ოთო გურგენიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება

13 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის მე-4 კორპუსის 519-ე აუდიტორიაში ტრაგიკულად დაღუპული რუსთაველი პოეტის, ოთო გურგენიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ “მე-13 თვის პოეტები”: ამირან ჯანჯღავა, გურამ ლაცაბიძე და ბაჩო ზაქაიძე.
ღონისძიებაში მონაწილეობას მოწვეული სტუმრები და პოეტის მეგობრებიც მიიღებენ.
ოთო გურგენიშვილი „მე-13 თვის პოეტების“ წარმომადგენელი იყო. იგი 21 წლის ასაკში რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ბავშვი, რომელსაც გზაზე გადასვლის დროს მანქანა ეჯახებოდა, ოთო გურგენიშვილმა სიკვდილს გადაარჩინა- ბავშვს ხელი ჰკრა და მანქანას აარიდა, დიდი სისწრაფით მიმავალი ჯიპი კი მას დაეჯახა. ოთო გურგენიშვილი გარდაიცვალა, მისი მეგობარი გოგონა კი მსუბუქად დაშავდა.
პოეტის ფეისბუქის გვერდზე „ოთო გურგენიშვილის პოეზია“ მის მიერ გამოქვეყნებული ბოლო პოსტი ასეთია:
„ბიჭებო (მამაკაცებო), უთხარით თქვენს გოგონებს (ქალებს), რომ ძალიან ლამაზები არიან. მხოლოდ სამი სიტყვაა სათქმელი და სამაგიეროდ, მათი სახეების დანახვა უნდა გიღირდეთ ყველაფრად. იყავით უფრო მეტად ხალისიანები და ლაღები. გაილამაზეთ ცხოვრება და ყოველთვის და ყველგან გახსოვდეთ, რომ ბედნიერება ნამდვილად წვრილმანებშია“.
ოთო გურგენიშვილის სიკვდილის შემდეგ მისი ლექსების კრებულისა და “ოთო გურგენიშვილის პოეტური სახლის” წარდგინება შედგა. „პოეტური სახლი“ მისსავე საცხოვრებელ სახლში, დედის, ნანა მათუზაშვილის ინიციატივით გაიხსნა და ყოველ კვირა დღეს ახალგაზრდა პოეტებს მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები