IDFI : კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ – საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედიასაშუალებებია
IDFI-ის მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი – “კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა” მიმოიხილავს საქართველოში კრემლის პროპაგანდის მახასიათებლებს, ძირითად გზავნილებსა და მათ გავლენას ქართულ საზოგადოებაზე, კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლებს ქვეყანაში, პროპაგანდის შედეგებსა და ამ პრობლემის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიდგომას. დოკუმენტი წარმოაჩენს რისკებსა და გამოწვევებს, რომლებიც თან სდევს კრემლის საინფორმაციო ომს და რომლის წინააღმდეგაც საჭიროა პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და გატარება.
პოლიტიკის დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით,თუ რა ღონისძიებებით შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას დაუპირისპირდეს კრემლის საინფორმაციო ომს.
IDFI-ის ცნობით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედიასაშუალებებია. მინიმუმ ერთი ტელევიზია, რამდენიმე ინტერნეტტელევიზია, ბეჭდური გამოცემა და ვებ-გვერდი გამოირჩევა ანტიდასავლური „მესიჯ-ბოქსით“ და ინფორმაციის გავრცელებისას ძირითადად რუსულ წყაროებს ეყრდნობა.
თვალშისაცემია რუსული პროპაგანდის გამავრცელებლების მიერ სოციალური ქსელების აქტიური გამოყენებაც, როდესაც ხდება დეზინფორმაციის ან ანტიდასავლური ნარატივის შემცველი ინტერნეტმასალების ვირუსული გავრცელება.
IDFI-ის შეფასებით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია ბოლო დროს მომრავლებული პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი. IDFI მათგან ორ ორგანიზაციას გამოყოფს, ესენია „ევრაზიის ინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“.
“ეს ორგანიზაციები გამოირჩევიან ანტიდასავლური რიტორიკით და იმით, რომ ანალიტიკური ნაშრომებისა თუ სტატიების გამოქვეყნებისას ეფუძნებიან რუსულ წყაროებს. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების დამფუძნებელთა და ხელმძღვანელთა სიაში ხშირად ერთი და იგივე პირები მეორდებიან.
ორგანიზაციებს შორის კავშირი მათ ვებ-გვერდებზეც არის მითითებული. გარდა ამისა, პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ქსელს ასევე აქვს კავშირები ანტი-დასავლური რიტორიკით გამორჩეულ ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებასთან“, – აცხადებენ IDFI-ში. ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლები პოლიტიკურ სპექტრშიც ფართოდ არიან წარმოდგენილნი. რიგი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური მოღვაწეები, პირდაპირ ან ირიბად, ეწევიან კრემლის პროპაგანდას. “შეგვიძლია ამ პოლიტიკური პარტიების ორ ნაწილად დაყოფა:
1. პარტიები, რომლებსაც ღიად პრო-რუსული დღის წესრიგი აქვთ, ხვდებიან რუს პოლიტიკოსებს და სტუმრობენ მოსკოვს; 2. პარტიები, რომლებიც დეკლარირების დონეზე ემიჯნებიან რუსულ პოლიტიკურ ელიტას და სანაცვლოდ საკუთარ თავს აცხადებენ „პრო-ქართულ“, ნეიტრალიტეტის მომხრე პარტიებად.
განსხვავების მიუხედავად, ორივე სახის პოლიტიკური პარტიის ძირითადი გზავნილები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას უწყობს ხელს. საქართველოს დასავლური ინსტიტუტებისკენ სწრაფვა წარმოჩენილია როგორც უშედეგო მოვლენა. სანაცვლოდ, ხდება პრო-რუსული განწყობისა და საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეის პოპულარიზაცია.
აღსანიშნავია ასევე, საქართველოს პარლამენტის მოქმედი თუ ყოფილი წევრების მხრიდან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი გზავნილებისა და ზოგჯერ მკაფიოდ ანტი-დასავლური განცხადებების გავრცელება, რაც, ირიბად თუ პირდაპირ, კრემლის პროპაგანდის მიზნებს ემსახურება“, – აცხადებენ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“.
IDFI-ის კვლევაში ნათქვამია,რომ დასავლურ კულტურასთან ქართული ტრადიციების შეუთავსებლობის მითს ასევე ავრცელებენ საქართველოს ეკლესიის კონსერვატიული ფრთის წარმომადგენლები.
„რთულია, დავადგინოთ ეკლესიის რა ნაწილს შეადგენს ეს ჯგუფი, თუმცა, საგულისხმოა, რომ ბევრი სასულიერო პირი ქადაგებაში ავითარებს მითს რუსეთთან ცივილური ერთობისა და დასავლეთთან იდეური თუ მორალური შეუთავსებლობის შესახებ. სასულიერო პირების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან კრემლის პროპაგანდისტული გზავნილების ირიბად თუ პირდაპირ გავრცელება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან ქართულ საზოგადოებაში ისინი მაღალი ნდობითა და გავლენით სარგებლობენ.
NDI-ის 2016 წლის ივნისის კვლევით ირკვევა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 35%-ის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მრევლის ან მღვდლის პოლიტიკურმა შეხედულებებმა“, -აცხადებენ IDFI-ში.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, IDFI-ის აზრით, კრემლის საინფორმაციო ომი ოფიციალურად უნდა განისაზღვროს საფრთხედ შესაბამის დოკუმენტებში. „ რუსეთის პროპაგანდასთან დაპირისპირებისთვის აუცილებელია მთავრობამ შეიმუშაოს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთიანი და ადეკვატური სტრატეგია; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) პროპაგანდასთან ბრძოლა უნდა გამოაცხადოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად; საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას დეზინფორმაციის ანალიზის, რეაგირებისა და პორპაგანდასთან ბრძოლის კოორდინაციის ჯგუფი; უნდა მომზადდეს ერთიანი გზავნილი ხელისუფლების მხრიდან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ; უნდა გაიზარდოს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტები; საქართველოს მთავრობამ მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით ხელი უნდა შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას; საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში“,-აცხადებენ IDFI-ში.