სომხეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ოვიკ აბრამიანმა თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ახალი მთავრობის ფორმირებისა და საზოგადოების კონსოლიდაციის საშუალება უნდა ჰქონდეს. ეს განცხადება აბრამიანმა სომხეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
გამოცემა “ArmInfo”-ს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, აბრამიანმა შესაძლოა, „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელოს და 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადოს.
ამავე წყაროს ცნობით, ქვეყნის ახალ პრემიერად სერჟ სარგსიანმა შესაძლოა, ერევნის ყოფილი მერი კარენ კარაპეტიანი დანიშნოს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის მთავრობის გადადგომა იყო იმ დაჯგუფების ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელმაც 2016 წლის ივლისში ერევნის პოლიციის განყოფილების შენობაში მძევლები აიყვანა.