10 სექტემბერს საერთაშორისო ფესტივალი – „ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები 2016“  გაიხსნება

საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები – 2016″ წელს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში 10-14 სექტემბერს იმართება და ორ ქვეყანას ერთი პროექტის ფარგლებში გააერთიანებს.
ბათუმის საგამოფენო სივრცეებში გაიმართება გამოფენები, ფოტოჩვენებები, პრეზენტაციები და ჩატარდება მასტერკლასები. ფესტივალის მთავარი სტუმრები იქნებიან ცნობილი პოლონელი, პალესტინელი და სამხრეთ კორეელი ფოტოგრაფები- ტომაშ ლაზარი, ალან შიბლი და კენგ ჯუკი. ისინი გამოფენების პარალელურად, დაინტერესებული პირებისთვის მასტერკლასებს მოაწყობენ. ფესტივალის ფარგლებში, წარდგენილი იქნება ირანული ფოტოგრაფია, ღამის ჩვენებისა და ლექციის სახით, რომელსაც ცნობილი ირანელი ფოტოგრაფი ალი აკბარ შირჯიანი გამართავს.

გარდა უცხოური სექციისა, ფესტივალის ფარგლებში გამოიფინება მე-19-20 საუკუნეების ქართველი ფოტოგრაფის, შალვა ალხანაიძის საოჯახო არქივი “მოგონებები შუშაში”.
ფესტივალის 2016 წლის გამაერთიანებელი თემაა “ტერიტორია/სივრცე”, სწორედ ამ მთავარი გამოფენით გაიხსნება ფესტივალი 10 სექტემბერს „თი-ბი-სი ბანკის“ გალერეაში.
7 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საერთაშორისო ფოტოფესტივალ “ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები-2016” – ისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციას  ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონალური პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი ანა რიაბოშენკო, ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი და ფესტივალის თანაორგანიზატორი მარიამ ბულაური.
“ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები” ახალგაზრდა ფესტივალია, მას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. იგი ყოველწლიური ღონისძიებაა და ორივე ქვეყანაში იმართება – აპრილში ოდესაში, ხოლო სექტემბერში – ბათუმში.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: “ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე” და “არტ ტრაველი” ოდესიდან. ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი, „თი-ბი-სი ბანკი“, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, „ნეტგაზეთი“, „ბათუმელები“, რადიო „აჭარა“, „ინფობათუმი“, კონოთეატრი „აპოლო“ და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები