131_6945059276842234431_o– თუმანიშვილის ფონდის დაფუძნებული კონკურსი, თეატრებისთვის დღეს არის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მანანა ანთაძემ  ძალიან კარგ   ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი.  ამ კონკურსებმა ქართულ დრამატურგიას უამრავი კარგი პიესა შესძინა.
ბრანისლავ ნუშიჩის პიესა ,,საეჭვო პიროვნება”, ჩემთვის ვთარგმნე დასადგმელად. ეს პიესა იმიტომ ვთარგმნე, რომ ძალიან აქტუალურია ჩვენთვის,  მაგრამ  ობიექტური მიზეზების გამო, ჯერჯერობით ვერ მოვახერხე  დადგმა და კონკურსში წარვადგინე. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან პიესამ პრემია მიიღო და მე თუ არა, იქნებ სხვა რეჟისორმა მაინც დადგას, ძალიან გამიხარდება, თუ ჩემს ნამუშევარს სცენაზე ვიხილავ.
რაც შეეხება ჩემი თარგმანის გამარჯვებას, რეჟისორის თარგმანს,  ყოველთვის აქვს უპირატესობა, რეჟისორი პიესის თარგმნის დროს სპექტაკლს ხედავს და ამიტომ. თარგმნა იგივე მწერლობაა, იგივე შემოქმედებაა,  ეს პრემია ჩემთვის ძალიან ძვირფასია, რადგან  თუმანიშვილის სახელს ატარებს.
თქვენ მიღებული გაქვთ სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები. რომელს გამოყოფდით და რატომ?
– ბევრ კინოფესტივალზე ვყოფილვარ, ხან როგორც მონაწილე და ხან როგორც ჟიურის წევრი.
ჩემი მონაწილეობიდან გამოვყოფდი ,,ინფუთ 97″-ს, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ნანტში ჩატარდა. მაშინ ტელეკომპანია ,,მირ”-ში ვმუშაობდი და იუნესკომ დოკუმენტურ ფილმებზე გამოაცხადა კონკურსი, ჰოდა, ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა, გადავიღეთ ფილმი ,,გარეთ კი შემოდგომაა”.  ამაზე  სხვათა შორის თქვენმა  კოლეგამ, ჟურნალისტმა მიშა ვარძელაშვილმაც იმუშავა  და   ფილმს კადრს მიღმა  მისი ხმა მიჰყვება.  ფილმი კარგი გამოვიდა, ჯერ იუნესკოს კონკურსში გაიმარჯვა ქბაქოში, შემდეგ მოსკოვში და ბოლოს – საფრანგეთში.
– თქვენ იუნესკოს პროგრამითსაერთაშორისო ჟურნალისტიკის კურსებიც დაამთავრეთ. რატომ გადაწყვიტეთ ჟურნალისტობა?
– ჟურნალისტობაზე არასდროს მიოცნებია, ეს თავისთავად გამოვიდა, ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა და ყველაფერი ამას მოჰყვა.
როდესაც საინფორმაციო სიუჟეტებს აკეთებ, როგორც ოპერატორი და როგორც რეჟისორი,  თანდათან სწავლობ, მერე რამდენჯერმე ტრენინგიც გავიარე.  ისე ტელერეჟისორის და ტელეჟურნალისტის საქმე თითქმის ერთი და იგივეა.  მერე სტატიების წერა მომიწია ჟურნალებისთვის და ასე ტელეს გარდა, მწერალ ჟურნალისტობასაც ვეწეოდი. უნდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარს და ძალიან მომწონს ეს პროფესია. რეჟისორი რომ არ ვიყო,  ჟურნალისტობას ვისურვებდი.

11089082_10204246844311645_8303288366858586819_o– თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი, მწერალი, მთარგმნელი, ტელესცენარისტი, კარატისტიდა მაინც, ყველაზე მეტად რომელს ანიჭებს უპირატესობას მალხაზ ასლამაზშვილი?
– ყველაფერს მაინც თეატრი მირჩევნია.
ამჟამად ბევრს ვწერ, ვწერ რადგან წერის დროს არა ვარ ვინმეზე დამოკიდებული.
ვერც სპექტაკლს დადგამ,  ვერც ფილმს გადაიღებ და ვერც სატელევიზიო გადაცემას  გააკეთებ, თეატრის ან ტელე და კინოსტუდიის გარეშე, ეს კოლექტიური საქმეა, წერით კი მარტო წერ, არავისზე ხარ დამოკიდებული, თუმცა მერე ნაწარმოებს დაბეჭდვა სჭირდება და აქაც ფინანსები ისევ ავტორმა უნდა მოიპოვოს. როცა რომანის წერა დავიწყე, ეს არ ვიცოდი, მეგონა რედაქტორები წაიკითხავდნენ და თუ მოეწონებოდათ, დაბეჭდავდნენ.
რაც შეეხება თარგმნას, თარგმნა მიხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ის პიესები, რომლებიც მაინტერესებს, არ არის თარგმნილი.
თქვენი ჰობი?
-ახლა ჰობისთვის დრო აღარ მაქვს და არც ასაკი  მიწყობს ხელს, ისე ძალიან მიყვარს ხატვა და ხანდახან ვხატავ კიდეც.
– ზემოთაც ახსენეთ…
– კი, ხანდახან ვხატავ… მეორე კურსზე ყოფნისას ჩემი დახატული მიშა თუმანიშვილი თეატრში უკიდიათ…

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები