„ჰამასი“ პალესტინის სახელმწიფოს შექმნამდე განიარაღებაზე უარს აცხადებს
პალესტინურმა დაჯგუფებამ „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ის არ განიხილავს განიარაღებას იმ დრომდე, სანამ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო ოფიციალურად არ შეიქმნება.
ორგანიზაციის განცხადებით, იარაღზე უარის თქმა, რაც მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნაა, ამ ეტაპზე არარეალურია და საფრთხეს უქმნის პალესტინელების „თვითდაცვის უფლებას“.
დაჯგუფების წარმომადგენლის თქმით, „ჰამასი“ მზად არის განიხილოს უსაფრთხოების საკითხები და სამხედრო სტრუქტურის მომავალი სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დონეზე აღიარებული პალესტინის სახელმწიფო 1967 წლის საზღვრებით იარსებებს, დამოუკიდებელი მმართველობითა და საკუთარი ტერიტორიით.
განცხადება „ჰამასმა“ მას შემდეგ გააკეთა, რაც არაბულ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ ეგვიპტე და კატარი ცდილობენ ორგანიზაციის დარწმუნებას, დაეთანხმოს ეტაპობრივ განიარაღებას ღაზის სექტორში, როგორც სამშვიდობო შეთანხმების ნაწილის.
ისრაელის ხელისუფლებამ განცხადება მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ჰამასის“ განიარაღებაზე უარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჯგუფის „ტერორისტულ ბუნებას“ და ღაზაში სტაბილურობის მიღწევას შეუძლებელს ხდის.