პრემიერმა გარდაბანში თბოელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა

  დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აშენდება 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური. ეს უპრეცედენტო პროექტია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში თბოელექტროსადგურის მშენებლობის გახსნისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ახალ ეტაპად შეაფასა. “დღეს აქ, გარდაბანში, იწყება უმნიშვნელოვანესი მშენებლობა – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აშენდება 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური.
ეს არის უპრეცედენტო პროექტი – ასეთი დიდი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ახალ ეტაპად. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ენერგეტიკის განვითარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საქართველოს ეკონომიკური წინსვლისათვის, რაც ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის საწინდარია. საქართველოსთვის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებას, რასთანაც პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფოს უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა. სწორედ ამიტომ აქვს ამხელა მნიშვნელობა ისეთი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, რომელთაც დღეს ვუყრით საფუძველს. მოგეხსენებათ, ენერგეტიკა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც საჭიროა ეკონომიკური სტაბილურობისათვის და სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობებისთვის.
სწორედ ამიტომ, მინდა განსკუთრებით მივესალმო ამ პროექტის სულისჩამდგმელებს – საპარტნიორო ფონდს, „საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციას“, უმსხვილესი თურქული მშენებელი კომპანიის – „ჩალიკ ენერჯის“ წარმომადგენლებს და ყველას მადლობა გადავუხადო. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით განხორციელდება ეს პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 220 მილიონ დოლარს აღწევს“, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, სადგურის მშენებლობა 2015 წლის ბოლომდე დასრულდება და მშენებლობის პერიოდში 600-მდე ადამიანი დასაქმდება. “მინდა აქვე აღვნიშნო, რომ მშენებლობის პერიოდში დასაქმდება 600-მდე ადამიანი და მათი უდიდესი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. გარდაბნის სადგური აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, რაც ენერგოსისტემის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. ქვეყნის ენერგოსისტემისთვის ეს იქნება საიმედო რეზერვი და, ამასთან, იგი დამატებითი ელექტროენერგიით მოამარაგებს ადგილობრივ ბაზარს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის შექმნის შემთხვევაში, სადგური უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას. გარდაბნის თბოელექტროსადგური სერიოზული დასაყრდენი იქნება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. მინდა ყველას მივულოცო საქართველოსთვის სრულიად ინოვაციური პროექტის განხორციელების დაწყება. მინდა ყველას მივულოცო ეს წარმატება და განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლება, მეგობრების დახმარებით, ყველაფერს გააკეთებს ხალხის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მარიამ ზედგინიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები