„ბაჩო ახალაიას მეუფე იობის წინააღმდეგ ჩვენების მიღება სურდა“
ყოფილი პატიმარი გოდერძი ჯოლოხავა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას ზეწოლაში ადანაშაულებს – ამის შესახებ ყოფილი პატიმარი გაზეთ „ქრონიკა+“-სთან ინტერვიუში საუბრობს. როგორც ყოფილი პატიმარი აცხადებს, ბაჩო ახალაია მას აიძულებდა საკანში მყოფი პატიმრებისგან აღიარებითი ჩვენებები მიეღო. „პატიმრებზე, რომლებიც ჩემთან ისხდნენ (პირველ შემთხვევაში ეს იყო პოლიტპატიმარი ჯემალ გუნდიშვილი), უნდა მომეხდინა ზეწოლა, რათა მათგან მიეღოთ სასურველი ჩვენება. ეს იყო პატიმარი ყინწვისის ცნობილი საქმიდან. მეორე იყო მერაბ ყოლბაია, „კოჭოია”. ამ ორ პატიმართან მქონდა შეხება… თავიდან ოლეგ ფაცაცია გამეცნო, მეზობელი სოფლიდან იყო სამეგრელოში. მე წალენჯიხის რაიონის სოფელ მიქავადან ვარ, ეგ კიდევ მუხურიდან. მან მითხრა, თუ ვითანამშრომლებდი ადმინისტრაციასთან, პირობებს გამიუმჯობესებდა. დავთანხმდი. რამდენიმე ხნის მერე გადამიყვანა საკანში, სადაც იჯდა პატიმარი მალხაზ ქარსელაძე. გამაცნო, ჩემი მეგობარიაო, და იმედი მაქვს, იძმაკაცებთო. გვითხრა, – თუ რამე დაგჭირდებათ, სასმელ-საჭმელი, არ მოგერიდოთო. ამის შემდეგ ფაცაციამ მითხრა, – ყინწვისის საქმეზე არიან დაკავებულებიო, ერთ-ერთი პატიმარი არის ხანში შესული, ვერ ეგუება ციხეს, ხუთი შვილის მამაა, მაგასთან ერთად უნდა გადაგიყვანო, კიდევ უფრო უკეთეს პირობებში იქნებიო. მანამდე მე ვუთხარი ოლეგს, – ეს ქარსელაძე, მგონი, ჩვენიანი არ არის, იტყუება რაღაცებს, გადაიყვანე სხვაგან და გუნდიშვილს მე მარტო მივხედავ-მეთქი. ასეც მოხდა. ფაცაციამ მომთხოვა, გუნდიშვილზე განმეხორციელებინა ზეწოლა, რომ მას სასურველი ჩვენება მიეცა. ამ დროს ოლეგ ფაცაციამ შემახვედრა ბაჩო ახალაიას. ბაჩომ მითხრა, – რა პრობლემა გახდა ეს ყინწვისის საქმე, თუ ამას შეასრულებ, მეორე დღესვე „სვაბოდაზე” იქნებიო. მისი დავალებით განვახორციელე ზეწოლა გუნდიშვილზე. ბაჩომ მითხრა, – თუ არ შეგიძლია, ისიც მითხარიო. მე უარის თქმის შემეშინდა. ამ დროს ბაჩანა ახალაიამ მოატანინა ვიდეოკამერა და მითხრა, – ნახე, როგორ ვექცევით იმ ადამიანებს, რომლებიც გვატყუებენო: კადრებში შიშველი პატიმრები ძირს ეყარნენ და მათ „დუბინკით” აუპატიურებდნენ. სხვა კადრებში იყვნენ თავზე პარკჩამოცმული პატიმრები, ვინც თანხმდებოდა, ასულიერებდნენ, ვინც არა, – გაისტუმრებდნენ. ბაჩომ მითხრა, – შენ ჩვენ ვერ მოგვატყუებ, გამორიცხულიაო. იქვე ისიც მითხრა, – თუ გუნდიშვილის შესაშინებლად დაგჭირდება, დანასაც მოგცემს ოლეგის ოფიცერიო. დავბრუნდი საკანში. იქ ვთქვი, რომ ექიმთან ვიყავი გაყვანილი. უნდა მემოქმედა, რაც დამავალეს, იმის მიხედვით. სისტემატურად ვახორციელებდი გუნდიშვილზე ზეწოლას. ქარსელაძის გადაყვანამდე კიდევ ფული მოვუგეთ, თავანი ექნებოდა ჩასაბარებელი, ციხეში ფულს ვერ შემოიტანდა, ამიტომ უნდა ეთქვა ჩვენთვის, რომ თავანს ისტუმრებდა იარაღით, რომელიც დამარხული ჰქონდა. ასე უნდა გვეპოვა ყინწვისის საქმეზე იარაღი. გუნდიშვილისგან უნდოდათ ასევე ჩვენების მიღება მეუფე იობზე. მე მას ვთხოვე, – იქნებ, ოფიცერს უთხრა, რომ ვერ ეგუები ჩემთან ყოფნას და სხვა საკანში გადაყვანა მოითხოვე- მეთქი. ამის შემდეგ ოლეგს ვუთხარი, – სასულიერო პირებზე ამას ვერ გავაკეთებ და დამეხმარე, სხვა საკანში გადამიყვანე, იქ შევასრულებ ნებისმიერ დავალებას-მეთქი. გადამიყვანეს, ამჯერად უკვე „კოჭოიასთან”, – აცხადებს ყოფილი პატიმარი.