შუახევში ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ მეოთხედ გაიმართება
17-19 სექტემბერს მაღალმთიანი აჭარა ლიტერატურულ ფესტივალს, „ზე-კართან“ მეოთხედ უმასპინძლებს.
ფესტივალი შუახევის მუნიციპალიტეტში რეჟისორ ვახტანგ ბერიძის ინიციატივით 2013 წელს დაფუძნდა და წარმოადგენს ღონისძიებათა ციკლს მწერალთა ლიტერატურული ექსპედიციის ფარგლებში. მისი მიზანია თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა, აჭარის მაღალმთიანეთის პოპულარიზაციის გაზრდა პოეტებსა და პროზაიკოსებში, რათა აჭარის ისტორიასა და კულტურაზე, მისი ბუნების სილამაზეზე უფრო მეტი ნაწარმოები შეიქმნას.

როგორც გასულ წლებში, წელსაც ფესტივალის ტრადიციული მასპინძელი შუახევის მუნიციპალიტეტია, თუმცა 2015 წლიდან ღონისძიებების მასშტაბები გასცდა მის ფარგლებს და ნაწილობრივ მის მომიჯნავე ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებსაც. კრებულის „ზე-კართან – 2015“-ის წარდგინება გახსნაზე იგეგმება.
სამი წლის განმავლობაში ფესტივალის ფარგლებში მაღალმთიან აჭარას 100-ზე მეტი შემოქმედი ეწვია.
ფესტივალის იდეის ავტორი და ორგანიზატორია: ვახტანგ ბერიძე; კოორდინატორი – ეკატერინე დავითაძე.
ფესტივალის განრიგი: 17 სექტემბერი, 12 საათი – ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ფესტივალის მონაწილეთა შეხვედრა; 15 საათი – ნიგაზეულის მუზეუმისა და სელიმის საფლავის მონახულება; 18 საათი – ფურტიოს თაღოვან ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე პოეზიის საღამო და ფოლკლორული კონცერტი. 18 სექტემბერი, 12 საათი – სხალთის ეკლესიის დათვალიერება; 16 საათი – ხულოს მუზეუმის, გალერეის მონახულება; 18 საათი – ხულოს თეატრში პოეზიის საღამო; 19 სექტემბერი, 11 საათი – ოთოლთას ციხის მონახულება; 13 საათი – ხაბელაშვილების ეთნოგრაფიული ხიდის მინახულება, პოეზიის საღამო; 16 საათი – ფესტივალის დახურვა, კონცერტი შუახევის კულტურის ცენტრში, სიგელების გადაცემა და საპატიო „ზეკარელების“ ყაბალახით დაჯილდოება; ფოლკლორული კონცერტი.