დავით უსუფაშვილმა აშშ-ის კონგრესის წევრებთან შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებთან დუნკან ჰანტერთან და მარკ სანფორდთან შეხვედრა გამართა.
კონგრესმენებმა დავით უსუფაშვილს საქართველოს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.
როგორც საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, საქართველო საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანას აქტიურად გააგრძელებს.
მხარეებმა რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და ამ მხრივ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს, ასევე, შეაფასეს ნატოს ვარშავის სამიტის შედეგები და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებიც.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში, ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის ერთსულოვნებაა. შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარებაც.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებთან შეხვედრას, დავით უსუფაშვილთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრები – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი და მეგობრობის ჯგუფის წევრი დავით დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები