კომპანია „ეივონსა“ და „ლიბერთი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კომპანია „ეივონ (AVON) კოსმეტიკს საქართველოს” დირექტორმა სერგეი ოსადჩიმ და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
„ლიბერთი ბანკის“ ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, ბანკი  კომპანია „ეივონის“ კამპანიაში ჩაერთვება, რაც მიზნად ისახავს მოსახლეობამდე ძუძუს კიბოსა და მისი პრევენციის ზომების შესახებ ინფორმაციის მიტანას.
დამატებით, კომპანია „ეივონი“ უზრუნველყოფს ქალბატონთა უფასო კონსულტაციას, ექოსკოპიურ და მამოგრაფიულ გამოკვლევებსა და დიაგნოსტიკას მობილური კლინიკის საშუალებით.
„ლიბერთი ბანკი“ საქართველოს ბაზარზე მომსახურების ყველაზე ფართო ქსელით არის წარმოდგენილი და 1.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ამ კამპანიაში ჩართვით, ბანკი გამოიყენებს საკუთარ პლატფორმას და ინფორმაციას მიაწოდებს მოსახლეობას, არა მარტო ქალაქებში, არამედ სოფლებშიც, სადაც სამედიცინო ინფრასტრუქტურა სათანადოდ არ არის განვითარებული და ქალბატონებს ხელი არ მიუწვდებათ უფასო სკრინინგის პროგრამებთან. „ლიბერთი ბანკი“ უზრუნველყოფს საგანმანათლებლო მასალების გავრცელებას და ასევე ინფორმაციას მიაწოდებს მოსახლეობას მათ რეგიონში კომპანია „ეივონის“ მობილური კლინიკის ვიზიტის შესახებ.
1992 წლიდან კომპანია “ეივონი” აქტიურად ახორციელებს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას მთელ მსოფლიოში. 2013 წლიდან, არსებულ პროგრამას “ეივონ საქართველოც” შეუერთდა. საქველმოქმედო მიზნების განსახორციელებლად, „ეივონი“ საქველმოქმედო პროდუქტების გაყიდვის შედეგად მიღებულ შემოსავალს სრულად მიმართავს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისკენ.
კომპანიამ 2014 წელს ულტრათანამედროვე ციფრული მამოგრაფიული აპარატი შეიძინა და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალ “ნიუ ვიჟენში” განათავსა, სადაც საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ქალბატონს შეუძლია უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევა და მიიღოს კვალიფიციური მამოლოგის კონსულტაცია. ამის გარდა, კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს ვარდისფერ მსვლელობას, რომელიც  ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის გაზრდას ემსახურება.
2016 წლის 15 აგვისტოდან კომპანიამ მობილური კლინიკის საშუალებით დაიწყო რეგიონებში ვიზიტი, სადაც ქალბატონები დიაგნოსტიკას თანამედროვე სამედიცინო ტექნიკის გამოყენებით იტარებენ და უფასო კონსულტაციას იღებენ. კამპანია დაიწყო რაჭაში და გაგრძელდება სვანეთში, გურიასა და სამეგრელოში.
ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა ქალებში, ამავე დროს, ადრეულ სტადიაში აღმოჩენისას 10-დან 8 შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელია. მუდმივი თვითშემოწმება და სკრინინგი საგრძნობლად ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ქალბატონმა მიიღოს ინფორმაცია თვითშემოწმების მეთოდებისა და სკრინინგის შესახებ. პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში მცხოვრები ქალბატონები მიიღებენ როგორც მამოლოგის უფასო კონსულტაციას, ასევე პირველად ექნებათ შესაძლებლობა ჩაიტარონ უფასო მამოგრაფიული და ექოსკოპიური გამოკვლევები.
„ლიბერთი ბანკის” მხარდაჭერა ამ კამპანიაში უდავოდ ღირებული და მნიშვნელოვანია, რადგან უფრო მეტი ქალბატონი შეიტყობს მობილური კლინიკის მომსახურების შესაძლებლობის შესახებ, ასევე მიიღებენ საგანმანათლებლო მასალებს ძუძუს კიბოს პრევენციის ზომების შესახებ“, – აღნიშნა კომპანია “ეივონის” დირექტორმა, სერგეი ოსადჩიმ.
„მოხარული ვართ, რომ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში გარკვეულ წვლილს ჩვენც შევიტანთ. კომპანია “ეივონთან” ერთად განვახორციელებთ ასევე სხვა ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს ძუძუს კიბოსა და მისი პრევენციის შესახებ ცნობადობის გაზრდას საქართველოში“,- აღნიშნა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები