მიქელანჯელოს ფრესკებზე ქალის სასქესო ორგანოები აღმოაჩინეს
„სიქსტის კაპელის“ კედლებზე მოხატულ ფრესკებზე, რომელთა ავტორია აღორძინების ეპოქის ფერმწერი მიქელანჯელო ბუანაროტი, ბრაზილიელმა მეცნიერებმა კარგად დაფარული ქალთა სასქესო ორგანოების გამოსახულებები აღმოაჩინეს. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მხატვარმა ისინი რომის კათოლიკური ეკლესიის ცენზურის გამო დაშიფრა. ამის შესახებ გამოცემა International Business Times-ი იუწყება. ქალის სხეულის ინტიმური დეტალები პორტუ-ალეგრის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ვატიკანში, „სიქსტის კაპელის“ ჭერზე, მიქელანჯელოს ფრესკაზე – „ევას შექმნა“ აღმოაჩინეს. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ევას პოზა გადაბრუნებულ სამკუთხედს ქმნის. ეს ფიგურა კერპთაყვანისმცემლობაში ქალის სასქესო ორგანოს ნიშნავს. მეცნიერებმა ნახატზე რამდენიმე სამკუთხედი აღმოაჩინეს. რქოსანი ცხოველების ჩონჩხების ფორმაც ქალის სასქესო ორგანოების, კერძოდ საშვილოსნოს გამოსახულებაა. მიქელანჯელომ „სიქსტის კაპელა“ 1508-1512 წლებში მოხატა.