ბათუმის თეატრში კიდევ ერთი ბრიტანულ-ქართული კოპროდუქცია განხორციელდება

ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე კიდევ ერთი ბრიტანულ-ქართული კოპროდუქცია განხორციელდება.
როგორც „კვირას“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიტანული კომპანიის – „On The Run“-ის სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი დევიდ რალფი ბათუმში იმყოფება. ვიზიტის მთავარი მიზანია ახალი სცენის ტექნიკური აღჭურვილობისა და განათების სისტემის დათვალიერება, მსახიობების კასტინგი, თეატრის ტექნიკურ ჯგუფთან შეხვედრა და სპექტაკლისთვის საჭირო ტექნიკური დეტალების გაცნობა.
სპექტაკლის „ცხოვრება გრძელდება“ პრემიერა ნოემბერში იგეგმება და ის ბათუმის დრამატული თეატრისა და ბრიტანული კომპანიის – „On The Run“-ის პარტნიორობის პირველი შედეგია. „On The Run“ ახალგაზრდა კომპანიაა, რომელსაც დიდი მომავალი აქვს“, – წერს თავის გამოცემაში გაზეთი „ტელეგრაფი“ ( „THE TELEGRAPH“)
სპექტაკლი „ცხოვრება გრძელდება“ ჰანა მოსისა და დევიდ რალფის ერთობლივი ნამუშევარია, რომლის პრემიერაც 2014 წლის აგვისტოს ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა და მაყურებელთა და კრიტიკოსთა აღფრთოვანება დაიმსახურა. „The Times“-ის მთავარმა თეატრალურმა კრიტიკოსმა დომინიკ მაქსველმა სპექტაკლი ხუთი ვარსკვლავით შეაფასა და „შესანიშნავი დებიუტი“ უწოდა.
კოპროდუქცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „საშემსრულებლო ხელოვნების ხელშეწყობა“ ფარგლებში ბრიტანეთის საბჭოსთან საქართველოში პარტნიორობით ხორციელდება.
აღნიშნული პარტნიორობა უკვე მესამე წელია გრძელდება. პარტნიორობის ფარგლებში 2015 წელს ბრიტანული და ქართული თეატრების თანამშრომლობის შედეგად 2 სპექტაკლი განხორციელდა: ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ქართულ ენაზე დაიდგა ინოვაციური, ეკრანიზებული თეატრის ნიმუში „ნული საათი“, ხოლო მოგვიანებით ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე სპექტაკლის – „ზამთრის ზღაპარი“ პრემიერა შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები