ვინ დაამზადა გორბაჩოვის კაბინეტისთვის სკამები, დივან-სავარძლები და საწერი მაგიდა?

გიორგი ლომიძეს ავჭალის ხელოსანთა ქალაქში პატარა სახელოსნოში შევხვდით. ავეჯის დიზაინერის სახელოსნოში, სარესტავრაციო ნივთების გარდა, პატარ-პატარა ქანდაკებებს, ფერწერულ ნამუშევრებს, გამოყენებითი ხელოვნების მოჩუქურთმებულ ნიმუშებს ნახავთ.12068728_204867989880191_6521559447604500947_o
ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა, აქვე დაამთავრა პოლიტექნიკური ტექნიკუმი. სპეციალობით ავეჯის წარმოების ტექნოლოგია… ამბობს, რომ უფრო უკეთეს შედეგებს მიაღწევდა ხელოვნებაში, ფეხბურთს რომ არ წაერთმია 12 წელი. ქუთაისის „ტორპედოს“ დუბლშემადგენლობაშიც თამაშობდა… ერთხანს ქუთაისის საქალაქო კომიტეტის წევრიც კი იყო. სპეციალობით ინტენსიური მუშაობა კი, გასული საუკუნის 80-იან წლებში მოსკოვურ პერიოდს უკავშირდება.

– როცა მოსკოვში ვმუშაობდი, გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტიც დაუსწრებლად დავამთავრე. დავამთავრე და კიდეც აირ-დაირია ყველაფერი.
– რა პერიოდში მოგიწიათ იქ ყოფნა?
– 1986, 87-88-89 წლებში პერიოდულად დავდიოდი. მანამდე საკავშირო სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის წევრიც ვიყავი. მერე მიმიწვიეს კრემლში.
– სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე ავეჯი გაგქონდათ?
– რა თქმა უნდა, ავეჯი, ქუთაისის ავეჯი ხომ უნიკალური და ძალიან ლამაზია, პირველად ჩვენ – ქუთაისელებმა დავიწყეთ მხატვრული ავეჯის გაკეთება. არ შემიძლია, არ ვახსენო ცხონებული ილია ჩოხელი. მან მირჩია, ამ საქმეს გავყოლოდი. მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბე კოოპერატივი „ქუთაისი 3000“, რომელიც მალევე ცნობილი გახდა საბჭოთა კავშირში.
– საინტერესოა, კრემლში როგორ მოხვდით?12525477_204856136548043_5405901899474167068_o
– ახლა ჩვენთან ტენდერებს რომ აცხადებენ, მაშინ სიმპოზიუმები იმართებოდა და საუკეთესო მეავეჯე უნდა გამოევლინათ. ეს გორბაჩოვის დამსახურება იყო. მან თქვა, როცა ჩამოვლენ ფრანგები, იტალიელები, ან ამერიკელები, მათ გაკეთებულ სკამზე, ან დივანზე უნდა დავსვა, და ჩვენც უნდა დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ ძლიერები ვართო.
გამოფენაზე მოეწონათ ჩემი ნამუშევრები. მერე რამდენჯერმე მივედით კრემლში, დავათვალიერეთ, რა გვინდოდა, მაგრამ მუშაობის პროცესი სხვაგან მიმდინარეობდა. საგანგებოდ საბავშვო ბაღი გამოათავისუფლეს, სადაც საუკეთესო სპეციალისტები მოიწვიეს. მაგალითად, კარპატებიდან იყვნენ ბიჭები – მხატვრები, ასევე – მქსოველებიც, დურგლებიც, ბევრი ხალხი მუშაობდა. მე ხეზე მხატვრულ დამუშავებას ვხელმძღვანელობდი. უამრავი კარგი ხალხი, საუკეთესო სპეციალისტები გავიცანი.
– გორბაჩოვის კაბინეტისთვის კონკრეტულად რა გააკეთეთ?
– გორბაჩოვის კაბინეტისთვის დივან-სავარძლები, სკამები  და საწერი მაგიდა დავამზადე…. მასალა იყო ავსტრიული ხის ნეკერჩხალი.
მაშინ იქ ამბობდნენ, 20 ადამიანი ციმბირში ხელით ნოხს ქსოვს, რომელიც გორბაჩოვის კაბინეტში უნდა დაიგოსო… მოქსოვილი ნოხი არ მინახავს, მაგრამ მისი ნახაზი კი ნამდვილად ვნახე.
– თქვენ რამდენი ხანი მოუნდით კაბინეტის ავეჯის გაკეთებას?
– თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 1986 – 88 წლებში მოსკოვში გამოძახებით, პერიოდულად, ორი-სამი თვით ჩავდიოდით, ალბათ წელიწადი მოვუნდი.
– გორბაჩოვს და მის მეუღლეს იცნობდით?
– გორბაჩოვს ერთხელ შევხვედრივარ. ყველას მოგვესალმა, ხელი ჩამოგვართვა და გაიარა. ამ საქმეს მისი მეუღლე კურირებდა.
– ანუ საკავშირო მიღწევათა გამოფენაზე მოეწონათ თქვენი ნამუშევრები და შეგიკვეთეს ავეჯი?886933_204867209880269_2356442957849836835_o
– მაშინ ასე პირდაპირ არ გვიკვეთავდნენ, მაგრამ მე ყველაფერს ვხვდებოდი… როცა კარგი ავეჯი თბილისში, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე გადის და სამ დღეში ქრება… ამაზე ორი აზრი აღარ შეიძლებოდა ყოფილიყო – სად მიდიოდა და ზემდგომ ინსტანციაში, ცეკაში, ისე, რომ ჩვენ არ ვიცოდით. მაგალითად, ვიცი, რომ ბრეჟნევს ჰქონდა ჩემი გაკეთებული ავეჯი, ასევე -კუნაევს.
– მათთვის რა ავეჯი დაამზადეთ?
– ბრეჟნევისთვის – საძინებელი. კუნაევისთვის ზუსტად აღარ მახსოვს… ხოლო პირდაპირ მოვიდა დაკვეთა, რომ მიუსერის სამთავრობო აგარაკისთვის უნდა დამემზადებინა ავეჯი. ეს საქმე ქუთაისის ავეჯის კომბინატმა აიღო თავის თავზე. დამზადდა საძინებლის, მისაღების, კაბინეტის ავეჯი, ასევე – სამეულები.
– ვის უნდა დაესვენა მიუსერაში?
– გორბაჩოვს და რაისას, მაგრამ არა მგონია, იქ მოესწროთ ჩასვლა, ისე აირ-დაირია ყველაფერი.
– მერე როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?
14231803_1073618492687150_4448803146907397810_o– მოგვიანებით მე და მეგობარმა ქუთაისში ავეჯის კოოპერატივი „ატლანტი“ შევქმენით, გამოფენებზე მიმქონდა ჩვენს საამქროში დამზადებული ავეჯი. აირია ქვეყანა და იძულებული გავხდი, დამეტოვებინდა საქართველო. ოჯახის გადარჩენის მიზნით უცხოეთში წავედი. 16 წელი საბერძნეთში ვმუშაობდი.
– რით იყო გამორჩეული საბერძნეთში გატარებული წლები?
– იქ მოვხვდი ცნობილ ბერძენ მხატვართან და ძალიან კარგ ადამიანთან, კანაიატის ნორაიტისთან. მასთან წლების მანძილზე ვმუშაობდი – მარმარილოზეც, ლითონზეც, ხეზეც… ვიმუშავე. ყველაფერს ვაკეთებდი.
ათენში წმინდა ეკატერინეს ეკლესიის სატრაპეზო, ინტერიერი მარმარილოთი –  მაშინ ყველაფერი მე გავაფორმე. ახლაც ყოველ ლიტურგიაზე ჩემს სახელს ახსენებენ, საბერძნეთში ფერწერის, ქანდაკების თუ გამოყენებითი ხელოვნების მრავალ გამოფენაში ვმონაწილეობდი. და თითქმის ყველა გამოფენაში ჯილდო მაქვს მიღებული.
– საბერძნეთში, შორიდან, ალბათ, უფრო სხვანაირი ჩანს სამშობლო…ხშირადაც გიფიქრიათ სამშობლოდან გადახვეწილებზე… 12841202_204871256546531_333949940364736566_o
– იქ უამრავი ხალხი გავიცანი, დღემდე მეცოდებიან ქართველები, ჩემი თავის ჩათვლით. ისინი აქ უნდა იყვნენ, მაგრამ საქართველოს უჭირს და სამუშაოდ უცხოეთში წავიდნენ. ამას წინებზე გაზეთში წავიკითხე, ერთი ხევსური ბიჭია, დაიაური, ამბობდა, ვტოვებ საქართველოს, იძულებული ვარო. გული დამწყდა. თუნდაც მე, იმხელა გამოცდილება მაქვს, ახლა არ უნდა ვფიქრობდე, ოჯახი როგორ ვარჩინო. 63 წლის ვარ და ახალგაზრდებს და მომავალ თაობას უნდა ვზრდიდე.
კაცი რომ საწყალი თვალებით შემოგხედავს, ის გაჭირვებულია. დღეს ყველას პრობლემა აქვს, ქართველი ერი ასე არასდროს ყოფილა. ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი თვალების დანახვა გულს მტკენს. ზემოთაც აღვნიშნე, რატომ უნდა ვფიქრობდე, რით ვარჩინო ოჯახს და რა მივიტანო სახლში, როცა ახალგაზრდებს უნდა ვზრდიდე.
– ალბათ ამ სახელოსნოში უზიარებთ გამოცდილებას ახალგაზრდებს… აინტერესებთ მათ ხელობა?
– როცა ქუთაისის ავეჯის კომბინატში ვმუშაობდი, მოსწავლეები მყავდა. თითქმის 300 კაცამდეა ჩემს ხელში გავლილი. ახლა აქ ჩემი 3 მოსწავლე მუშაობს. ახალგაზრდებს, ვფიქრობ, ნაკლებად აინტერესებთ ეს საქმე. ურჩევნიათ, კომპიუტერებში შეძვრნენ, ვიდრე რაიმე ხელობა აითვისონ.
სიტყვამ მოიტანა და, მადლობა უნდა გადავუხადო საწარმო „თრიალეთის“ ხელმძღვანელს, ირაკლი კობერიძეს და როინ მარგიანს. მათი დამსახურებაა, დღეს რომ აქ ვმუშაობ.
– თქვენი შვილები თუ დაინტერესდნენ თქვენი პროფესიით?14249925_1073618692687130_532015048413927502_o
– ბევრი რამ ვნახე და გადავიტანე… ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი მოვლენა შვილიშვილები არიან. შვილები – ნანა, ვერიკო იურისტები არიან, ნინო უცხო ენის სპეციალისტია…
მყავს ორი შვილიშვილი, მარიამი და გიორგი. მარიამს ხატვა უყვარს. თუ მომავალშიც გააგრძელებს, მიმართულებას მივცემ. მინდა, რომ არქიტექტორი გამოვიდეს, მიყვარს, ქალები რომ მამაკაცების პროფესიას ეუფლებიან.
– თქვენს სახელოსნოში უამრავი სხვადასხვა ნამუშევარია… პირველ ნამუშევარს ხომ არ გაიხსენებდით?
– ჩემი პირველი სერიოზული ნამუშევარი პატარა სარკის ჩარჩო იყო, ხოლო სულ პირველად – სახლის კუთხეზე, ქვაზე ამოვკვეთე დოქი, ვაზი და ყანწი.
გაჩერებით არ ვჩერდები, ახლა  ჭურჭლის ძველი კარადა მაქვს სარესტავრაციო. ირგვლივ რასაც ხედავთ, ეს ნამუშევრები – ზოგი აქ შევქმენი, ზოგი – საბერძნეთში.
ეს თამარ მეფის პორტრეტია, ბულგარეთიდან ჩამოტანილ უძველეს, 200-წლოვან მუხის კარებზე დავხატე. მინდოდა ყველაზე ლამაზი თამარი გამოსულიყო… ფულზეც არ ახატია ასეთი თამარი. მის გვერდით დავით აღმაშენებლის გორელიეფია.
რაფაელის სიქსტის მადონას… კაბა შევუცვალე, წითელი ფერის სამოსი წინ გადმოვიტანე და ანგელოზები დავუმატე. იგი დამწვარ ხეზე დავხატე, როემლსაც შეშად ჭრიდნენ, ფორმა მომეწონა და წამოვიღე სახელოსნოში.14138717_1073618769353789_2896352080862025547_o

… აქვეა მარმარილოთი მოჩუქურთმებული საეკლესიო ვიტრინა, სადაც ხატები უნდა განთავსდეს. ჯერ კიდევ საბერძნეთში დაუმზადებია.
ალვის ხის ფესვი, შაბიამანით და ბრინჯაოთი მოუხატავს…
შავ მარმარილოზე ულამაზესი თეთრი ვარდები ანათებს. უნდა, რომ პატრიარქს უსახსოვროს…
გამოფენის გამართვაც უნდა, რომელიც მისთვის პირველი პერსონალური იქნება. ამბობს, რომ შედგენილი აქვს ავეჯის პროექტი „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებით. მზად არის, დაინტერესებულ ადამიანებს გააცნოს დიზაინი.
საგანგებოდ ვჩერდები „სიცოცხლის ხესთან“. ბატონმა გიორგიმ ამ ხის საოცარი ისტორია მიამბო:
როდესაც თბილისის ივნისის წყალდიდობის შემდეგ მტკვრის ნაპირზე გაჰქონდათ ნაგავი, მუშებს წყალდიდობისგან მოგლეჯილი თუთის ხე უპოვიათ… ბატონ გიორგის მოეწონა ეს ხე და მოაჩუქურთმა, მოხატა, გაალამაზა… და „სიცოცხლის ხე“ უწოდა. ხე იწყება წმინდანებით: იესოთი, დავით აღმაშენებლით, ღვთისმშობლით, მამა გაბრიელით… ზემოთ კი წარწერაა: „საქართველო გაბრწყინდება“…
მართლაც, სიმბოლური და მრავლისმთქმელია – დიდი უბედურების შემდეგ სიცოცხლე წაქცეული ხის ტოტებიდან იწყებოდეს…


14137997_1073618906020442_6790416515324726786_o                                                                                    14207613_1073618779353788_6891586491246701517_o
14231960_1073618739353792_4731349777300879220_o                                                                                    14231980_1073618816020451_2744900985760906936_o
14242402_1073618772687122_3712585049792624579_o                                                                  14188284_1073618749353791_4444407886941652587_o
14188583_1073616919353974_3790553086534334965_o                                                                                14196116_1073616742687325_8282080603039075608_o
14241400_1073618502687149_7090656859762637479_o                                                                               14241617_1073618742687125_1497151472475355445_o
14242220_1073618582687141_3444802242409533881_o                                                                                                               14257565_1073618506020482_7833821202371438354_o

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები