გიორგი ჩოგოვაძე: Check in Georgia ტრადიციულ ხასიათს მიიღებს

„ასეთი ტიპის პროექტები ხელს უწყობს ცნობადობის ამაღლებას და ტურისტების მოზიდვას ქვეყანაში, ამიტომ პროექტი Check in Georgia ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება”,- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ „რეპორტიორს” განუცხადა.
როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, მსგავსი ტიპის პროექტები ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„პროექტი Check in Georgia 2016 წლის აპრილში დაიწყო და განხორციელდა კულტურული ღონისძიებების სერია, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. პროექტის ფარგლებში გაიმართა კონცერტები მსოფლიოს ვარსკვლავების მონაწილეობით, კერძოდ, საქართველოს ეწვია ცნობილი იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტი, ბრიტანელი პოპვარსკვლავი რობი უილიამსი, ცნობილი მუსიკალური ბენდი „Maroon 5″ და ლეგენდარული საოპერო მომღერალი ხოსე კარერასი.
რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის პროექტები ხელს უწყობს ცნობადობის ამაღლებას და ტურისტების მოზიდვას ქვეყანაში, ამიტომ პროექტი Check in Georgia ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. ჩვენ ეს პროექტი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასეულობით მილიონი ადამიანისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ საქართველო დინამიკური ქვეყანაა, სადაც ასეთი დონის ღონისძიებები იგეგმება. ამან ხელი შეუწყო, ერთი მხრივ, ცნობადობის გაზრდას და ტურისტების მოზიდვას, მეორე მხრივ კი, იმ ადამიანებისთვის უკეთესი შთაბეჭდილებების მინიჭებას, ვისაც უკვე ჰქონდა დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში”,- განაცხადა ჩოგოვაძემ.

წყარო „რეპორტიორი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები