„ყველამ ჩვენს საქმეში ჩვენი სამშობლო უნდა დავხატოთ“…

მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმ დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას უკავშირდება. ეს შენობა, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება, დიდ მოკრძალებასთან ერთად, ცხოვრების ნაწილად და განსაკუთრებულ მოვლენად იქცა… ადგილად, როცა ერთი დღეც კი ვერ წარმოუდგენია უმისოდ… – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილის, მირიან ხოსიტაშვილის პერსონა.

– დავიბადე 1985 წელს. სოფელ დიღმის სკოლაში ვსწავლობდი, საიდანაც გადავედი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების მოსამზადებელ ჯგუფში. 2001 წელს კი ჩავაბარე ისტორიის ფაკულტეტზე და საქართველოს ისტორიის სპეციალობით გავაგრძელე სწავლა, თუმცა შემდეგ ჩემი არჩევანი ეთნოლოგიისკენ გადაიხარა და მაგისტრატურაში ეთნოლოგიის მიმართულებაზე ჩავაბარე. მივხვდი, რომ ჩემთვის უფრო საინტერესო იყო ხალხის ყოფისა და კულტურის შესწავლა. სამაგისტროც დავიცავი და, შესაბამისად, გავხდი ეთნოლოგიის მაგისტრი, შემდეგ დოქტორანტურაში ჩავაბარე და ახლა სადოქტორო დისერტაციაზე ვმუშაობ.
– რა ჰქვია თქვენს სადოქტორო თემას?

14247558_1084091111626129_115647519_o– ჩემი არჩევანი თბილისსა და მის საგარეუბნო ზონის ურთიერთობის შესწავლაზე შეჩერდა, სადოქტორო თემის სათაურია „თბილისის საგარეუბნო ზონის ეთნოდემოგრაფიული მდგომარეობა“ – თბილისი ძალიან გაფართოვდა, ერთ დროს საგარეუბნო ტერიტორია ახლა თბილისის შიდა საზღვრებშია მოქცეული. არსებითია თბილისისა და მისი მიმდებარე სოფლების, გარეუბნებისა და დედაქალაქის ურთიერთობა, რაც, ვფიქრობ, ნაკლებად არის გამოკვლეული. ამ თვალსაზრისით დავიწყე კვლევა და წელს სრულყოფილი სახე მიეცემა ამ თემას, ამ მიმართულებით მეცნიერებაში ბევრი ნაშრომი არ არსებობს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი კვლევა, თუ ძალიან ხმამაღლა ნათქვამი არ გამომივა, ახალი სიტყვა იქნება.
დღეს, როგორც ყველა ქალაქს მსოფლიოში, თბილისსაც განაშენიანების, საზღვრების გაფართოების ძალიან დიდი პრობლემა აქვს, მოსახლეობის მიგრაცია სოფლებიდან ქალაქის მიმართულებით განუწყვეტლივ და შეუქცევადად მიმდინარეობს, რაც დიდი პრობლემაა. 3 მილიონ შვიდასიათასიან ქვეყანაში მილიონ 200 ათასიანი დედაქალაქი რომ გექნება, ეს უკვე განსაკუთრებულ კვლევას საჭიროებს. ყველა ეს პრობლემა ჩემში დიდ ინტერესს იწვევდა და სამომავლოდაც სამეცნიერო კვლევას ამ მიმართულებით გავაგრძელებ.
ნაშრომი გარკვეულ რეკომენდაციულ ხასიათსაც ატარებს, ჩემი ხედვა არის ჩადებული დედაქალაქის განვითარების სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება თბილისის განაშენიანება და დემოგრაფიული მდგომარეობა ისე განვითარდეს, რომ თბილისის და მისი საგარეუბნო ზონის განვითარება კანონზომიერ ჩარჩოში მოექცეს.
– თქვენ მეხუთე წელია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობთ. ამჟამად გენერალური დირექტორის მოადგილე ხართ…
– წლების მანძილზე, სტუდენტობის და სკოლის პერიოდშიც, დამამთავრებელ კლასებში, საჯარო ბიბლიოთეკაში, როგორც მკითხველი, ისე დავდიოდი…. მაშინ გავხდი პირველი მკითხველი და, ბუნებრივია, შემდეგ ჩემთვის ცხადი იყო ის სივრცე, იმ ადგილის, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების მნიშვნელობა, სადაც მივედი სამუშაოდ. გარკვეული მოწიწება და კრძალვა მქონდა…
მოხდა ისე, რომ ჯერ დავინიშნე მოადგილედ, რაღაც პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით 6-7 თვე გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი.
ამ სივრცემ, ამ ადგილმა იმდენად შემაყვარა თავი, იმდენად მომნუსხა, რომ ჩემთვის ეს ორგანიზაცია ცხოვრების ნაწილი გახდა, არა როგორც ჩვეულებრივი სამსახური, არამედ როგორც განსაკუთრებული მოვლენა ჩემი ცხოვრებისა. ყოველი დღე წარმოუდგენელია ბიბლიოთეკის გარეშე, შვებულებაში დღეების გასვლას ველოდები, რომ მალე გამოვიდე და აქტიურად ჩავერთო მუშაობაში.

14274284_1084091054959468_365541813_o– სასიამოვნოა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა უამრავ საინტერესო პროექტს ახორციელებს…
– ფრონტი სხვადასხვა მიმართულებით გავხსენით. მრავალი სფერო მოვიცავით, პირველ რიგში, ყველა იმ შენობის რეაბილიტაცია დავიწყეთ, რომელიც ბიბლიოთეკას გააჩნია. და ყველა შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. პირველი კორპუსი 2007 წლის შემდეგ დაკეტილი იყო, რადგან ავარიულად გამოაცხადეს. ამ შენობის აღსადგენად ეროვნული ბიბლიოთეკის გუნდმა დავიწყეთ შრომა და ბრძოლა. წელს დავამთავრეთ გამაგრებითი სამუშაოები და 2017 წლის დასაწყისში, ყოველ შემთხვევაში, შუა პერიოდში მაინც, თუ გეგმის მიხედვით განვითარდა ყველაფერი, ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული შენობა გაიხსნება.
– ვიცი, რომ თქვენ დიდ ძალისხმევას მიმართავთ და პირადადაც მონაწილეობთ რეგიონალური ბიბლიოთეკების დახმარების ღონისძიებებში, სადაც სავალალო სურათია – მოსახლეობისთვის არანაირად მიმზიდველი არ არის და ნაკლებად საინტერესოა დღეს ბიბლიოთეკა…
– დღეს რეგიონალური სასოფლო ბიბლიოთეკების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, დახურულია, თუ 1990 წელს იყო რეგისტრირებული 3100 სასოფლო ბიბლიოთეკა, დღეს ჩვენ გვაქვს დაახლოებით 615 ბიბლიოთეკა. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ დაიხურა და შემცირდა მათი რიცხვი. სასოფლო ბიბლიოთეკებს არცთუ სახარბიელო მდგომარეობა აქვთ. ერთი მხრივ, მოძველებული წიგნადი ფონდი, მეორე მხრივ კი – მოუწესრიგებელი საბიბლიოთეკო ფართი. როდესაც წლების მანძილზე ბიბლიოთეკაში ფონდი არ ახლდებოდა, ღონისძიებები არ ტარდებოდა, სოფლის მოსახლეობისთვის იგი აღარ იყო მიმზიდველი და იქ არანაირი სიახლე აღარ ხდებოდა. არანაირი ღონისძიება არ ტარდებოდა. ხალხმაც მიივიწყა სოფლის ბიბლიოთეკა. დღეს რომ მივიდეთ ნებისმიერ სოფელში, ძნელად ვნახავთ ადამიანს, ვინც იცის, არის თუ არა მის სოფელში ბიბლიოთეკა.
– ამ მხრივ საინტერესო პროექტები დაიწყეთ, თუნდაც, პროექტი „ეკვილიბრიუმი – განახლებული სოფლის ბიბლიოთეკები“… რა არის თქვენი მიზანი და როგორ შეძლებთ, რომ ბიბლიოთეკებს მკითხველი კვლავ დაუბრუნოთ?

14284931_1084091198292787_169896350_o– ჩვენ სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად დავიწყეთ მუშაობა, რომ ბიბლიოთეკებისთვის დიდი ყურადღება მიგვექცია.
დღეს საქართველოს ბიბლიოთეკებში კომპიუტერიზაციის პროექტი მიმდინარეობს, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერით საბიბლიოთეკო ასოციაცია ახორციელებს. დავიწყეთ წიგნებით განახლების პროექტი – „ეკვილიბრიუმი – განახლებული სოფლის ბიბლიოთეკები“. წიგნი ყველა სოფელს. სასოფლო ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდით აღჭურვისთვის გამალებული შრომა მიდის, რომ ყველა ბიბლიოთეკას შეძლებისდაგვარად განვუახლოთ ფონდი.
ამის გარდა, ჩვენ დავიწყეთ ბიბლიოთეკარების გადამზადება, ვინაიდან მათ უნდა იცოდნენ, როგორ განვითარონ თავიანთი ორგანიზაცია. რა იყო ადრე? საბჭოთა დროს შეტანილი წიგნადი ფონდი, მხოლოდ საცავი და მეტი არაფერი, სადაც იყო რეალურად შინაარსობრივად და ფიზიკურად მოძველებული წიგნები, ამიტომ ბიბლიოთეკებმა დაკარგა მკითხველი. ჩვენ ვცდილობთ, დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, რომ ბიბლიოთეკა მხოლოდ სამკითხველო და საცავია. ბიბლიოთეკა უნდა გახდეს არა მხოლოდ კარგი სამკითხველო, არამედ – საზოგადოების თავშეყრის ადგილი, რომ ერთ შენობაში შეიკრიბონ ადამიანები და სხვადასხვა საჭირბოროტო თემებზე იმსჯელონ, ჩაატარონ ღონისძიებები, მოაწყონ შეხვედრები. თუნდაც ქუჩის მიღმა განიხილონ სოფლის პრობლემები.
ამიტომ ჩვენი მიზანი სწორედ ისაა, რომ ეს ადგილები საზოგადოებისთვის მიმზიდველ ცენტრებად ვაქციოთ.
– რამდენად გეხმარებათ ადგილობრივი ხელისუფლება თქვენი პროექტის წარმატებით განხორციელებაში?
– დღეს ჩვენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ, ყველა მიმართულებით. მუნიციპალიტეტები თავისთავად ბიუჯეტიდან თანხას გამოყოფენ, რომ შენობები მცირედით მაინც შეარემონტონ.
ამიტომ ჩვენი ვალდებულება არის, ღირებული ბიბლიოთეკა რომ გვქონდეს, შევიმუშავოთ პროექტი და სტანდარტი, როგორი უნდა იყოს სასოფლო ბიბლიოთეკა, რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს და რა პროფესიულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს ბიბლიოთეკის პროფესიონალი თანამშრომელი, რომ მან ერთ დროს მივიწყებული და მიკარგული და, ამავე დროს, საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი სივრცის გაცოცხლება შეძლოს. ბუნებრივია, ადგილობრივ თვითმმართველობებთან აქტიური კონტაქტი გვაქვს, ზოგიერთი მათგანი თავად იჩენს ინიციატივას, რომ დაეხმაროს, ზოგიერთ მათგანთან ძალიან ბევრი მუშაობა გვჭირდება, რომ დავარწმუნოთ, სოფელში ბიბლიოთეკა არის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და ა. შ.
უახლოეს ხანში ვიწყებთ ბიბლიოთეკარების გადამზადებას. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, საქართველოს ყველა სოფელში იყოს ისეთი ბიბლიოთეკა, სადაც მკითხველი ძალიან კომფორტულად იგრძნობს თავს, მისთვის საჭირო ინფორმაციას ძალიან ადვილად და კარგად მიიღებს.
– ეროვნულმა ბიბლიოთეკამ თითქმის ყველა ქვეყანაში გახსნა ქართული წიგნის კუთხე. ქართული წიგნის კუთხე ახლახან ბარსელონაში, ასევე ირანში მოეწყო…
– ქართული წიგნის კუთხე მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც გვექნება, მაგალითად, ბუეროს-აირესში გაიხსნება ქართული წიგნის კუთხე. ამაში გვეხმარებიან საელჩოები, საკონსულოები. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დიდია იმ ქალაქში ქართული დიასპორა, რამდენად დიდია იქ ქართული კუთხის გახსნის მოთხოვნილება და ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ გაიხსნას, ჩაგვაქვს ლიტერატურა, თანამემამულეებს ვუქმნით გარემოს, რომ არ დაავიწყდეთ ქართული… გარდა ამისა, თურქეთში მოჰაჯირების უამრავი შთამომავალი ცხოვრობს, იქ არის სხვადასხვა პროგრამა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ქართული ენის შესწავლის პროგრამა. თურქეთში არსებობს ქართული სათვისტომოები, სადაც სისტემატურად ჩაგვაქვს „დედა ენები“, სხვადასხვა სახის ლიტერატურა, რაც დაეხმარებათ ქართველ მოჰაჯირთა შთამომავლებს, რომ დედა ენა შეისწავლონ. ეს პროცესი საკმაოდ გამალებულად მიდის.
ჩვენ ვეხმარებით ევროპის სხვადასხვა ქალაქის საკვირაო სკოლებს, მაგალითად, ახლა ჩვენთან იყვნენ ემიგრანტი ქართველები ირლანდიიდან, დუბლინიდან. მათ გავუგზავნეთ წიგნები. იქ არის მცირე საკვირაო სკოლა, სადაც ქართველები სწავლობენ.
ეს ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაც არის, პირადი, მორალური, რომ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურები ვიყოთ.
– წელს უნდა დასრულდეს წიგნის მუზეუმის მშენებლობა, საუკუნის პროექტი, ასევე – დაიწყება დამწერლობის მუზეუმიც… რა გამოიფინება წიგნის მუზეუმში და რატომ არის მისი გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენა?

ეს

– სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება კავკასიაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი, სადაც იქნება წარმოდგენილი მთელი ჩვენი რარიტეტული ფონდი. ეს მუზეუმი განთავსებულია ჩვენს ისტორიულ პირველ კორპუსში, ვაჩნაძისა და გუდიაშვილის ქუჩების კვეთაზე. ამჟამად იქ მიდის სარემონტო სამუშაოები.
წიგნის მუზეუმში იქნება მთელი ჩვენი განძი, მისი კარი ღია იქნება ყველა დამთვალიერებლისთვის. და ესეც ჩვენი მიღწევაა, რომ ჩვენი ყველა რესურსი აბსოლუტურად უფასოა, წიგნის კითხვიდან დაწყებული მკითხველის ბარათის აღებით დამთავრებული, დარბაზების დათვალიერებით და სარგებლობით გაგრძელებული. წიგნის მუზეუმში არა მხოლოდ ქართული ლიტერატურა გამოიფინება, არამედ, ზოგადად, სხვადასხვა ენაზე გამოცემული უნიკალური წიგნები, მათ შორის ხელნაწერებისა და რუკების მცირე ნაწილი. ეს ადგილი ტურისტული თვალსაზრისითაც ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად იქეცვა. ნებისმიერ ქართველს შეეძლება, აქ მოიყვანოს თავისი სტუმარი და იამაყოს იმ განძით, რაც ჩვენ გაგვაჩნია.
წიგნის მუზეუმის შექმნა, მართლაც, საეტაპო ამბავია.
ასევე ვიწყებთ დამწერლობის მუზეუმის შექმნაზე მუშაობას, ესეც ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, რომ ბიბლიოთეკა ვაქციოთ არა მხოლოდ იმ სივრცედ, სადაც წიგნს მოიხმარენ, კითხულობენ და უკან აბრუნებენ, არამედ – სამუზეუმო სივრცედ, რადგან ჩვენი შენობები, უპირველეს ყოვლისა, ატარებს ისტორიულ მნიშვნელობას, ამ შენობებმა ძალიან დიდხანს გაძლეს და მათ ირგვლივ ბევრი საინტერესო ამბავი მოხდა.
– საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მრავალი სახელობითი დარბაზი გაიხსნა…
– ჩვენ, მართლაც, მრავალი სახელობითი დარბაზი გავხსენით, რომლებსაც მივანიჭეთ სხვადასხვა ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახელი. ასე, მაგალითად, ჩვენ გვაქვს ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის კაბინეტი, სადაც მისი პირადი ნივთების ნაწილია გამოფენილი და საექსკურსიო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის კაბინეტსა და დარბაზში ნახავთ მის გამოცემებს, მის წიგნებს, პირადი ნივთებიდან – ლეგენდარული კონსტანტინეს მუხის სკამს, სადაც ხშირად იღებენ სურათს. ჩვენ გვაქვს ვახტანგ მეექვსის დარბაზი, რომელიც საინტერესო საექსკურსიო სივრცეა, სარაჯიშვილის სახელობის კაბინეტი, ემიგრაციის სახელობის კაბინეტი, სადაც განთავსებულია ის ემიგრაციული ლიტერატურა, რაც პირველი რესპუბლიკის მთავრობის მიერ შედეგად იყო ემიგრაციაში წაღებული და მერე მისი ნაწილი დაბრუნდა.
ჩვენ გვაქვს „დედაენის“ დარბაზი, სადაც დედაენების ყველა გამოცემაა წარმოდგენილი. სხვათა შორის, წელს პირველი „დედაენის“ გამოცემის 140 წლისთავი სრულდება. გვაქვს წიგნის დარბაზი, სადაც საბჭოთა დროს აკრძალული ლიტერატურაა გამოფენილი.
მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდში ცენზურა ამა თუ იმ ლიტერატურას ღიად არ უშვებდა ფართო მასებში, მათთვის არასასურველი ლიტერატურა იკრძალებოდა და ასეთი, უამრავი წიგნი იყო. სწორედ აკრძალული ლიტერატურის დარბაზიც გვაქვს, ასევე საინტერესოა ღვინის დარბაზი და ღვინის ბიბლიოთეკა, ვინც დაინტერესებულია, შეუძლია, აქ მობრძანდეს და წაიკითხოს გამოცემები ვაზისა და ღვინის შესახებ. ასე რომ, ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ.
– წელს შოთა რუსთაველის საიუბილეო, 850 წლისთავია და, სამწუხაროდ, რუსთაველის სახლი ან მუზეუმი საქართველოში არ არსებობს… როგორ ხვდება ეროვნული ბიბლიოთეკა ამ თარიღს?
12622422_923981054389058_3614331770508908617_o
– შეიძლება ექსკლუზივი გამოვიდეს და ამ საკითხზე საჯარო სივრცეში პირველად გახმაურდება სიახლე ჩემი მხრიდან.
ჩვენ შევიძინეთ და ახლა ინერგება ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა „სიერა“, რომელიც ამიერკავასიაში არცერთ ქვეყანას არ აქვს. ეს პროგრამა მომხმარებელს ძალიან გაუმარტივებს წიგნთან ურთიერთობას. მკითხველებს ელექტრონულად შეეძლებათ, გამოიწერონ წიგნები, ნებისმიერი ნიუანსი დაინახონ, გაიაზრონ, ანუ ელექტრონულ წიგნებს სახლიდან გაუსვლელად გაეცნონ…
პროგრამა „სიერა“ გარღვევაა ჩვენს საბიბლიოთეკო სფეროში. ჩვენ ვართ ნოვატორები მთელს ამიერკავკასიაში და წარდგინება მალე გვექნება. ჩვენს ელექტრონულ კატალოგს დავარქვით რუსთაველის სახელი.
ჩვენ სიამაყით ვუკავშირებთ ამ მოვლენას რუსთაველის იუბილეს. გვექნება პროგრამის წარდგინება, სადაც უფრო ფართოდ ვისაუბრებთ ამ მოვლენის შესახებ.
– ცოტა ხნის წინათ, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა აფხაზური ენის პირველი ლექსიკონის წარდგინება…
– ჩვენთან, ეროვნული ბიბლიოთეკის რარიტეტის საცავში ინახება ლექსიკონის დედანი, ორიგინალი, რომელიც 1827 წლის ხელნაწერია და რუს სამხედრო მეზღვაურს, ფლოტის ლეიტენანტს ვლადიმერ რომანოვს ეკუთვნის.
გამოცემის იდეა ეკუთვნოდა აფხაზური ენის სპეციალისტს, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორს თეიმურაზ გვანცელაძეს, რომ ეს ლექსიკონი ფართო მასებისთვის გაგვეცნო, გამოგვეტანა დღის სინათლეზე. ლექსიკონს მისი კომენტარები ერთვის. ამ წიგნმა დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ეს გზავნილი იყო აფხაზებისადმი, ჯერ ერთი, მეცნიერთათვის საინტერესო ლექსიკონი გამოვეცით, მეორეც აფხაზ ძმებსა და მეგობრებს დადებითი გზავნილი გადავეცით, რომ მათ კულტურას და ენას დიდ პატივს ვცემთ.
ლექსიკონის წარდგინება გაიმართა აფხაზურ კუთხეში, სადაც გამოფენილია აფხაზურ ენაზე გამოცემული სხვადასხვა ლიტერატურა: აფხაზი მწერლების, პოეტების ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნები. სხვათა შორის, ბევრი აფხაზი, ვინც ცხოვრობს საქართველოში, მოდის აფხაზურ კუთხეში და დიდი სიამოვნებით ეცნობა აქ გამოფენილ ლიტერეტურას.
– არსებითია ციფრული ფოტომატიანის პროექტი… თქვენი თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებენ ისტორიულ ფოტოებს… რას გვეტყოდით ამ პროექტზე და ასევე გაციფრებაზე?

14203553_1084091248292782_281021508_o– ჩვენი თანამშრმლები აგროვებენ ისტორიულ ფოტოებს. ამ მხრივ ჩვენი ფოტომატიანის ბაზაში 100 ათასზე მეტი ფოტოა. ძალიან ბევრი ადამიანი თავის წინაპარს პოულობს ამ ფოტოებში, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანების არქივები გვაქვს და ეს გვეხმარება მათი ისტორიის შესწავლაში.
გარდა ამისა, მთავარი მიმართულებაა ჩვენი ფონდის ელექტრონულ ვერსიაზე გადაყვანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანად მიდის ძველი პერიოდული პრესის გაციფრება, ვგულისხმობ მე-19 საუკუნეს და მე-20 საუკუნის დასაწყისს.
მართალია, შენახვის პირობები დაცულია , მაგრამ დროთა განმავლობაში ფურცვლოვანი გამოცემები ცვდება. ამიტომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ელექტრონული ბიბლიოთეკის გამდიდრების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა მკითხველს მისთვის სასურველი გამოცემა ელექტრონულად შევთავაზოთ.
– როგორ ფიქრობთ, გამალებული კომპიუტერიზაციის ეპოქაში ბეჭდურ წიგნს ხომ არ ჩაანაცვლებს ელექტრონული წიგნი?
– ხშირად მიდის ამ საკითხზე ცხარე დისკუსია, არის გარკვეული პესიმისტური შეხედულება, რომ ბეჭდური წიგნი ჩაანაცვლა ელექტრონულმა წიგნმა, რომ ახალგაზრდა კომპიუტერით იღებს ინფორმაციას და წიგნთან აღარ აქვს ურთიერთობა. მაგრამ, რეალურად, გარკვეული გამოკითხვების და დაკვირვებების შედეგად გაირკვა, რომ მხატვრულ ლიტერატურას მცირე ნაწილის გარდა ყველა ბეჭდური წიგნებიდან კითხულობს.
მომავალში მაინც ვერ ჩაანაცვლებს ელექტრონული წიგნი ბეჭდურს. არც უნდა დავსვათ ასე საკითხი. მთავარია, ადამიანმა საჭირო ინფორმაცია მიიღოს და მიიღებს კომპიუტერიდან, პლანშეტიდან თუ წიგნიდან, ეს მისი არჩევანია. მაგრამ ფაქტი მაინც ის არის, რომ მხატვრულ ლიტერატურას ვერ ანაცვლებს კომპიუტერი. და ყველას, ზრდასრულსაც და ახალგაზრდასაც ბეჭდური წიგნიდან წაკითხვა ურჩევნია. ჩვენ ვაწარმოებთ სტატისტიკას და ამავე სტატისტიკის თანახმად, ახალგაზრდა მკითხველთა რაოდენობამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმატა, რაც თავისთავად სასიხარულო ფაქტია.
– თქვენ რას კითხულობთ ამჟამად?
– ავღანელი ავტორის ხალიდ ჰოსეინის წიგნს „ფრანით მორბენალი“, საკმაოდ საინტერესო ნაწარმოებია, ძალიან ბევრ საკითხს ეხება ავტორი, ავღანეთის რეალობაა აღწერილი და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.
– ვინ არის თქვენი საყვარელი მწერალი?
– ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენა არის ვაჟა-ფშაველა, ხოლო თუ მსოფლიო ლიტერატურას გადავხედავთ, კოლუმბიელი მწერალი გაბრიელ გარსია მარკესი.
– როდის ახერხებთ კითხვას, გვიან ღამით, თუ დღის განმავლობაში ხმოვანი წიგნების კითხვასაც ასწრებთ?
– სამწუხაროდ, ხმოვან წიგნებთან მაინცდამაინც კარგი კონტაქტი ვერ დავამყარე, თუმცა ძალიან პრაქტიკულია. წიგნების კითხვას გვიან ღამით ვახერხებ.
– ოჯახი…
– შვილები – ელენე 6 წლის, რომელიც წელს მიდის სკოლაში და გიორგი 3 წლის. ძალიან ცოცხალი ბავშვები არიან, ცელქები და ინტერესიანები. ელენე დიდ ინტერესს იჩენს წიგნებისადმი. რატომღაც ჩამოუყალიბდა აზრი, რომ უნდა გახდეს მხატვარი. და უნდა, რომ დახატოს სამშობლო.
ყველამ ჩვენს საქმეში ჩვენი სამშობლო უნდა დავხატოთ. ჩვენი დახატული უნდა იყოს გულწრფელი და სიყვარულით სავსე.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები